5 აპრილს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთის ერთ-ერთი უბნიდან “ენერგო-პრო ჯორჯიას” ოზურგეთის სერვისცენტრის წარმომადგენლებმა ელექტროტრანსფორმატორი წაიღეს. სადავო ტრანსფორმატორი, მოსახლეობის განცხადებით, მათი საკუთრება იყო, რადგან თავიანთი სახსრებით შეიძინეს. “გურია ნიუსი” აღნიშნული ფაქტის შესახებ ერთხელ უკვე წერდა.
2012 წლის 11 იანვარს, მოსახლეობამ წინააღმდეგობა გაუწია “ენერგო-პრო ჯორჯიას” წარმომადგენლებს და ტრანსფორმატორი არ გაატანეს. თუმცა, როცა მეორედ მოვიდნენ, მაინც წაიღეს.
_ არჩევნებზე ამ უბნიდან ერთ ხმას ვერ წაიღებთ! დამთავრდა თქვენი დაპირებები და თქვენთვის ხელშეწყობა, ხალხისთვის მაინც არ ხართ! ჩვენ მხოლოდ არჩევნებისთვის გჭირდებით. ჩვენთვის ხეირი არც ერთ ხელისუფლებას არ მოუტანია არასდროს, რით ამოგვხადოთ სული, იმას ფიქრობთ. გზა ამ უბანში არაა და გაზი. გამრიცხველიანება გააკეთეთ, მაგრამ, საკმარისია, ნიავმა დაუბეროს, შუქი ქრება. ისეთი დაბალი დენია, ტელევიზორს და მაცივარს ერთად ვერ ჩართავ. ახლა ჩვენი ნაყიდი, ხალხის ტრანსფორმატორი მიგაქვთ. საბუთს რომ გვთხოვთ, თქვენ გვაჩვენეთ საბუთი, რომ თქვენი საკუთრებაა! _ მიმართავდნენ “ენერგოპრო-ჯორჯიას” წარმომადგენლებს სოფელ გურიანთის მცხოვრებლები.
_ თქვენ გვაჩვენეთ საბუთი, რომ თქვენია და დაგიტოვებთ, _ ასეთი იყო კომპანიის წარმომადგენელთა პასუხი.
_ არ გვაქვს საბუთი, ეს ტრანსფორმატორი კომუნისტების დროს არის ნაყიდი, მოკვდა ის კაცი, ვინც საბუთს ინახავდა.
_ მერე მიწაში წაიღო? _ ცინიკურად იკითხა გია ნაკაიძემ.
_ მართალია, არ გვაქვს დამამტკიცებელი საბუთი, მაგრამ არც თქვენ გაქვთ. დიდ კაცთან პატარას რომ მართალი არ გასვლია, ზუსტად ისეა, თორემ ძალიან კარგად იცით, რომ ეს ტრანსფორმატორი თქვენი საკუთრება არ არის.
“ენერგო-პრო ჯორჯიას” წარმომადგენლებთან რომ ვერაფერი გააწყვეს, იქ შეკრებილებმა დახმარება ჩვენ, “გურია ნიუსის” ჟურნალისტებს გვთხოვეს: _ კიდევ ერთხელ დაწერეთ, რაც აქ ხდება, პატრონი რომ არ გვყავს. ვიცით, ჩვენს თხოვნას მაინც არაფრად აგდებენ _ არაერთხელ დაიწერა ჩვენი პრობლემის შესახებ, მაგრამ არავის შეუწუხებია თავი. ერთხელ ღია წერილიც კი გამოვაქვეყნეთ გუბერნატორის სახელზე, სადაც გაზის შემოყვანას ვითხოვდით. არაფერი გამოვიდა _ როგორც ვიცით, ჩვენს უბანში არ შემოჰყავთ. ხომ თქვა პრეზიდენტმა, ყველა უბანში და ყველა ოჯახში იყოს გაზი შეყვანილიო. რატომ არ მოვიდა რწმუნებული ან ვინმე კომპეტენტური პირი, ვინც სიმართლეს გვეტყოდა? გაიგოს პრეზიდენტმა ამის შესახებ. დაწერეთ, როგორც ვამბობთ.
