ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში მხოლოდ ის მოქალაქეები შედიან პრობლემების გარეშე, რომლებიც კონტროლის პალატაში არიან დაბარებულები. ასევე ის საჯარო მოხელეები, რომლებიც ადმინისტრაციულ ორგანოში მუშაობენ. დაცვა 24 საათის განმავლობაში ადგილზეა და უმთავრეს მოთხოვნას ასრულებს _ ჟურნალისტები არ უნდა შევიდეს შენობაში, ესეც დემოკრატიის “ახალი ტალღა” ოზურგეთში. როგორც “გურია ნიუსი” წერს, მსგავსი სიტუაციაა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტშიც.
19 მარტს, ორშაბათს დაკითხვების სერია გაგრძელდა, ამჯერად ხუთი ლანჩხუთელი ოპოზიციონერი და ერთი ოზურგეთელი, “რესპუბლიკური პარტიის” მხარდამჭერს ჩამოერთვა ახსნა-განმარტება. როგორც მათ გვითხრეს, ოთახში სადაც დაკითხვა მიმდინარეობს ჩხრეკის გარეშე არავის უშვებენ.
პირველი “თავისუფალი დემოკრატების” ლანჩხუთის ორგანიზაციის საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი ელგუჯა ჩხაიძე დაიკითხა, რომელიც 40 წუთის განმავლობაში აძლევდა ახსნა-განმარტებას კონტროლის პალატის თანამშრომლებს. ჩხაიძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი წერილობით აცნობა კონტროლის პალატას და ამის გამო თბილისში იმყოფებოდა, მაინც მოუწია დაკითხვაზე მისვლა, ამჯერად ოზურგეთში.
_ შენობაში უამრავი დაცვის პოლიციის თანამშრომლებია, როგორც კი მესამე სართულზე მოხვდებით, ხელით მიმდინარეობს ჩხრეკა. დიდი მცდელობის მიუხედავად, ტელეფონი არ შემატანინეს, მხოლოდ სათვალის შეტანის უფლება დამრთეს. დღეს უფრო კორექტურები იყვნენ. მე, არაფერი მქონდა დასამალი, პარტიული საქმიანობის საქმის გახორციელებისთვის 1000 ლარი მივიღე, 9000 კილომეტრი მაქვს მანქანით გავლილი და დაიხარჯა ეს თანხა.
_ ბატონო ელგუჯა, კონკრეტულად ვინ იყო ის ადამიანი, რომელიც დაკითხვას აწარმოებდა?
_ საბუთი არავის წარმოუდგენია. ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით მისვამდნენ შეკითხვებს. მას ჩემთვის არ უთქვამს ვინ იყო.
“რესპუბლიკელის” რომან ბიწაძის თქმით, დაკითხვას მამუკა ფიფია აწარმოებდა ანუ ცნობილი გახდა, რომ გაგა ჩანქსელიანმა და კახა საჯაიამ ან ტაიმ-აუტი აიღეს, ან კიდევ გურია დატოვეს, შესაძლოა დაატოვებინეს.
