კარტოფილი (Solanum Tuberosum) ძაღლყუნძინესებრთა ოჯახის, ორლებნიანი, ტუბერიანი მცენარეა. იგი თავისი მრავალმხრივი გამოყენებითა და ძვირფასი კვებითი თვისებებით ერთ-ერთი დიდ მნიშვნელოვანი კულტურაა. კარტოფილი მნიშვნელოვანი რაოდენობით შეიცავს სახამებელს, ცილებს, შაქარს და ჩ ვიტამინს, B1 ჯგუფის ვიტამინის შემცველობით იგი ჯობნის კომბოსტოს, პამიდორს, სტაფილოსა და ხახვს. კარტოფილი შეიცავს, აგრეთვე, სხვა ვიტამინებსაც _ A1, B1, B6, PP. კარტოფილის კანი და გამწვანებული ტუბერები შეიცავენ შხამიან ნივთიერება ალკალოიდ სოლანინს, რომელიც ნაწილობრივ იშლება ხარშვის დროს, ამიტომ გამწვანებული ტუბერების დამუშავების გარეშე სასურსათოდ უვარგისია.
საქართველოს მრავალფეროვანი ბუნებრივი პირობები და კარტოფილის დიდი შეგუებულობის უნარი საადრეო და საგვიანო პროდუქციის მიღების შესაძლებლობას იძლევა.
კარტოფილის სამშობლო სამხრეთ და ცენტრალური ამერიკაა. ევროპაში კარტოფილი ჩილედან ესპანელებმა 1565 წელს შეიტანეს. დღეისთვის კარტოფილი გავრცელებულია და მოჰყავთ მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში. საქართველოს მოსახლეობამ მისი მოყვანა XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან დაიწყო. საქართველოში კარტოფილის ნათესების მნიშვნელოვანი ნაწილი ზღვის დონიდან 1 000-2 500 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს.
ტუბერიდან აღმოცენებულ მცენარეს აქვს ფუნჯა ფესვთა სისტემა. თითოეული ტუბერი იძლევა რამდენიმე ღეროს, ღერო თავის მხრივ იტოტება და მცენარე ბუჩქისებური აგებულების ხდება. მისი საშუალო სიმაღლე 50-100 სმ-ია. ღერო 3-4 წახნაგიანია და ძირა ნაწილში ღრუა. ჯიშების მიხედვით შეიძლება იყოს სწორად მდგომი, ნახევრად გაშლილი და ძლიერ გაშლილი მცენარეები. ღერო ნიადაგის ქვეშ იტოტება, ვითარდება ყლორტები ანუ სტოლონები, რომელთა ბოლოში გამსხვილების შედეგად იქმნება ახლი ტუბერები. სტოლონის სიგრძის მიხედვით კარტოფილის ბუდეები შეიძლება იყოს კომპაქტური ან გაბნეული.
კარტოფილის ტუბერის ქიმიური შემადგენლობა იცვლება არა მარტო ჯიშის, არამედ წლის მეტეორილოგიური და ნიადაგური პირობებისა და აგროტექნიკის მიხედვით. ტუბერები შეიცავს 75% წყალს და 25% მშრალ ნივთიერებას. მშრალი ნივთიერებებიდან 13-20% მოდის სახამებელზე.
კარტოფილის ტუბერში სახამებლის დაგროვება იწყება მასობრივი ყვავილობის ფაზაში, საადრეო ჯიშებისათვის _ დაახლოებით ივლისში, ხოლო საგვიანო ჯიშებში _ აგვისტო-სექტემბერში.
ტუბერის განვითარების პერიოდში მაღალი ტემპერატურა იწვევს მის დაკნინებას, დაავადებას და გადაგვარებას.
