ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, სამანდატო-საპროცედურო და იურიდიულმა კომისიამ მუშაობა განაახლა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების _ დროშისა და გერბის შერჩევისა და გამარჯვებული ავტორის გამოვლენის მიზნით, კონკურსი გრძელდება. აღნიშნული კომისიის თავმჯდომარემ, პეტრე სალუქვაძემ “გურია ნიუსთან” საუბარში თქვა, რომ კომისიის სხდომა გასულ პარასკევსაც შედგა, რომელსაც ესწრებოდნენ კომისიის წევრები და მხატვრები. გამოითქვა მოსაზრება, რომ ფეისბუქზე განთავსდეს დროშისა და გერბის ნიმუშები, მოხდეს მოსახლეობის გამოკითხვა. მისი განმარტებით, ფოტოების გარკვეული ნაწილი ახლაც დევს ფეისბუქზე.
კითხვაზე, თუ როდის დასრულდება კონკურსი, სალუქვაძემ გვიპასუხა, რომ საჭიროა საზოგადოების მოსაზრების გათვალისწინებაც: _ ველოდებით მოქალაქეთა მიერ წამოყენებულ ვარიანტებს გერბთან და დროშასთან დაკავშირებით. მთავარი და აუცილებელია ჰერალდიკის საბჭოსთან შეთანხმება. ამ საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე იყო ჩამოსული და ნამუშევარი მოიწონა. ჩვენ გვინდა, კარგი გამოვიდეს და ამიტომ ვარჩევთ. ხარისხი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე დაჩქარება. ივნისის ბოლოს, ალბათ, ნამუშევარს საბოლოოდ შევარჩევთ და გავგზავნით ჰერალდიკის საბჭოში.