ი. ჩხაიძე: _ ადრე პატრულიც მოვიდა, “დაზვერა” მოსახლეობა. ალბათ, აინტერესებდათ, ვინ გაგვიწევს წინააღმდეგობასო. ალბათ, დღესაც საქმის კურსში ჰყავდათ ჩაყენებული _ ისეთი დრო აარჩიეს, ხალხი სახლში რომ არაა. ზოგი თავის საკარმიდამო ნაკვეთში მუშაობს, ზოგი ბაზარში ვაჭრობს.
კარგად მახსოვს, როცა წინა არჩევნებზე გუბერნატორი გურიანთის მოსახლეობას შეგვხვდა და უამრავი პრობლემის მოგვარებას დაგვპირდა. მათ შორის, საუბარი იყო გურიანთისა და სოფელ ოზურგეთის საზღვართან მდებარე დაჭაობებული, გაუვალი ადგილების შესახებ, სადაც ქვეწარმავლები ბუდობენ, იძირება შინაური პირუტყვი. ჩიტაიშვილმა გვითხრა, რომ იქ შეიყვანდნენ ტრაქტორებს, გააკეთებდნენ არხებს, მაგრამ ეს დაპირება ქარს გაყვა, არჩევნებთან ერთად.
მიუხედავად გურიანთელების პროტესტისა, “ენერგო-პრო ჯორჯიას” წარმომადგენლებმა ტრანსფორმატორი მაინც წაიღეს,
“ენერგო პრო-ჯორჯაის” სერვისცენტრის ოზურგეთის მენეჯერმა, გია ნაკაიძემ კი “გურია ნიუსთან” კომენტარი არ გააკეთა.
გურიის გუბერნატორი, ვალერი ჩიტაიშვილი “გურია ნიუსთან” საუბარში აღნიშნავს, რომ არჩევნებისთვის არავის არაფერს ჰპირდება:
_ არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგაც ვხვდები მოსახლეობას. ალბათ, თქვენც ხედავთ ამას. არჩევნები არაფერ შუაშია.
_ ბატონო ვალერი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთის ერთ-ერთი უბნის მცხოვრებლები ამბობენ, რომ თქვენ, წინა არჩევნებზე, დაჭაობებულ ადგილებში არხის გაყვანას შეჰპირდით, თუმცა, ეს პრობლემა, როგორც მოსახლეობა ამბობს, დღემდე მოუგვარებელია.
_ ასე ზეპირად არ ვიცი, კონკრეტულად რომელ ადგილზე და რაზეა საუბარი. მე შემიძლია გითხრათ, რომ თუ რაიმე პრობლემა არსებობს, განცხადება უნდა დაწეროს მოსახლეობამ გამგეობის სახელზე და კომპეტენტური პირები აღნიშნულ პრობლემას აუცილებლად მოაგვარებენ. რასაკვირველია, მეც მივაქცევ ყურადღებას, თუმცა, კონკრეტული ფაქტი არ მახსენდება, ისე კი გამიჭირდება კომენტარის გაკეთება. ადგილზე უნდა გავიდნენ გამგეობის თანამშრომლები, შეხვდებიან მოსახლეობას, დაადგენენ პრობლემებს და ყველაფერი მოსახლეობის საკეთილდღეოდ გადაწყდება. აღნიშნული საკითხის შესახებ ახლავე ვიკითხავ და დღესვე გავუშვებ წარმომადგენლებს მოსახლეობასთან შესახვედრად.
_ მოსახლეობა ამბობს, რომ სოფელში დაიწყო გაზიფიცირება და როგორც აღმოჩნდა, ამ უბანში არ შეჰყავთ.
_ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეეფერება. არსებობს პროექტი, რომლის მიხედვითაც დგინდება ჩასატარებელი სამუშაოები. მე მინდა ვუთხრა თითოეულ მოსახლეს, რომ აბსოლუტურად ყველა ოჯახში შევა გაზი, მათ შორის, აღნიშნულ უბანშიც, _ გაზის კომპანიის კერძო საკუთრების მიუხედავად, დაპირებას იძლევა გუბერნატორი.