თუ თქვენ ხმაური გინდათ და არ ჩერდებით, ხუთ ან ექვს კაცს დავიჭერ აკეთშიო. ეს კი არის კრიმინალური, არასერიოზული, არაკორექტული განცხადება. თუ შვიდი წლის განმავლობაში ხედავ, რომ აქ, ჩაის ფაბრიკაში, ხდება დანაშაულებრივი ქმედება და ახლა იმისთვის იყენებ, რომ დააშინო ხალხი, ეს შანტაჟია! სოფელში ყველა ერთმანეთის ნათესავია. ასეთ განცხადებას რომ აკეთებ, სად იყავი მაშინ, თუ ასეთი რამ ხდებოდა?!” _ გვითხრა აკეთის ერთ-ერთმა მცხოვრებმა, რომელიც გასაგები მიზეზების გამო, ვინაობის გამხელას ერიდება.
თავად გიორგი გოგუაძე კი ამბობს, რომ მსგავსი რამ არასდროს ყოფილა.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ისტორიული სოფლის _ აკეთის მოსახლეობა დღემდე ამაყობდა საკუთარი სიმდიდრით _ გიგანტური ჩაის ფაბრიკით, რომელიც უკვე დანგრეული და მიწასთან გასწორებულია. ეს სოფელი მაღალი მიგრაციით გამოირჩევა. აქაურების თქმით, დღეს სოფელში სახლების 30% დაკეტილია, მიტოვებულია, ან იყიდება. ხალხი თბილისში, თურქეთშია წასული, რადგან უმუშევრობა ყველაზე მძიმე პრობლემად აწევს სოფელს.
გარდა ჩაის ფაბრიკისა, აკეთი დასავლეთ საქართველოში ყველაზე პოპულარული კერამიკით _ ქვევრით, კრამიტით, ჭურით იყო ცნობილი. კერამიკული ქარხანაც მოსახლეობისგან ფარულად გაიყიდა. მოსახლეობა ირწმუნება, რომ “აქაური კერამიკული ქარხნის დანადგარები პრეზიდენტის მიერ დვაბზუში ხუთჯერ გახსნილ კერამიკის ქარხანაში წაიღეს და არის ახლა უმოქმედოდ. ფაქტობრივად, ჩვენი სოფელი გაკოტრდა. ახლა კი ხედავთ, ამ ჩაის ფაბრიკასაც რა უქნეს. სოფელს ყოველგვარი პერსპექტივა დაეკარგა”, _ წუხან სოფლის მცხოვრებნი და არაფრის იმედი აღარ აქვთ.
_ 28 ათასი ლარი დაიხარჯა აკეთში წყლის გამოყვანისთვის, ბოლომდე მაინც არ დაამთავრეს. ორი ცისტერნა უნდა დაედგათ, მაგრამ ერთი დადგეს. ავაწრიალეთ ყველა, ვუთხარით გამგებელს, დეპუტატმა გაგვიკეთა პროექტი და გამოგვიყო თანხა, რომელიც დაიხარჯა, მაგრამ გაკეთებული არაფერია. წყლის სათავეზე რაც უნდა გაკეთებულიყო, მესამედიც არ შესრულებულა. მილების ჩასაწყობი არხი 40 სანტიმეტრზე უნდა ამოღებულიყო, თუმცა 20 სანტიმეტრზე თუ არის მოთხრილი. ხომ იყო ხარჯთაღიცხვა? რომ აღწერონ, ნახევარი თანხა თუ იქნება დახარჯული, დანარჩენი კი ჯიბეშია წასული.
_ პრობლემაა დანგრეული გზა. ჩვენთან გაზის ცენტრალური მილი სოფელში გადის, თუმცა ჩვენთვის არაა. ყველაფერს დაგპირდებიან საარჩევნოდ და მერე არაფერი. ახლაც დაგვპირდა გამგებელი.