კარტოფილი გარემო პირობების მიმართ დიდი შემგუებლობით გამოირჩევა. მისი გაღივებისთვის საკმარისია 5-6 გრადუსი, ხოლო ოპტიმალური ტემპერარურაა 13-15 გრადუსი, ფოტოსინთეზისათვის ღერო-ფოთლების ზრდისა და ყვავილობისთვის მეტად ხელსაყრელია 20-25 გრადუსი სითბო. 3 გრადუსზე ზრდა ფერხდება, ხოლო 35 გრადუსს ზევით სრულად წყდება. მაღალ ტემპერატურაზე სუსტდება ფოტოსინთეზი, მცენარეს სცვივა ყვავილები და ღერ-ფოჩი ხმება. მაღალი ტემპერატურის ასეთ უარყოფით მოქმედებას მორწყვაც კი ვერ აფერხებს. ნიადაგის 29 გრადუსზე მეტი ტემპერატურის ზევით ტუბერის წარმოქმნა და ზრდა სრულიად წყდება. ტუბერის განვითარების პერიოდში, მაღალი ტემპერატურა იწვევს მის დაკნინებას, დაავადებას და გადაგვარებას. სამხრეთ რაიონებში გაზაფხულზე დარგვის დროს, კარტოფილის გადაგვარების ძირითადი მიზეზია მაღალი ტემპერატურის მოქმედება ტუბერის ახლად გაღივებულ კვირტებზე, იმ მომენტში, როდესაც ტუბერი ჯერ კიდევ ბუჩქის ქვეშაა. მაღალი ტემპერატურის მოქმედებით გადაგვარებული ტუბერის სათესლედ გამოყენება დაუშვებელია.
კარტოფილის მცენარისთვის განვითარების პირველ პერიოდში სავსებით საკმარისია ნიადაგში შემოდგომიდანვე მომარაგებული წყალი. ინტენსიური განვითარებისა და ტუბერების წარმოქმნის პროცესში მცენარის მოთხოვნა წყალზე მაქსიმუმს აღწევს, ამ დროს აუცილებელია 3-5 მორწყვის ჩატარება. ნორმალური ზრდისთვის კარტოფილი საჭიროებს ფხვიერ ნიადაგს და შეუფერხებელ აერაციას ჟანგბადის მისაღებად, ამიტომ, საჭიროა, გაკულტურებული, სტრუქტურული და ღრმად გაფხვიერებული ნიადაგი. იგი მაღალ მოსავალს იძლევა მთის შავმიწებისმაგვარ და ნეშომპალით მდიდარ ტყის ნიადაგებზე. კარტოფილი შედარებით კარგად იტანს ნიადაგის მჟავიანობას PH 5-7, ხოლო 5-ზე ქვევით და 7-ზე ზევით მცენარე კნინდება. კარტოფილისთვის უვარგისია მძიმე თიხნარები.
კარტოფილის ჯიშებს ყოფენ სამეურნეო და ბიოლოგიური თვისებების მიხედვით. გამოყენების მიხედვით დადგენილია ოთხი ჯგუფი: სასუფრე, საკვები, საქარხნე და უნივერსალური.
ვეგეტაციის მიხედვით კარტოფილის ჯიშები იყოფა: საადრეო, საშუალო და საგვიანო.
ამჟამად საქართველოში გავრცელებულია კარტოფილის შემდეგ ჯიშები:
ნევსკი _ რუსული წარმოშობის საადრეო ჯიშია, რომელიც ხასიათდება კარგი გემოვანი თვისებებით, საშუალო მოსავლიანობით. ტუბერი თეთრია, თვლები ზედაპირული. მის მოყვანას ძირითადად მისდევენ მარნეულის, ბოლნისისა და გარდაბნის რაიონებში.
იმპალა _ ჰოლანდიური წარმოების საადრეო კარტოფილის ჯიშია (მწარმოებელი კომპანია “აგრიკო”). ხასიათდება მაღალი მოსავლიანობითა და კარგი გემოვანი თვისებებით. ტუბერი წაგრძელებულ-ოვალურია, გარეკანი ყვითელი, რბილობი მოყვითალო. მდგრადია კარტოფილის Y ვირუსის მიმართ, ნაწილობრივ რაზისტენტულია ნემატოდისა და ქეცისადმი.
