რამდენიმე დღის წინ, ჩოხატაურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის თანამშრომლებმა შეხვედრა მოუწყვეს სახალხო თეატრის მსახიობებს. ღონისძიების წამყვანებმა _ ქეთევან კუკულავამ, თეა ბაიაჯანმა, ნათია ცინცაძემ მაყურებელს შეახსენეს ჩოხატაურის თეატრალური წარსული და იქ შეკრებილი მსახიობების ღვაწლი.
_ პირველი წარმოდგენა ჩოხატაურში 1885 წელს სკოლის შენობაში გაუმართავთ, სადაც გ. ერისთავის ორმოქმედებიანი კომედია “ძუნწი” და აკ. წერეთლის ვოდევილი “ბუტიაობა” წარმოუდგენიათ. წარმოდგენები იმართებოდა ღია ცის ქვეშ, სკოლებში, პროგრესულად მოაზროვნეთა ოჯახებში. 1913 წელს ჩოხატაურში სახალხო სახლი გახსნილა. 1921 წელს ჩოხატაურის თეატრის კომისრად სერგო ბოლქვაძე, რეჟისორად კი აკაკი ცინცაძე დაუნიშნავთ. იმ წლებში, თეატრში ნიჭიერი სცენისმოყვარეები _ სანდრო რამიშვილი, მიშა ჯალაღონია, შოთა, დიმიტრი, ბიჭიკო ცინცაძეები, თამარ რამიშვილი, ბესარიონ ნინიძე შეკრებილან. სწორედ მათი დამსახურებაა, რომ 1936 წელს თვითმოქმედი დასი სახელმწიფო თეატრად გადაუკეთებიათ, რომლის სამხატვრო ხელმძღვანელად და დირექტორად მიხეილ ჯალაღონია დაუნიშნავთ.
1948 წელს, მძიმე მატერიალური მდგომარეობის გამო, სახელმწიფო თეატრი გაუუქმებიათ, მაგრამ დასს მუშაობა მაინც არ შეუწყვეტია და ჩოხატაურის თეატრი მაყურებელს პროფესიულ დონეზე დადგმულ სპექტაკლებს სთავაზობდა.
1959 წელს, კულტურის სამინისტროს დადგენილებით, შეიქმნა ჩოხატაურის სახალხო თეატრი, რომლის რეჟისორად დაინიშნა ვლადიმერ ღამბაშიძე. თეატრი რამდენჯერმე წარსდგა სპექტაკლებით დედაქალაქში კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო და გრიბოედოვის სახელობის თეატრებში და მრავალი ჯილდოც დაუმსახურებიათ.
ჩოხატაურის თეატრში წლების განმავლობაში წარმატებით მოღვაწეობდნენ რეჟისორები: სერგო ბოლქვაძე, მიხეილ ჯალაღონია, ვიქტორ ნინიძე, სანდრო რამიშვილი, როსტომ ყენია, ვაჟა გოგოლაძე, ბიჭიკო ღამბაშიძე, ილია არობელიძე და სხვები; მხატვრები: შალვა ძნელაძე, გურამ ნინიძე, ირაკლი გორდელაძე, დავით უღრელიძე, ჯემალ ცინცაძე და სხვები… მუსიკალური გამფორმებლები: მურმან ბერულავა, ბონდო ბენდელიანი, ავთო მახარაძე, თენგიზ შამილაძე; მსახიობები: ანტონ ბარათაშვილი, გიგა სურმანიძე, ალექსანდრე შონია, ლელი პაიჭაძე, თამარ მახარაძე, მერი გიორგაძე, ლამარა დოლიძე, ლოლა კობიძე, გურამ მეგრელიშვილი, ტიტე შარაშიძე, მუხრან ჩიჩუა, არსენ დუნდუა, ენვერ ფასიეშვილი, ვანო ჟღენტი, ლევან გავაშელიშვილი, ზაურ კეკელიძე, მზია სიხარულიძე, ნინო ნინიძე და სხვები. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ბონდო ბენდელიანისა და რეზო თედორაძის უდიდესი ღვაწლი ჩოხატაურის თეატრისადმი. დღეს ჩოხატაურის თეატრის რეჟისორი გახლავთ გოგი ცინცაძე, რომელმაც, მიუხედავად თეატრის შენობის არქონისა, რამდენიმე სპექტაკლი კონოსახლის სცენაზე მაინც განახორციელა.
შეხვედრაზე ჩოხატაურის თეატრის ისტორიის, თეატრალური ცხოვრების შესახებ ისაუბრეს: მერი გიორგაძემ, ზაურ კეკელიძემ, მუხრან ჩიჩუამ, ჯემალ სიხარულიძემ, ლამარა დოლიძემ, ენვერ ფასიეშვილმა, გიორგი ცინცაძემ. შეხვედრაში მონაწილეობდნენ ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლები. ღვაწლმოსილი მსახიობები სიგელებით დააჯილდოვეს, მაგრამ მათთვისაც და თეატრისმოყვარე ყველა მოქალაქისთვის ყველაზე სანუკვარი საჩუქარი, ჩოხატაურში თეატრის შენობის არსებობაა.