_ ყველა ამ გზით დადის, აქ კიდევ არა უშავს, იქეთ რომ ჩახვიდეთ, მთლად საშინელი მდგომარეობაა. ვერ გაივლი გზაზე. ერთ მანქანა ხრეშს არ დაყრიან. დაანგრიეს ამხელა ფაბრიკა, სოფელს კი ერთი ტრაქტორიც არ აქვს. საყანე ფართობი წყალს მიაქვს. ერთი ტრაქტორი რომ გამოეყოთ ჩვენთვის, არ იყო სოფელი ამის ღირსი?
_ თუ გაეცანით სოფლის დახმარების პროგრამას?
_კი, ბატონო, ჩაატარეს კრება. რამდენჯერ გამოგვკითხეს, მაგრამ რა?! საყანე ფართობი მომავალში, ალბათ, არ გვექნება. ნახევარზე მეტი წყალმა წაიღო. არაფერი არ გაკეთებულა სოფლის მხარდამჭერი პროგრამით. ისე განაწყებულია ხალხი, არა მგონია, რომ აქედან მმართველმა ძალამ ხმა მიიღოს. ახლა, კიდევ ამხელა გიგანტი ფაბრიკა დაშალეს…
_ 2050 წლამდე ჰქონდა ამ ფაბრიკას ვადა. შლიან და ანგრევენ, იმის ნაცვლად, რომ ხალხი დაასაქმონ, _ ამბობს შეწუხებული მოსახლეობა და ძველ დროს იხსენებენ, როცა გია გოგუაძე სააკაშვილის ოპოზიციად ითვლებოდა: _ გია გოგუაძემ, “ვარდების რევოლუციის” წინა პერიოდში, ცხვირ-პირი დაამტვრია სააკაშვილის ხალხს. ზუსტად ორ თვეში სააკაშვილი პრეზიდენტი გახდა. პირდაპირ აგინებდა სააკაშვილს და საინტერესოა, როგორ გახდა ლანჩხუთის გამგებელი?! ჩამოვიდა გუბერნატორად ნიკოლაიშვილი, მან დაპატიჟა გოგუაძე, არჩევნები მოიგო და დააწინაურეს. ხმებია მთავარი, მაგათ მეტი რა უნდათ? გოგუაძემ, იცით, რა უქნა მაჟორიტარ არკადი ჩხაიძეს? უთხრა, იმუშავე არჩევნებზე, მომიტანე ხმები და მე აგერ ვარო. მთელი ღამე გაათენებინა არჩევნების დროს, არბენინა, ახლა კი გაუშვა სამსახურიდან, მოიშორა.
აკეთის მოსახლეობის მიერ გაკეთებული განცხადებების გადასამოწმებლად “გურია ნიუსი” ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელს, გიორგი გოგუაძეს ტელეფონით დაუკავშირდა.
_ ბატონო გიორგი, სოფელ აკეთში მცხოვრებლებმა გვითხრეს, რომ ჩაის ფაბრიკასთან დაკავშირებით, მოსახლეობის ხმაურის შესაჩერებლად, ხუთი-ექვსი კაცის დაჭერით დაემუქრეთ, რამდენად შეესაბამება ეს ინფორმაცია სიმართლეს?
_ შეგიძლიათ, მითხრათ, ვინ მოგცათ ეს ინფორმაცია?
_ სამწუხაროდ, ბატონო გიორგი, ჩვენ ამის უფლება არ გვაქვს.
_ აა, წყაროს ვერ გვეტყვით, ხომ? მაშინ მე გეტყვით, რომ არ ყოფილა ასეთი შემთხვევა, სისულელეა. ჯერ ერთი, ის პიროვნება არ ვარ, ასეთი განცხადებები ვაკეთო; მით უფრო, რომ აკეთი ჩემი სოფელია.
_ მაშინ გვესაუბრეთ აკეთში არსებული პრობლემების შესახებ _ წყლის პროექტზე, ჩაის ფაბრიკასთან დაკავშირებით ატეხილ სკანდალზე, მოუწესრიგებელ გზებზე. უამრავი პრობლემის არსებობის გამო, მოსახლეობა განაწყენებულია.
