რამდენიმე საათია, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში მოქალაქეთა დაკითხვის პროცესი გრძელდება. ჟურნალისტებს კი მთელი დღის განმავლობაში შენობაში შესვლის უფლებას უზღუდავენ.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის გადადების მიზეზი კონტროლის პალატის წარმომადგენლების ქმედებებია. “გურია ნიუსის” კორესპონდენტი გიორგი გირკელიძე, რომელიც ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფება, ამბობს, რომ მასთან საუბარში ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პრესსამსახურმა დაადასტურა დღეს ჩანიშნული საკრებულოს სხდომის გადადება, თუმცა, ამის ოფიციალური მიზეზი არ დაუკონკრეტებია.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შენობაში “გურია ნიუსის” ჟურნალისტებს ამ დრომდე არ უშვებენ. დაცვის მხრიდან ასეთ ქმედებას იურისტი თამარ კორძაია კანონსაწინააღმდეგო ქმედებად აფასებს: “ეს ცალსახად უკანონობაა, მთელი ეს პროცესი არღვევს ჟურნალისტთა უფლებებს. ადმინისტრაციული წარმოება არის ღია პროცესი და მასში მონაწილეობის მიღება შეუძლია დაინტერესებულ პირებს. ეს არ არის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული ღონისძიება, რომელსაც არ უნდა დაესწროს არავინ, დასაკითხი პირისა და ადვოკატის გარდა. თუ არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, მაშინ ჟურნალისტები უნდა დაუშვან, მით უფრო, თუ ამის წინააღმდეგი არ არის ის პირი, ვინც დაბარებულია კონტროლის პალატის მიერ გასაუბრებაზე. ჟურნალისტებს დამაჯერებლად უნდა დაუსაბუთონ პროცესის ასე გასაიდუმლოების კანონიერება, რასაც, ჯერჯერობით, ადგილი არ აქვს და არავინ არ ასაბუთებს ჟურნალისტების შენობაში არშეშვების კანონიერებას”, _ გვითხრა თამარ კორძაიამ.
არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველო _ კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრი” გმობს კონტროლის პალატის უკანონო და გაუაზრებელ ქმედებებს: “კონტროლის პალატა მიზანმიმართულად ეწევა მოქალაქეების დაშინებას და პირდაპირ გამიზნულად უზღუდავს მოქალაქეებს რაიმე სახის აქტივობას ოპოზიციურ პარტიებში, რაც დემოკრატიულ პრინციპებს აკნინებს ქართულ საზოგადოებაში. მოვუწოდებ კონტროლის პალატის წარმომადგენლებს, კარგად ჩაიხედონ საკუთარ ფუნქციებში, პირველ რიგში, გადახედონ სახელმწიფო საბიუჯეტო სახსრების გაუაზრებელ ხარჯვას”, _ ასეთ განცხადებას სოციალური ქსელის მეშვეობით აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაციის თავმჯდომარე მერაბ ღოღობერიძე ავრცელებს.