მარფონა _ საშუალო ვეგეტაციის ჯიშია, ხასიათდება მაღალი მოსავლიანობით. ტუბერი მომრგვალო ოვალური, მსხვილი, ყვითელი გარეკანით, რბილობი შეფერილია ღია ყვითლად, თვლები განლაგებულია ზედაპირულად. მდგრადია კარტოფილის Y ვირუსის მიმართ, ახასიათებს ქეცის, ფიტოფტოროზისა და ფითლების დახვევისადმი ნაწილობრივი რეზისტენტულობა.
პიკასო _ ჰოლანდიური წარმოშობის ჯიშია (მწარმოებელი კომპანია “აგრიკო”), საშუალო საგვიანო ვეგეტაციის. ტუბერი ოვალური, დიდი ზომის, გარეკანი ყვითელი, წითელი თვალებით, რბილობი მკრთალ მოყვითალოდ შეფერილი. რეზისტენტულია კარტოფილის Y ვირუსის, ქეცისა და ნემატოდის მიმართ. ახასიათებს ფოთლების დახვევისა და ფიტიფტოროზის მიმართ ნაწილობრივი გამძლეობა.
სანტე _ ჰოლანდიური წარმოშობის ჯიშია (მწარმოებელი კომპანია “აგრიკო”), საშუალო საადრეო ვეგეტაციის. ტუბერი ოვალური, საშუალო ზომის, გარეკანი ყვითელი, რბილობი მკრთალ მოყვითალოდ შეფერილი. რეზისტენტულია კარტოფილის Y ვირუსის, ფოთლების დახვევის, ფიტოფტორისა და ნემატოდის მიმართ. ახასიათებს ქეცის მიმართ ნაწილობრივი გამძლეობა.
აგროტექნიკა
კარტოფილის გავრცელების ძირითად რაიონებში _ მთიან ზონაში, კარგი წინამორბედია საგაზაფხულო თავთავიანები და ერთწლოვანი პარკოსანი ბალახები და სიმინდი.
თვით კარტოფილი, როგორც სათოხნი კულტურა, ნიადაგის ღრმად დამუშავების მომთხოვნი, კარგი წინამორბედია მომდევნო კულტურებისათვის, განსაკუთრებით საგაზაფხულო თავთავიანებისათვის.
დაუშვებელია კარტოფილის მოყვანა იმ ნაკვეთზე, სადაც წინა წელს მოყვანილი იქნა პამიდორი, ბადრიჯანი, წიწაკა, თამბაქო.
ნიადაგის დამუშავება
კარტოფილის ტუბერების განვითარებისა და მაღალი, სტაბილური მოსავლის მისაღებად საჭიროა ღრმა, მსუბუქი, სტრუქტურული და კარგად დამუშავებულ-გაფხვიერებული ნიადაგი, რათა სტოლონებსა და ტუბერებს ზრდა-განვითარებისას არ შეხვდეს დიდი მექანიკური წინააღმდეგობა.
საერთოდ, მთიან და მთისწინა რაიონებში, რელიეფის ხასიათის მიუხედავად, ნიადაგი უნდა მოხნან შესაძლებლობის მიხედვით შემოდგომაზე.
ხარისხოვან სათესლე მასალაზე დიდად არის დამოკიდებული მაღალი მოსავლის მიღება. ამიტომ დასარგავად უნდა შეირჩეს კარგად მომწიფებული და ჯიშებისათვის ტიპიური საშუალო და მსხვილი ზომის (60-80 გ) ტუბერები. ყველაზე სრულფასოვანი სარგავი მასალაა მთელი ტუბერები, მაგრამ სარგავი მასალის ნაკლებობის დროს, ტუბერებს ანაწევრებენ. ბევრი ჯიში არ შეიძლება გაჭრილი ტუბერით დაირგას, მაგრამ თუ საჭიროა, უნდა გაჭრან დარგვამდე რამდენიმე დღით ადრე, რათა განაჭერ მხარეზე წარმოიქმნას მტკიცე კორპისებრი აპკი.