_ როგორც ვიცი, წყლის პრობლემა გამოსწორდა. შეხვედრაც მქონდა მოსახლეობასთან ამის თაობაზე. რაც შეეხება ჩაის ფაბრიკას, იქაც კანონის სრული დაცვით მოხდა ყველაფერი, კანონიერად გაყიდა ეკონომიკის სამინისტრომ. გზებთან დაკავშირებითაც ვიცი, რა პრობლემებიცაა სოფელში. ძირითადად, სოფელი ჭანჭათია პრობლემური, მოგვარდება და მოწესრიგდება ყველაფერი.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აკეთის რწმუნებული, გიორგი მორჩილაძე “გურია ნიუსთან” საუბარში ჩაის ფაბრიკის გაყიდვის მიზეზებზე საუბრობს:
_ ფაბრიკას 135 000 ლარი დაედო ვალი ერთ-ერთი დირექტორის დროს. თუმცა, ზოგადად, იმდენად რთული პროცესები განვითარდა, ვერც პროკურატურამ გაარკვია. მერე პროცენტებით ავიდა 1 200 000 ლარზე. დააყადაღა სახელმწიფომ, წაიღო ქონება და გაყიდა ეკონომიკის სამინისტრომ. ჩვენი სოფლის ყველაზე დიდი პრობლემა მართლაც ამ ჩაის ფაბრიკის დაშლა და გაყიდვაა. თუმცა, უკვე დაშლილია და რა უნდა ქნა?! არის რაღაც დაპირებები, მოსახლეობას კომპენსაციის სახით ჰპირდებიან გაზის შემოყვანას.
მოსახლეობის საყანე ფართობების ნაწილი წყალმა წაიღო; სამინისტროდან იყვნენ ჩამოსულები, დაგვპირდნენ მდინარის კალაპოტის გასწორხაზოვნებას და ვიმედოვნებ, რომ გააკეთებენ აუცილებლად. ახალი ამბულატორიებიც აშენდება… ასეთი შეპირებებია და მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი გაკეთდება. მოსაწესრიგებელია შიდა გზებიც.. წყალს რაც შეეხება, რაც თანხა გამოიყო, შესაბამისადაა ყველაფერი გაკეთებული. დებეტი არ ყოფნის და ვერ დაუმატებენ ვერანაირად. იყო რაღაც პრობლემები და მერე გამოსწორდა, ახლა ჩვეულებრივად მიეწოდებათ. ერთ დღეს აქვს ერთ კუთხეს წყალი, მეორე დღეს _ მეორეს. ხალხმა თავიდან შეხედა პრობლემურად ამ საკითხს. თუმცა, აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ ეს წყალი სასმელად მაინც არ გამოდგება, ტექნიკური წყალია და სასმელი წყლის პრობლემა ნამდვილად რჩება. გაკეთდება შიდა გზებიც და თვითონ მაგისტრალიც, ოღონდ ხრეშოვანი მასალით.
აკეთში 960 კომლია აღრიცხული, თუმცა მოქმედი _ 667 კომლია. სოფლის თემში შედის ქვემო აკეთი, ზემო აკეთი და ჭანჭათი. მიგრაცია ყველა სოფელში და სამწუხაროდ, ჩვენთანაცაა. ვიცით, დასაქმებაც როგორი მწვავე პრობლემაა.
_ სოფლის პროგრამით რა გააკეთეთ?
_ ქვემო აკეთში 2 კილომეტრზე შემოვღობეთ საყანე ფართობები, გავაკეთეთ ორი მოსაცდელი, ჭანჭათში გამოვცვალეთ წყლის მაგისტრალი. ზემო აკეთში გამოვიყვანეთ წყალი 15 ოჯახისთვის, ასევე სკოლას გამოვუყვანეთ წყალი, რადგან ბავშვებს სახლიდან მიჰქონდათ სასმელი წყალი. მოვხრეშეთ შიდა გზა 1 კილომეტრსა და 700 მეტრ მანძილზე. მომავალშიც ბევრს ვიმუშავებთ, ერთბაშად არ ხდება ყველაფრის გაკეთება.