იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თინა ბურჯალიანმა, რომელიც ევროსასამართოლში პირადად წარმოადგენდა სახელმწიფოს გირგვლიანის საქმეში, რამდენიმე წუთის წინ, პარლამენტში, სამთავრობო საათზე გამოსვლისას განაცხადა, რომ ის გადაწყვეტილება, რომელიც სტრასბურგმა საქმეზე _ “გირგვლიანი-ენუქიძე საქართველოს წინააღმდეგ” გამოიტანა, უკვე აღსრულებულია. ბურჯალიანმა, გადაწყვეტილების აღსრულებად ოჯახისთვის 50 000 ევროს გადახდა მიიჩნია. იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გირგვლიანის საქმე უბედურ შემთხვევად მოიხსენია და მთავარი აქცენტი გააკეთა იმაზე, რომ თანხის გადარიცხვა ვადების დარღვევის გარეშე ანუ სამ თვეში გახორციელდა.
_ იუსტიციის სამინისტრო მსგავსი უბედური შემთხვევების აღმოფხვრის მიზნით, პრევენციულ ღონისძიებებს გაატარებს, _ განაცხადა ბურჯალიანმა და დასძინა, რომ ამ საქმის სამართლებრივ მხარესთან დაკავშირებით არსებობს გარკვეული სამოქმედო გეგმა, რომელსაც იუსტიციის სამინისტრო ახორციელებს.
ბურჯალიანის თქმით, ამ ეტაპზე აღნიშნული გეგმის გახმოვანება იმ მიზეზით ვერ მოხერხდება, რომ სამუშაო პროცესი მიმდინარეობს.