მსხვილი ტუბერების უპირატესობა ისაა, რომ თითოეულ კვირტზე მეტი საკვები მოდის, მაგრამ ზედმეტად მსხვილი ტუბერების გამოყენებაც არ არის ეკონომიკურად გამართლებული, რადგან დიდი რაოდენობით სარგავ მასალას საჭიროებს.
წვრილი ტუბერების (30-40 გ) სარგავად გამოყენების შემთხვევაში, მიიღება ჯიშისგან გადაგვარებისნიშნიანი დაბალი მოსავალი. ტუბერის სიმსხოსა და კვების არის მიხედვით 1 ჰა-ზე საჭიროა 2,5-4 ტონა სარგავი მასალა.
კარტოფილს თესავენ სპეციალური ოთხმწკრივიანი მისაბმელი სათესი მანქანებით. მწკრივად 75-70X30-25 სმ და კვადრატულ-ბუდობრივად (70X70 ან 60X60). თითოეულ ბუდეში 2-3 ტუბერს და ერთდროულად შეაქვთ მინერალური სასუქი. სათესისი მწარმოებლობა უდრის 6 ჰა-ს დღეში (მომსახურება 8 კაცი). ნაკვეთის თავში და ბოლოში ტოვებენ 5-5 მეტრ სიგანის ადგილს, რათა დამუშავების დროს შესაძლებელი იყოს ტრაქტორის აგრეგატების მობრუნება.
ნათესის მოვლა ძირითადად გამოიხატება იმაში, რომ ნაკვეთი მთელი ვეგეტაციის პერიოდში იყოს ფხვიერი, სარეველებისაგან თავისუფალი, წყლითა და საკვები ნივთიერებებით უზრუნველყოფილი. გაზაფხულზე გადარგული ტუბერები შედარებით გვიან ღვივდება, აღმოცენდება 20-25 დღის შემდეგ და ამიტომ სარეველები ასწრებენ აღმოცენებას. არ არის გამორიცხული ქერქის გადაკვრაც. ყოველივე ამის გამო, კარტოფილის მოვლის პირველი და აუცილებელი ღონისძიებაა აღმოცენებამდე დაფარცხვა, რითაც უმჯობესდება ნიადაგის აერაცია და მცენარის განვითარების პირობები.
კარტოფილის ნათესის მოვლის მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, აგრეთვე, მიწის შემოყრა, როდესაც მცენარე 15-20 სმ სიმაღლეს მიაღწევს. ბუჩქის გარშემო ნიადაგის ფენის შენარჩუნებისთვის საჭიროა, მიწის მეორეული შემოყრა, რათა უკეთ განვითარდეს სტოლონები და ტუბერები. ეს ღონისძიება უმჯობესია ჩატარდეს ყვავილობამდე.
ზომიერი ჰავისა და ნალექის პირობებში, კარტოფილი მორწყვის გარეშეც იძლევა სასურველ მოსავალს, მაგრამ მორწყვა მნიშვნელოვნად ადიდებს მოსავალს. მორწყვა განსაკუთრებით საჭიროა ზაფხულში მთიან ზონაში (ახალქალაქი, წალკა, ახალციხე) ნიადაგის ტენიანობის და ამინდის პირობების მიხედვით 2-3 ჯერ, ხოლო დაბლობ ზონაში _ 4-5 ჯერ. პირველი მორწყვა უნდა ჩატარდეს ფოთლების მასობრივი განვითარების ფაზაში (ნიადაგის მეორედ გაფხვიერების წინ), მეორე კოკრობის დაწყების წინ, მესამე ყვავილობაში. მეოთხე და მეხუთე საჭიროების მიხედვით. მორწყვის ნორმა 500-600კბმ, მორწყვა ტარდება კვლებში მიშვებით. მორწყვის შემდეგ საჭიროა ნიადაგზე წარმოქმნილი ქერქის დაშლა-გაფხვიერება.