რომან ბიწაძე: შესვლამდე, ძალიან უცნაური რამ ვნახეთ, თქვენც იყავით, რა მდგომარეობაში იყვნენ, როდესაც ჟურნალისტების შესვლა მოვითხოვე და მათ უარი გვითხრეს. ოთახში შესვლამდე სამი დაცვის პოლიციის თანამშრომელი შემხვდა, ერთი მანდილოსანი იყო, ბოდიში მომიხადეს, რომ ნივთები უნდა დამეტოვებინა. მე, მათ ვუთხარი, რატომ უნდა დავტოვო ნივთი, რა ვქნათ, ასეთი არის დავალება და ჩვენ ვასრულებთო. ბატონი ბეჟაშვილი გამოვიდა სატელევიზიო ეთერით, საჯაროდ განაცხადა, ჩვენ არა გვაქვს აუდიო და ვიდეო ჩანაწერების გაკეთების საშუალება და ამ ეტაპზე ბოდიშს ვიხდითო, სწორედ წესი და კანონი ამას ითვალისწინებს და ეს უნდა კეთდებოდეს, ვერ მოვახერხეთო, ამის სახსრები არ გვქონდაო, აქედან გამომდინარე, მზად მოვედი, ჩემი მობილური კარგად იწერს და დიდხანს, მაგრამ ეს არ მოხერხდა. რაც შეეხება დაკითხვას, ოთახში ორნი ვიყავით, რაიმე ისეთი კონკრეტული კითხვები არ იყო, მკითხეს რომელი წლიდან ვარ პარტიის წევრი და ამ წლების მანძილზე მიმიღია თუ არა ფულადი გასამჯელო პარტიიდან. მათთვის არც დამიმალავს, გასული წლის დეკემბრის თვეში მივიღე რამდენჯერმე ანაზღაურება, რომელზეც არსებობს მომსახურეობის შრომითი ხელშეკრულება. ეს თანხები ჩამერიცხა ბანკში, დასამალი აქ არაფერია, სულ ავიღე 1491 ლარი.
_ რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში ასეთი კომენტარი გააკეთეთ: მე ალბათ, არც პოლიციაში დამიძახებენ, საბიუჯეტო საკითხები მტკივნეულია ადგილობრივი მთავრობისთვის, რომელზედაც დიდი სიამოვნებით ვისაუბრებ. ამით რის თქმა გინდოდათ?
_ გაკეთებული ვნახოთ რა არის ლანჩხუთში და გახარჯული რა არის, ფაქტი სახეზე იქნება. სხვათაშორის ამ თემაზე ვესაუბრე ბატონ მამუკა ფიფიას, მაინცადამაინც კარგად არ შეხვდა ამ ამბავს, არც აღფრთოვანება გამოუხატია და დაიბნა კიდეც.
ენვერ ანდღულაძე, “რესპუბლიკური პარტია”: _ არანაირი თანხა არ ამიღია, ერთს, ხუთს, ათ გაზეთს ვურიგებ ჩემი მოსახლეობას.
_ არც, ბიძინა ივანიშვილის და მისი მეუღლის ეკატერინე ხვედელიძის მოქალაქეობის აღგენასთან დაკავშირებითაც არ მიგიღიათ მონაწილეობა?
_ ოჯახის წევრებმა ყველა მოვაწერეთ ხელი.
_ რა ხდებობა “დაკითხვის ოთახში”?
_ მითხრეს, შემოწირულობა ხომ არ გაუკეთე პარტიას, რაიმე სამუშაო თუ შეასრულე და თანხა თუ აგინაზღაურეს.
გელა ადეიშვილი, “თავისუფალი დემოკრატები” _ ძირითადად ფინანსურ საქმიანობაზე იყო კითხვები, თანხა ხომ არ გადამირიცხავს პარტიისთვის. მე, არც ხელმოწერაში და არც გაზეთის გავრცელებაში არ მიმიღია მონაწილეობა. აქ ჩემი დაბარების მიზეზი ის არის, რომ მე, ვმონაწილეობდი 2010 წლის თვითმმართველობის არჩევნებში “თავისუფალი დემოკრატების” მხრიდან, როგორც სადეპუტატო კანდიდატი.
მისივე თქმით, ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია.
ავთანდილ სურმანიძე, “თავისუფალი დემოკრატები: _ კონკრეტულად აინტერესებდათ მაფინანსებდა თუ არა პარტია. მშვიდად მიმდინარეობდა ახსნა-განმარტების ჩამორთმევის პროცესი.
დაკითხვა საღამოს 18:00 საათზე დასრულდა. ამ ეტაპზე არ არის ცნობილი გააგრძელებს თუ არა ოპოზიციონერების მასობრივ დაკითხვას კონტროლის პალატა ოზურგეთში.