თავის დროზე, სახელმწიფო კანცელარია და პეტრე მამრაძე ერთი განუყოფელი ნაწილი იყო _ კანცელარიის მამასახლისი ფლობდა ყველა საიდუმლო თუ არასაიდუმლო ინფორმაციას, რაც იმ კედლებში ხდებოდა.
პეტრე მამრაძემ 1992 წლის აპრილ-ნოემბერში საქართველოს მინისტრთა კაბინეტში დაიწყო მუშაობა პრემიერ-მინისტრის მოადგილის თანაშემწედ და, იმავდროულად, ეროვნებათაშორისი ურთიერთობებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის განყოფილების წამყვანი სახელმწიფო მრჩევლის მოვალეობასაც ასრულებდა. 1992 წელს „იმელისად“ წოდებული პარლამენტის წევრიც გახდა: იყო თავდაცვისა და ეროვნული უშიშროების კომისიის ქვეკომისიის თავმჯდომარე და საგარეო საქმეთა კომისიის მდივანიც. 1995 წლის იანვრიდან დეკემბრამდე სახელმწიფოს მეთაურის აპარატს ხელმძღვანელობდა, დეკემბერში კი საქართველოს სახელმწიფო კანცელარიაში გადავიდა და 2004 წლამდე იყო სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე – სახელმწიფო კანცელარიის უფროსი. სავარძელი ვერც “ვარდების რევოლუციამ” შეურყია და პეტრე მამრაძე 2004-2008 წლებშიც საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსი გახლდათ. 2008 წლის იანვარ-მარტში მთავრობის კანცელარიასთან შტატგარეშედ თანამშრომლობდა; 2008 წლის ივნისში კი საქართველოს მეშვიდე მოწვევის პარლამენტის წევრობაც მიიღო.
მხოლოდ 2008 წელს გადაწყვიტა უმრავლესობიდან გასვლა და პრეზიდენტის გუნდის დატოვება. იმ პრეზიდენტისა, რომელმაც მას პირადად შესთავაზა სიაში საპატიო მე-19 ადგილი და რომელიც თავის დროზე არც მამრაძეს დარჩენია შეუმჩნეველი.
პარლამენტარი პეტრე მამრაძე “გურია ნიუსთან” მიხეილ სააკაშვილის ადრეული პერიოდის ამბებს იხსენიებს.
_ ბატონო პეტრე, როგორც ამბობენ, 24 წლის მიხეილ სააკაშვილში თქვენ დიდი პოტენციალი შეამჩნიეთ და სახელმწიფო კანცელარიაში შესთავაზეთ მუშაობის დაწყება, რაზედაც მისგან უარი მიიღეთ.
_ მე მაშინ ვიყავი საქართველოს მთავრობის ვიცე-პრემიერის სანდრო კავსაძის თანაშემწე. ბატონი სანდრო ამავდროულად გახლდათ სახელმწიფო დეპარტამენტის კომიტეტის უფროსი ეროვნებათაშორის და ადამიანის უფლებების დაცვის დარგში. სწორედ იქ, ქალბატონი მარიკა დარჩიას რეკომენდაციით შევთავაზე ბატონ მიხეილს კანცელარიაში მუშაობის დაწყება. მინდა გითხრათ, რომ თავიდან უარი თქვა, _ საგარეოში ვინიშნებიო. მაგრამ შემდეგ ცხონებულმა გურამ მამულიამ მკითხა, რომ მოგყავდა ვიღაც ახალგაზრდა კაცი, სად არისო. მე ვუთხარი, საგარეოში ინიშნება,-მეთქი. და… ვინ არისო? მიხეილ სააკაშვილი,-მეთქი. ააა, გიულის ვაჟიშვილო? მაგი საგარეოში არ მიიღესო.