კარტოფილის მოსავლიანობა დამოკიდებულია კლიმატურ-ნიადაგურ და გამოყენებულ აგროტექნიკურ ღონისძიებათა კომპლექსზე, საქართველოს პირობებში მოსავლიანობა შეიძლება მერყეობდეს 12 ტონიდან 30-35 ტონამდე.
მოსავლის აღება დამოკიდებულია, პირველ რიგში, ჯიშზე, მეტეოროლოგიურ პირობებზე, გამოყენებულ აგროკომპლექსზე და სხვა. კარტოფილის შემოსვლის, მომწიფების ნიშნებიდან, აღსანიშნავია ფოთლების ჭკნობა და ჩამოცვენა, ტუბერზე თხელი, ნაზი ეპიდერმისის ნაცვლად, მკვრივი კორპისებრი კანის განვითარება, სტოლონების გახმობა და მათგან ტუბერების ადვილად მოცილება.
ფოთლებში შექმნილი ორგანული ნივთიერებების გადასვლა ტუბერში არ წყდება მის შემოსვლის უკანასკნელ ხანამდე და ამიტომ ტუბერის მატება წონაში განსაკუთრებით ინტენსიურად მიმდინარეობს შემოსვლის უკანასკნელ პერიოდში, ე. ი. ვიდრე ფოთლები არ დაკარგავენ ასიმილაციის უნარს, ტუბერის ზრდა გრძელდება.
კარტოფილის აღება შეიძლება კარტოფილის მთხრელი გუთნითაც, რომელსაც მიწის შემომყრელის მსგავსად, ორივე მხრიდან ფრთები აქვს. გუთნით ამოყრილ ტუბერებს ხელით კრეფენ.
მიწიდან ამოღებული და გასუფთავებული ტუბერები მინდვრიდან გააქვთ და ახარისხებენ. დაზიანებულ და წვრილ ტუბერებს პირუტყვის საკვებად იყენებენ.
კარტოფილს, ამოღებისთანავე თუ მინდვრიდან არ გაიტანენ, გროვებად აწყობენ და ზემოდან აფარებენ ნამჯას ან მიწას აყრიან. გადაზიდვისას კარტოფილი უნდა დავიცვათ დაზიანებისა და დაბეგვისაგან.
კარტოფილის ნორმალური შენახვისათვის კარგია 2-3 გრადუსი სითბო, უფრო მაღალ ტემპერატურაზე ძლიერდება სუნთქვა და ტუბერის გაღივება, ხოლო 1 გრადუსზე ნაკლებ ტემპერატურაზე მიმდინარეობს ტუბერის დატკბობა ანუ სახამებლის ხარჯზე შაქრის მატება, მინუს 1 გრადუსზე იწყება ტუბერის გაყინვა.
კარტოფილის კარგად შენახვის მნიშვნელოვანი პირობაა ჰაერის ტენიანობა. მაღალი ტენის პირობებში ტუბერი “ოფლიანდება” და ხელსაყრელი პირობები იქმნება მიკროორგანიზმების განვითარებისთვის, ამიტომ, კარტოფილის შესანახ საწყობში ჰაერის ტენიანობა 85-90%-ის ფარგლებში უნდა მერყეობდეს. ზედმეტი ტენიანობა უნდა შემცირდეს ვენტილაციის საშუალებით. კარტოფილის შესანახი სათავსო უნდა იყოს მშრალი, ბნელი და ვენტილირებადი.
კარტოფილს ინახავენ როგორც გროვებად, ისე თხრილებსა და ორმოებში.