გიორგი შათირიშვილი და მისი მეუღლე, ფიქრია გიორგაძე კონტროლის პალატას, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადმინისტრაციულ შენობაში, ერთ საათზე მეტია, დაკითხვაზე ჰყავთ. ორივე მათგანი დაცვის პოლიციამ გამოიძახა, თუმცა, შენობაში ადვოკატებს არ შეახვედრეს.
როგორც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატმა გია ქარცივაძემ გვითხრა, მათ გიორგაძე და შათირიშვილი არ შეახვედრეს: _ დაცვის თანამშრომელმა, სიტყვიერად გვითხრა, რომ ორივე მათგანი უარს აცხადებს ადვოკატის მომსახურებაზე, თუმცა დაკითხვის ოთახში შესვლის უფლება არ მოგვცეს და შესაბამისად, არ ვიცი, ეს მათი პასუხი იყო თუ იმ ადამიანის, რომელიც დაკითხვას აწარმოებს, _ გვითხრა ქარცივაძემ.
ადვოკატები “გურია ნიუსთან” იმ დეტალებზე საუბრობენ, რაც დაკითხვის ოთახში შესვლამდე ხდება. მათი თქმით, დაცვის თანამშრომლებმა მათ ტანსაცმლის და ფეხსაცმლის გახდა მოსთხოვეს. გია ქარცივაძის თქმით, ჰქონდათ მცდელობა მისთვის შარვალი გაეხადათ, თუმცა, ის ამაზე არ დათანხმდა.
აღსანიშნავია, რომ დაკითხვა გამგეობის შენობაში მიმდინარეობს და იქ შემსვლელების საფუძვლიან შემოწმებას სახელმწიფო დაცვის ის თანამშრომლები ახორციელებენ, რომლებსაც შენობების დაცვა ევალებათ.
როგორც გავარკვიეთ, რამდენიმე დაცვის თანამშრომელი ოზურგეთიდან ჰყავთ მოყვანილი.
გამგეობის შენობას უკვე რამდენიმე საათია პატრულირებას უწევენ გურიის სამხრეო სამმართველოს უფროსის და ოზურგეთის პოლიციის სამმართველოს ავტომანქანები. ისინი დაახლოებით ყოველ 10 წუთში, შენობას წრეს არტყამენ და მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ ადამიანებს ათვალიერებენ.