ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის უფროსად, სოფელ გოგოლესუბნის რწმუნებული, აკაკი ყაჭეიშვილი დაინიშნა. გამგეობის პრესსამსახურის ხელმძღვანელის, თეონა ჩიგოგიძის თქმით, ყაჭეიშვილი გოგოლესუბნის რწმუნებულად 2007 წლის თებერვლიდან დღემდე მუშაობდა. რაც შეეხება მის პროფესიას, ამის შესახებ ჩიგოგიძეს ინფორმაცია არ აქვს:
_ ავტობიოგრაფიაში არ არის მითითებული, რა სპეციალობისაა აკაკი ყაჭეიშვილი და რა დაამთავრა, _ გვითხრა ჩიგოგიძემ.
სპეციალობას არც აკაკი ყაჭეიშვილი ამხელს და ჩვენთან სატელეფონო საუბარში ამბობს, რომ ამისთვის მისი პირადი საქმე უნდა მოვიძიოთ:
_ პრესსამსახურს აქვს ჩემზე ინფორმაცია.
_ რამდენიმე წუთის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა გვითხრა, რომ თქვენს ბიოგრაფიაში არ არის მითითებული, რა სპეციალობის ბრძანდებით. კომენტარს არ გთხოვთ _ მხოლოდ ის გვითხარით, რომელი სასწავლებელი დაამთავრეთ და რა სპეციალობა გაქვთ.
_ ეგ არის ჩემს პირად საქმეში და შეგიძლიათ ის ნახოთ (?!), _ გვითხრა ყაჭეიშვილმა.
რაც შეეხება ყაჭეიშვილის შემცვლელს, როგორც გავიგეთ, ის დათო სიხარულიძე იქნება, რომელიც კომპანია “სილქნეტის” ჩოხატაურის ფილიალში მუშაობდა.
გამგეობის პრესსამსახურის ხელმძღვანელს არც სიხარულიძის ბიოგრაფიული მონაცემები აღმოაჩნდა: _ არანაირი ინფორმაცია არ მაქვს დავით სიხარულიძეზე. მისი ბიოგრაფია ჩვენთან არ არის, _ აღნიშნა თეონა ჩიგოგიძემ.