“კოტე შარაშენიძე კოალიცია “ქართული ოცნების” ოზურგეთის შტაბის უფროსის თანამდებობაზე დაინიშნა”, _ ეს ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ “გურია ნიუსის” კორესპონდენტს ჟანა მეგრელიშვილს კოალიცია “ქართული ოცნების” საორგანიზაციო სამსახურის აპარატის უფროსმა ქეთი ჯოხაძემ დაუდასტურა.
შარაშენიძე 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში კენჭს პარტია “ქრისტიან – დემოკრატიული მოძრაობის” სახელით იყრიდა. თუმცა, მისი დამარცხება 342 ხმით “ნაციონალმა” მიხეილ გოგოტიშვილმა შეძლო.
არჩევნებამდე კოტე შარაშენიძე კომპანია “ვისოლის” ურეკის ბენზინგასამართი სადგურის მენეჯერად მუშაობდა. უფრო ადრე კი, გურიის სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომელი იყო, ჯერ კიდევ მაშინ, როცა გურიის გუბერნატორი მიხეილ ჭკუასელი იყო.
მას დღემდე, ახლო, მეგობრული და ნათესაური კავშირები აქვს გურიის ხელისუფლების რამდენიმე მაღალჩინოსანთან.
ასევე ერთ-ერთი წყაროს თქმით, მას საკმაოდ ახლო ურთიერთობა აქვს საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრთან, გურიის ყოფილ გუბერნატორთან რამაზ ნიკოლაიშვილთანაც. წყაროსვე თქმით, შარაშენიძეს ბიძინა ივანიშვილის ძმა ადიკო ივანიშვილი ლობირებს.
“ქართული ოცნების” ოზურგეთის ოფისის ხელმძღვანელის პოსტზე რამდენიმე კანდიდატურა სახელდებოდა. მათ შორის გია ცეცხლაძე, თინათინ ჯაყელი, ლელა ნაცვალაძე, თემურ სალუქვაძე, გიგა გირკელიძე და შოთა გოგიბერიძე.
გია ცეცხლაძეს ოზურგეთში პერსპექტიულ ახალგაზრდათ მიიჩნევენ, ის ბოლო პერიოდში კერძო ბიზნესით იყო დაკავებული. თინათინ ჯაყელი კი “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების ” დაფუძნებიდან რამდენიმე წელი გურიის კოორდინატორი იყო. ლელა ნაცვალაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მეორე მოწვევის დეპუტატია, თემურ სალუქვაძე კი “გურიის თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი, შოთა გოგიბერიძე “ეროვნული ფორუმის” ოზურგეთის რაიონულ ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა, გიგა გირკელიძე კი არცერთ პარტიას არ წარმოადგენს.
ჩვენი წყაროს თქმით, ზემოთ ჩამოთვლილი კანდიდატურების განხილვა დღეს საღამოს დაიწყება და საბოლოო გადაწყვეტილებაც გვიან საღამოს გახდება ცნობილი.