ნანული ჩავლეიშვილი ყველა ლანჩხუთელისთვის კარგად იყო ცნობილი. იგი 1941 წელს დაიბადა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსაში; მუსიკალური განათლება ბათუმის კულტსაგანმანათლებლო სასწავლებელში მიიღო, სადაც სადირიჟორო ფაკულტეტზე სწავლობდა. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მშობლიურ სოფელში დაბრუნდა. ამ პერიოდში მისი ძმა, ნიკოლოზ ჩავლეიშვილი ლანჩხუთში რამდენიმე საგუნდო კოლექტივს ხელმძღვანელობდა. სოფელში დაბრუნების შემდეგ, ქალბატონი ნანული, ძმასთან ერთად, შეუდგა პედაგოგიურ მოღვაწეობას. მან მალე დაიმსახურა ლანჩხუთელების დიდი სიყვარული და წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა ანსამბლს.
გასული საუკუნის 70-იან წლებში, ლანჩხუთის კულტურის სახლში ჩამოყალიბდა ანსამბლი “იმედი”. მომღერალ ბიჭუნათა გუნდს ნანული ჩავლეიშვილი ჩაუდგა სათავეში.
_ ნანული მასწავლებელი არაჩვეულებრივი პედაგოგი იყო. სამგზის ლაურეატები გავხდით. თამამად შეგვიძლია, ვთქვათ, რომ საქართველოში იმ დროს ჩვენი კონკურენტი მხოლოდ “მართვე” იყო, _ იგონებენ ანსამბლის ყოფილი წევრები.
პარალელურად, ქალბატონი ნანული მუსიკის პედაგოგად მუშაობდა ლანჩხუთის პირველ საშუალო სკოლაში. მას ჰყავდა 150 ბავშვისგან შემდგარი გუნდი. მისი დამსახურებით სკოლას მიღებული აქვს ვერცხლისა და ოქროს მედლები, პირველი ხარისხის დიპლომები. სკოლამ რამდენჯერმე მოუწყო მას შეხვედრა, გადაუხადა იუბილე.
ნანული ჩავლეიშვილი სიცოცხლის ბოლო წლებში ლანჩხუთის კულტურის სახლის დირექტორად მუშაობდა. ამ სამსახურის დატოვების შემდეგ, მან მოღვაწეობა გააგრძელა ლანჩხუთის მუსიკალურ სკოლაში გუნდის ხელმძღვანელად. ჩავლეიშვილმა დიდი წვლილი შეიტანა სუფსის საჯარო სკოლის სიმღერის გუნდის ჩამოყალიბებაშიც.