“გურია ნიუსის” ჟურნალისტს, ნატო გოგელიას, გუშინ ტელეფონით აცნობეს, რომ ოთხშაბათს ჩოხატაურის პოლიციის სამმართველოში იყო დაბარებული. თუმცა, როგორც დღეს გაირკვა, მას პოლიციაში მისვლა ჯერჯერობით არ მოუხდება:
_ ვიღაცამ დარეკა და მითხრა, რომ ოთხშაბათს პოლიციაში მივსულიყავი. ვთხოვე, რომ ოფიციალური უწყება გამოეგზავნათ. დეტალებში გასარკვევად კი, დღეს გურიის სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსს, დავით ცირეკიძეს დავუკავშირდი. ცირეკიძესთან საუბრიდან რამდენიმე წუთში დამიკავშირდა, ჩოხატაურის პოლიციის სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების უფროსი, თედო ჭანუყვაძე და მითხრა, რომ პოლიციაში დაბარებული არ ვარ. ჭანუყვაძის განმარტებით, გადაამოწმა და არც ერთ გამომძიებელს ჩემთან არ დაურეკავს. მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუკი ჩემს მიერ შეტანილ საჩივარზე, რომელიც პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლას ეხება, საქმე აღიძვრება, პოლიცია ოფიციალურ უწყებას გამომიგზავნის, _ ამბობს გოგელია.