“გურია ნიუსი” კანცელარიაში განცხადების დატოვების უფლებას ითხოვდა _ გვაინტერესებდა გაგვეგო, რა ოფიციალური დოკუმენტის საფუძველზე დაუთმო ადგილობრივმა ხელისუფლებამ კონტროლის პალატას ოთახები. ამ განცხადების დატოვება მას შემდეგ შევძელით, რაც დაცვის პოლიციამ ოკუპირებული ადმინისტრაციული შენობა დატოვა. როგორც საკრებულოს თავმჯდომარის, ანტონ ხუნდაძის მიერ მიღებული პასუხიდან გაირკვა, კონტროლის პალატას ოთახები სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე დაუთმეს.
გარდა ამისა, ვეცადეთ საკრებულოს თავმჯდომარისგან, ანტონ ხუნდაძისგან მიგვეღო ოფიციალური პასუხი, თუ “რა მიზეზით შეფერხდა 2012 წლის 13 მარტს ჩემი, ნატო გოგელიას ადმინისტრაციის შენობაში გადაადგილება; რა ფორმით მოხდა ჩემი უფლების შეზღუდვა (ზეპირი/წერილობითი აქტი). გთხოვთ, მომაწოდოთ შესაბამისი დოკუმენტები წერილობითი აქტის არსებობის შემთხვევაში; მიმითითოთ სახელმწიფოს იმ წარმომადგენლის სახელი და გვარები, რომლებიც ახორციელებდნენ ადმინისტრაციის შენობის დაცვას 2012 წლის 13 მარტს”, _ ამ განცხადებით მივმართეთ ადგილობრივ ხელისუფლებას.
ხუნდაძის პასუხი აღნიშნულ წერილზე ასეთია: “გაცნობებთ, რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში მოქალაქეებს შესვლაზე, განცხადების შემოტანასა და მიღებაზე პრობლემები არ შექმნიათ. კერძოდ, 2012 წლის 13 მარტს, საქმის წარმოებისა და მოქალაქეთა მომსახურების განყოფილებაში შემოტანილია სხვადასხვა საკითხებზე 5 განცხადება.”
ხუნდაძის ეს პასუხი რომ სიმართლეს არ შეესაბამება, ჩვენს მიერ 13 მარტს გადაღებული ფოტო და ვიდეო კადრები მოწმობს (ამის მტკიცებულება შეგიძლიათ ნახოთ ჩვენს ვებგვერდზე წწწ.გურიანეწს.ცომ).
ჩოხატაურელი ოპოზიციონერი, ვლადიმერ სიხარულიძე ერთ-ერთია იმ მრავალთაგან, რომელსაც კანცელარიაში შესვლაზე პრობლემები შეექმნა. ჩვენს მსგავსად, სიხარულიძესაც განცხადების დატოვება სურდა:
_ რამდენიმე საათის განმავლობაში ვითხოვდი, განცხადება დაეტოვებინათ. ამ დროს, შენობაში შედიოდა საკრებულოს საპროცედურო და ეთიკის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, თამაზ ურიდია, რომლის მოვალეობა სწორედ ამ ყველაფრის კონტროლია და მას ვთხოვეთ, განცხადება შეეტანა, თუმცა, უარი მივიღე. ურიდია არის კაცი, რომელიც არჩეულია კომისიის თავმჯდომარედ ვალერი ჩიტაიშვილის მოთხოვნით; ის არის პიროვნება, რომელმაც გააყალბა კომისიის სხდომის ოქმი. ადრინდელ ინტერვიუებში ვამბობდი, რომ ჩიტაიშვილმა ჩოხატაურში, “ნაციონალური მოძრაობის” სახით, დანაშაულებრივი დაჯგუფება შექმნა. ურიდიაც ამ ჯგუფის წევრია და სავარაუდოდ, ამიტომაც არ შეიტანა ჩემი განცხადება კანცელარიაში. ამის შემდეგ, ერთ პიროვნებას, რომელიც შენობის შიგნით იყო, მივაწოდე განცხადება და ვთხოვე, რეგისტრაციაში გაეტარებინა. თუმცა, კანცელარიაში შეტანილი განცხადება უკან გამოიტანა დაცვის წარმომადგენელმა და დამიბრუნა. ეს რომ ყოველგვარი კანონის დარღვევაა, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. რამდენიმე საათი დამჭირდა განცხადების დატოვებისთვის, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ ვიყავი დათქმულ დროს, დათქმულ ადგილზე, თუმცა, არ მომცეს შენობაში შესვლის საშუალება. განცხადების დატოვების დროს მოვიდა ჩემთან დაცვის პოლიციის წარმომადგენელი და მთხოვა, დაკითხვის ოთახში ავსულიყავი, თუმცა, უარი ვუთხარი _ დილის 11 საათზე დაბარებული, არ ვაპირებდი საღამოს შევსულიყავი დაკითხვაზე, მით უმეტეს იმ ფონზე, როცა ჩემი უფლებები ილახებოდა. ფაქტობრივად, შენობის პერიმეტრი იყო დაკეტილი; დაირღვა კონსტიტუცია; ჩემი უფლება, შევსულიყავი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში არავინ დაიცვა; გაურკვეველი იყო იმ პიროვნებების ვინაობა, რომლებიც შენობას იცავდნენ _ ქურთუკებზე დაცვის სამსახური ეწერათ, მაგრამ უცნობია, ვინ იყვნენ. მართლაც რომ არარაობაა ადგილობრივი ხელისუფლება, რომელმაც საკუთარი მოქალაქეები ვერ დაიცვა. მეც ამ ქვეყნის მოქალაქე ვარ, ჩოხატაურის მცხოვრები. საკრებულოს თავმჯდომარე და გამგებელი კაბინეტებში ჩაიკეტნენ. ისიც კი არ იკადრეს სიტუაცია აეხსნათ. რა საჭიროა ადგილობრივი თვითმმართველობა, თუკი მათ ფუნქციების შესრულება არ შეუძლიათ? სამარცხვინოა, რომ პარლამენტის დეპუტატი, კორნელი კუკულავა, რომლის ბიუროს ოთახში ხდებოდა ადამიანების უფლებების შელახვა და რომლის წინაშეც ვალდებულია კონტროლის პალატა, ამ ფაქტს არც კი გამოხმაურებია; სირცხვილია, რომ დუმს სამხარეო ადმინისტრაცია და მხარის ხელმძღვანელობა მაშინ, როცა ადმინისტრაციულ შენობაში გაურკვეველი პირები არღვევენ ადამიანის უფლებებს.
