“რამდენიმე დღის წინ მე გავაკეთე განცხადება იმის შესახებ, რომ სააკაშვილი დასავლეთ საქართველოში აქტიურად ქმნის შეიარაღებულ ფორმირებებს. არსებობს აბსოლუტურად საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს ფორმირებები იმიტომ იქმნება, განსხვავებულად მოაზროვნე პოლიტიკოსების, მათი მხარდამჭერების და აქტივისტების დევნა და დაშინება გააგრძელოს და საჭიროების შემთხვევაში, მათზე ფიზიკური ანგარიშსწორებაც განახორციელოს. მე მინდა გითხრათ, რომ ყოველთვის ვიყავი იქ, სადაც უჭირდა ჩემს ქვეყანას, მათ შორის, როდესაც აუცილებელი იყო, იარაღით ხელში.
მაგრამ დღიდან ჩემი პოლიტიკაში მოსვლისა, ჩემს თანაგუნდელებთან ერთად ვცდილობთ, საქართველოში დავამყაროთ მართლაც ისეთი პოლიტიკური კულტურა, რომელიც ხელისუფლების ცვლილებას მხოლოდ ერთადერთი გზით _ სამართლიანი არჩევნებით განახორციელებს,” _ ამ სიტყვებით დაიწყო დღევანდელი ბრიფინგი “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა ირაკლი ალასანიამ.
მისივე თქმით, მთავარი ცენტრი, სადაც ეს შეიარაღებული ფორმირებები იქმნება, “მისი მშობლიური კუთხე, სამეგრელოა”.
“გურია ნიუსი” ირაკლი ალასანიას განცხადებებთან დაკავშირებით სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორს, გურამ მესაბიშვილს დაუკავშირდა.
_ ბატონო გურამ, “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა და კოალიცია “ქართული ოცნების” წევრმა, ირაკლი ალასანიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სამეგრელოს რეგიონში რამდენიმე თვეა, რაც შეიარაღებული ფორმირებები ყალიბდება. თქვენ თუ ხართ საქმის კურსში ამასთან დაკავშირებით?
_ არავითარი ფორმირებები აქ არ იქმნება. აქ არის სახელმწიფო სტრუქტურაში მოქცეული ჩვეულებრივი რეზერვის სამსახურები, ზუსტად ისეთი, როგორიც სხვაგან არსებობს. წარმოდგენა არ მაქვს, რა ბანდფორმირებებს გულისხმობს ბატონი ირაკლი და ასეთ რაღაცეებზე საქმის კურსში არ ვარ. ასე რომ, მის პოზიციას ვერ ვიზიარებ და ვერაფერს ვიტყვი.
_ ირაკლი ალასანიას განცხადებით, ამ შეიარაღებული ფორმირებების მიზანია, წინასაარჩევნოდ განსხვავებულად მოაზროვნე პოლიტიკოსების, მათი მხარდამჭერებისა და აქტივივისტების დევნა და დაშინება გააგრძელოს და საჭიროების შემთხვევაში, მათი ფიზიკური ანგარიშწორებაც მოახდინოს.
_ არა, არა რა! ეგ ყველაფერი არის ზღაპარი! მსგავსი არაფერი არ ხდება, დამერწმუნეთ.
_ საკმაოდ სერიოზულ ფაქტებზე საუბრობდა ირაკლი ალასანია და თუ მსგავსი არაფერი ხდება, როგორ ფიქრობთ, რაში სჭირდება ასეთი განცხადების გაკეთება?
_ ვერ გეტყვით, რაში დაჭირდა. სამეგრელოში აბსოლუტური სიმშვიდეა, არავითარი მოლოდინი იმისა, რომ უაზრო რაღაცეები მოხდეს, არ არსებობს. ჩვენ ძველ დროში, რა თქმა უნდა, არ დავბრუნდებით. ამის არც სურვილი გვაქვს და არც არანაირი წინაპირობაა სამეგრელოში. ჩვენთან ყველაფერი რიგზეა და გარემოც მშვიდია. ასე რომ, ნებისმიერ დროს, როცა არჩევნები ჩატარდება, ჩათვალეთ, ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიას ექნება გამოხატვის თავისუფლება. ჩვენ არავის ვაშინებთ და იმის გაკეთების პატარა სურვილიც კი არ გვაქვს, რომ ვინმე პოლიტიკური ნიშნით შევავიწროვოთ.
ნამდვილად ვერ გეტყვით, რა მოსაზრებით თქვეს ეს ყველაფერი. ალბათ, ბატონ ირაკლის უნდა ჰკითხოთ ეს.
_ ალასანიამ ასევე განაცხადა, რომ კონკრეტულ ფაქტებსა და მტკიცებულებებს გადასცემს უშიშროების საბჭოს. როგორ ფიქრობთ, ამას საჯაროდ, უამრავი ჟურნალისტის წინ არგუმენტების არსებობის გარეშე განაცხადებდა?
_ კი, ბატონო, წარუდგინონ და თუ რამე გამოვლინდება, აგერ ვნახავთ ყველა. თუმცაღა, ძალიან მეეჭვება, რომ რამე ფაქტი დადონ მსგავსი ტიპის შეიარაღებაზე. ალბათ, მსგავსი რამე რომ იყოს, პირველ რიგში, მე მეცოდინებოდა…