რომ შენობაში არშეშვების უფლება არ აქვთ. აშკარად ირღვევა საქართველოს ზოგად ადმინისტრაციული კოდექსი, კანონი ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ, მაგრამ, საჯარო მოხელეები ჩოხატაურში კანონზე მაღლა “უფროსის” სურვილს აყენებენ.
გასულ ორშაბათს, “დემოკრატიული” ადგილობრივი ხელისუფლება “საზოგადოებრივი დარბაზის სხდომას” მართავდა. ამგვარი “დარბაზების” არსებობას ღია, გახსნილი, კანონმორჩილი და საზოგადოების წინაშე პასუხისმგებელი ხელისუფლების პირობებში აქვს აზრი და იგი მართვის პროცესში რაც შეიძლება მეტი მოქალაქის ჩართვას ისახავს მიზნად. ჩოხატაურის ხელისუფლების საზოგადოებრივი დარბაზის სხდომაზე მოსახვედრად კი, რომელიც ადმინისტრაციული შენობის სხდომათა დარბაზში იმართებოდა, ნახევარ საათზე მეტი დაგვჭირდა. საკრებულოს აპარატის უფროსი ტელეფონს არ პასუხობდა და მოქალაქეთა მისაღების თანამშრომელმა, ლელა ნინიძემ ჩვენი შეშვება დამოუკიდებლად ვერ გადაწყვიტა. საჯარო მოხელემ, ლუდა მეგრელიშვილმა კითხვაზე, რამდენი ხნის დალოდება დაგვჭირდებოდა სხდომათა დარბაზში შესასვლელად, მხრების აჩეჩვით გვიპასუხა.
აღმოჩნდა, რომ სიაში არ ვყოფილვართ(?!). როგორც გავარკვიეთ, სია მოქალაქეთა მისაღებში საკრებულოდან ჩამოიტანეს და მასში იმ პიროვნებების ვინაობა იყო მითითებული, რომლებიც საზოგადოებრივი დარბაზის სხდომაზე უნდა შესულიყვნენ. ამ სიაში ჩვენი ჟურნალისტის, მანანა სურმანიძის გვარიც აღმოჩნდა:
_ შაბათს დამირეკეს საკრებულოდან და მითხრეს, რომ ორშაბათს საკრებულოს სხდომათა დარბაზში მივსულიყავი. ვუთხარი, რომ თუ საკრებულოს სხდომა იყო, მისვლას ვერ შევძლებდი და სხვა ჟურნალისტისთვის დაერეკათ. ამიხსნეს, რომ სხდომა არ იყო, სხვა დეტალები არ ვიცი, _ ამბობს მანანა სურმანიძე.
დეტალები კი, რომელიც სხდომათა დარბაზში შესვლის შემდეგ გავარკვიეთ მართლაც საინტერესო აღმოჩნდა. საკრებულოს თავმჯდომარეს საზოგადოებრივი დარბაზი შეუქმნია, რომელიც თვეში ერთხელ უნდა შეიკრიბოს. ამ დარბაზის წევრები რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, არასამეწარმეო იურიდიული პირების ხელმძღვანელები და ჟურნალისტები არიან. სწორედ, მათი სია იყო წარმოდგენილი მოქალაქეთა მისაღებში. ჩვენი გაზეთიდან დარბაზის წევრი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მანანა სურმანიძე ყოფილა, თუმცა მან ამის შესახებ არაფერი იცოდა.
_ საზოგადოებრივი დარბაზი ჩემი სათათბიროა და ვისაც მინდა იმას შევიყვან, _ თქვა ჩვენთან საუბრისას, საკრებულოს თავმჯდომარემ, ანტონ ხუნდაძემ.
რაც შეეხება საზოგადოებრივ დარბაზს, ჩვენი იქ ყოფნის განმავლობაში, ყველაზე ნაკლებად სათათბიროს ფუნქციას ასრულებდა. პირველ სხდომაზე, გამგეობის სხვადასხვა სამსახურების წარმომადგენლებმა, დარბაზის წევრებს ის საკითხები გააცნეს, რომელიც უახლოეს საკრებულოს სხდომაზე უნდა გავიდეს.
“ხუნდაძის სათათბიროში”, რატომღაც არავინ დაინტერესდა იმ ბარიერით, რომელიც ადმინისტრაციულ შენობაში დააწესეს, რომლის გამოც, ადამიანებს საჯარო სხდომებზე დასწრების საშუალებაც არ ეძლევათ და ამით, კანონები ირღვევა.
_ საზოგადოებრივი დარბაზის შექმნის იდეა გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების ჩართულობაა, მაგრამ თუ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს მასზე დასწრების და აზრის გამოხატვის საშუალება არ მიეცემა, გამოდის, რომ დარბაზი უბრალოდ, თვალის ასახვევადაა შექმნილი. ამასთან, თუ დარბაზში დასასწრებ პირთა სია წინასწარაა შედგენილი და მხოლოდ მათ აქვთ დარბაზის სხდომაში მონაწილეობის უფლება, მაშინ ყოველივე ამას მოჩვენებით დემოკრატიამდე მივყავართ, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოზურგეთის ოფისის ხელმძღვანელმა, თამაზ ტრაპაიძემ.