13 მარტს, ჩოხატაურში, დაიშალა ადგილობრივი თვითმმართველობა, რომელზეც პასუხისმგებლობა, კანონის თანახმად, სწორედ სამხარეო ადმინისტრაციას და გუბერნატორს ეკისრება. ამავე დროს, პოლიციამ არ შეასრულა თავისი მოვალეობა და ეს არის ის პოლიცია, რომლისთვისაც, ჩემთვის უკანონო გამგებელი, ლელა იმედაშვილი, საკრებულოს თანხმობით ადგილობრივი ბიუჯეტიდან ყიდულობს ავტომანქანას გაჭირვებული ჩოხატაურელების ხარჯზე. და ეს მაშინ, როცა, ამ პოლიციამ ვერ უზრუნველყო არა თუ ოპოზიციის, ჩვეულებრივი მოქალაქეების, ჟურნალისტების, არამედ “ნაციონალური მოძრაობის” წევრების უფლებების დაცვაც კი, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას სიხარულიძემ.
სიხარულიძემ, შექმნილი პრობლემების მიუხედავად, განცხადების დატოვება მაინც შეძლო. თუმცა, ჩვენს შემთხვევაში, არც თხოვნა, არც მიმართვა, არც ხელისუფლების მაღალ პირებთან გახორციელებული სატელეფონო ზარები ვერ გახდა იმის საფუძველი, რომ ჩვენი კონსტიტუციური უფლებები დაცული ყოფილიყო.
_ იმის გამო, რომ თქვენ არ მოგეცათ 2012 წლის 13 მარტს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში შესვლის საშუალება, ვერ მოახერხეთ მიგეღოთ თქვენთვის სასურველი საჯარო ინფორმაცია და ა.შ. შეიზღუდა საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლით გარანტირებული უფლება, კერძოდ: საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს, კანონით დადგენილი წესით გაეცნოს სახელმწიფო დაწესებულებებში მასზე არსებულ ინფორმაციას, აგრეთვე, იქ არსებულ ოფიციალურ დოკუმენტებს, თუ ისინი არ შეიცავენ სახელმწიფო, პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლოებას. ამასთანავე, მოხდა თქვენი, როგორც ჟურნალისტის, პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა, რადგან თქვენ ითხოვდით საჯარო ინფორმაციას, რომლის გავრცელებასაც აპირებდით გაზეთის მეშვეობით ან ამ ინფორმაციის ნაწილის გამოყენებას რომელიმე საგაზეთო სტატიისთვის. მოცემულ შემთხვევაში, მიზეზი, რის გამოც თქვენ ვერ მოახერხეთ თქვენთვის სასურველი ინფორმაციის მიღება (რომელიც კანონით საჯაროა) გახლდათ ის, რომ ფიზიკურად ვერ დატოვეთ განცხადება უფლებამოსილ თანამდებობის პირთან, იმის გამო, რომ შენობაში არ გიშვებდნენ. ფაქტობრივად, ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა გამოიხატა იძულებაში, თავი შეგეკავებინათ ინფორმაციის გავრცელებისგან, _ აღნიშნავს ჩვენთან საუბრისას “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ადვოკატი, ჯაბა ზერეკიძე.
“გურია ნიუსი” ამ დრომდე ელოდება პასუხს ჩოხატაურის პოლიციის სამმართველოდან, სადაც ჩვენი უფლებების დარღვევის თაობაზე განცხადება 13 მარტს შევიტანეთ. იმ შემთხვევაში, თუკი შესაბამისი უწყება საქმეს არ აღძრავს “დანაშაულის ნიშნების არქონის გამო”, როგორც ამას ყოველთვის აკეთებს ჩვენთან მიმართებაში, “გურია ნიუსი” სიმართლის გასარკვევად აუცილებლად მიმართავს სასამართლოს.