როგორც ჩვენი წყარო ამბობს, გურიის სამხარეო სამმართველოს ლანჩხუთის პოლიციის უფროსის ადგილს ხარაგაულის პოლიციის ყოფილი უფროსი, დათო კაპანაძე დაიკავებს, რომელიც ახლა ურეკის განყოფილების უფროსად მუშაობს _ ის დავით ცირეკიძის კადრია. წყაროს ინფორმაციით, კაპანაძეს ურეკის განყოფილების უფროსის პოსტზე დარჩენა არ სურდა იმ მიზეზით, რომ ურეკში გახშირებული ქურდობაა და იხვეწებოდა, აქედან წამიყვანეთო. _ თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ დავით კაპანაძეს, თურმე, ხარაგაულში პოლიციის უფროსის პოსტზე მუშაობისას, ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, სერიოზული პრობლემა ჰქონდა, რის გამოც საყვედური აქვს პირად საქმეში მიღებული და როგორ უნდა დანიშნონო? _ ამბობს ჩვენი წყარო.
იმავე წყაროს ინფორმაციით, ურეკის განყოფილების უფროსად დავით ცირეკიძის კადრი, წყალტუბოს პოლიციის რაიონული სამმართველოს ყოფილი უფროსი, ბიჭია ჩხაიძე დაინიშნება, რომელიც ამ ბოლოს, გურიის სამხარეო მთავარ სამმართველოში უბნის ინსპექტორად მუშაობს. აღსანიშნავია, რომ ჩხაიძე წყალტუბოს პოლიციის უფროსის პოსტიდან იმერეთში ნარკოკარტელების აღმოჩენის შემდეგ მოხსნეს. მაშინ თანამდებობიდან გაათავისუფლეს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დასავლეთ საქართველოს რეგიონული სამმართველოს უფროსი, კოტე არჩაია, სოდ-ის ქუთაისის განყოფილების უფროსი, ბაქარ ბაბუხადია და არჩაიას მოადგილე, შალვა ბოლქვაძეც.
ლანჩხუთის პოლიციის სამმართველოს უბნის რწმუნებულის განყოფილების უფროსად ბესო ბრეგაძე დაინიშნება. აქამდე აღნიშნულ თანამდებობაზე ამ მოვალეობას, წარმოშობით ლანჩხუთელი, გიორგი გიგინეიშვილი ასრულებდა. სწორედ ის უნდა დანიშნულიყო უფროსად, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ცირეკიძისთვის, გასაგები მიზეზების გამო, იმერელი მეგობარი უფრო მისაღები გახდა და გიგინეიშვილი გვერდზე “გააჩოჩა”. ალბათ, გიგინეიშვილი მთლად “უსკამოდ” არ დარჩება, მაგრამ ფაქტია, რომ გურიაში, პოლიციის სამმართველოები “იმერული კადრებით” გაივსო.
გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს კადრების განყოფილების უფროსი, ხათუნა ჭანუყვაძე დააქვეითეს და პოლიციაში ბუღალტრის თანამდებობაზე გადაიყვანეს. მის ადგილზე თეა ურუშაძე დაინიშნა, რომელიც მანამდე ოზურგეთის რაიონული პოლიციის სამმართველოს უბნის რწმუნებული იყო.
ლანჩხუთის პოლიციის სამმართველოს უკვე ყოფილი უფროსი, გივი გეგიაძე დააქვეითეს და ჩოხატაურის რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწედ გადაიყვანეს.
წყაროს ინფორმაციით, გეგიაძის დაქვეითების მიზეზი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეებთან სუფრაზე მომხდარი ინციდენტი გახდა, სადაც გეგიაძესა და საჯარო მოხელეებს შორის ჩხუბი მომხდარა, გეგიაძეს “გაუსვრია”, რის შესახებაც შ.ს. სამინისტროში იმ ღამესვე გაუგიათ.
ლანჩხუთის პოლიციის სამმართველოში გივი გეგიაძის ყოფნის დროს, ბევრი სკანდალური ფაქტი მოხდა, რაზეც “გურია ნიუსი” ხშირად წერდა. გიგიაძის პოლიცმაისტერობის დროს, ლანჩხუთში შსს მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მიერ, პოლიციის ახალი შენობის გახსნის დღეს, რესტორან “ბაბუნაში” ბანკეტი გაიმართა, სადაც ადგილობრივი სამართალდამცველები, ქეიფის დროს, გვარიანად შეზარხოშდნენ. თუმცა, როგორც “გურია ნიუსს” წყარომ აცნობა, ადგილობრივი პოლიციის ორმა ცნობილმა სახემ “ბაბუნადან” გამოსვლის შემდეგ, პოლიციის აწ უკვე ყოფილი შენობის გვერდით, “ტაოპრივატბანკის” უკანა მხარეს, ერთმანეთს “საქმის გარჩევა” დაუწყეს. როგორც ამბობენ, მათ ერთმანეთი დაუნდობლად სცემეს, რის ნაკვალევიც მეორე დღეს ორივეს ემჩნეოდა. მეტიც, გავრცელდა ინფორმაცია, რომ კონფლიქტი რესტორანშიც მოხდა და გივი გეგიაძემ “ჰალსტუხით ითრია” ახალგაზრდა თანამშრომელი.
ხმაურიანი სკანდალები ამით არ ამოწურულა _ იმავე დღეს, გვიან ღამით გატეხეს მაღაზია “იმედი”, საიდანაც გაიტაცეს ვიტრინაში არსებული ნივთები. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ აღნიშნული მაღაზია პოლიციის ახალგახსნილი, შუშებიანი შენობის გვერდით, სულ რაღაც, ოციოდ მეტრში მდებარეობს.
ლანჩხუთის პოლიციის აწ უკვე ყოფილ შენობაზე ტრაილერით დაჯახებაც გიგიაძის უფროსობის პერიოდს უკავშირდება. “გურია ნიუსი” უკვე წერდა ამ ინციდენტის შესახებ.
კიდევ ერთი ფაქტი, რის გამოც შეიძლებოდა, რომ გივი გეგიაძე გაეთავისუფლებინათ, ჩვენი მკითხველისთვის კარგად ნაცნობია _ “თავისუფალი დემოკრატების” ლანჩხუთის ორგანიზაციის თავმჯდომარე, ელგუჯა ჩხაიძე სამართალდამცავებმა დააკავეს, თუმცა, მეორე დღესვე, სასამართლო დარბაზიდან, გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ასე რომ, ოპერაცია _ “ბუდეში დადებული მჭიდი,” ზემდგომიდან დაგეგმილი და შეკვეთილი უნდა ყოფილიყო, მაგრამ “პროფესიულ დონეზე” ვერ შესრულდა და “ჩავარდა”. როგორც წესი, ასეთ ფაქტებს, უფრო დაბალი რანგის ძალოვნები ეწირებიან და ლანჩხუთის პოლიციის სამმართველოს უბნის რწმუნებულების განყოფილების უფროსი, ლაშა ქირია შეეწირა კიდეც.
საკადრო ცვლილების შესახებ კომენტარისთვის, “გურია ნიუსი” შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარა-გურიის პრესსამსახურის უფროსს, მაია გიორგაძეს დაუკავშირდა: _ გარკვეული მიზეზების გამო, თბილისში ვიმყოფები. კომენტარებს მე არ ვაკეთებ, დაუკავშირდით ზურა გვენეტაძეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა, ზურაბ გვენეტაძემ, როგორც ყოველთვის, სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.