წავალ და მოვიყვანო. წავიდა ბატონი გურამი და მართლაც მოიყვანა. ასეთი ისტორია იყო სინამდვილეში. მე დაურეკე ბატონ მიხეილს მაშინ და ველაპარაკე. დიდი მადლობა მითხრა, უარი მხოლოდ იმის გამო გითხარით, რომ სხვაგან ვინიშნებოდიო.
_ ხომ არ იცით, რა იყო მიზეზი, რის გამოც სააკაშვილი საგარეო საქმეთა სამინისტროში არ მიიღეს?
_ დანამდვილებით ვერ გეტყვით, მაგრამ ის კი ვიცი, რომ მას იქ მიუწევდა გული, მაგრამ არ გამოვიდა მაშინ ეგ საქმე.
_ 2008 წელს თქვენ სწორედ სააკაშვილის ინიციატივით მოხვდით ნაციონალური მოძრაობის სიაში საპატიო მე-19 ადგილზე. როგორ ფიქრობთ, წარსულში გამოჩენილი ყურადღება არ დაგივიწყათ?
_ მინდა გითხრათ, რომ შესანიშნავი ურთიერთობა მქონდა ბატონ მიხეილთან, როგორც მის პრეზიდენტობამდე, მისი გაპრეზიდენტების შემდეგაც. 2008 წელს, რა თქმა უნდა, მან გადაწყვიტა და სხვებმაც დამირეკეს მაშინ, ვყოფილიყავი ნაციონალური პარტიის სიაში. პირადადაც მიმიღო ბატონმა პრეზიდენტმა და ნამდვილად საპატიო მე-19 ადგილზე გარანტირებულად აღმოვჩნდი ამ სიაში.
ამის შემდეგ, მე მიმაჩნია, რომ პარლამენტარის ფიცი და ჩემი ადამიანური ვალდებულება პრეზიდენტისა და მისი გუნდის მიმართ შევასრულე. იმ პრინციპებს, რა პრინციპითაც მოვდივარ მთელი ცხოვრება, არ ვუღალატე არც ერთი წუთი.
_ საუბრისას მითხარით, რომ როდესაც სააკაშვილის ძმებისა და მისი ოჯახის კორუფციული საქმიანობის შესახებ შეიტყვეთ, ამბის მოკითხვა დაიწყეთ სააკაშვილის მეგობრებთან, რომლებიც გიდასტურებდნენ, რომ ნამდვილად ასე იყო. რატომ იყავით ამ ფაქტით გაოცებული _ არ ელოდით პრეზიდენტის ოჯახის კორუფციაში ჩაბმას?
_ 2007 წელს, “იმედმა” აჩვენა სიუჟეტი. მე მგონი, ჭოპორტი ჰქვია იმ ადგილს, სადაც იფილტრება სასმელი წყალი თბილისისთვის, სადაც იდგა მდიდრული ვილები _ ერთი არის სააკაშვილის და მეორე ბიძამისის, თემურ ალასანიასიო. ჩემთვის ეს ამბავი ნამდვილად იყო შოკი. მანამდე მოდიოდა მხოლოდ ხმები იმაზე, რომ… როგორ გითხრათ, უყვარდა გადაჭარბებული დროის ტარება. ისეთი ფორმით ატარებდა დროს, რაც არ უნდა ეკადრებოდეს არც პრეზიდენტს, არც მის გარშემო მყოფ მაღალი რანგის პირებს.
მაგრამ როცა ვილა ვნახე, მე მაშინვე დაველაპარაკე მეგობრებს, მაღალი თანამდებობის პირებს, ვისთან ერთადაც მოვდიოდი ჯერ კიდევ 92 წლიდან, როდესაც პარლამენტში აგვირჩიეს ჟვანიას ფრაქციაში. ამ ადამიანების გვარები ყველამ იცის, მაგრამ კონფიდენციალური საუბრები იყო და არ ვასახელებ. მათ დამიდასტურეს, რომ ეს ნამდვილად მისი ვილა იყო.
_ პირადად სააკაშვილისთვის რომ გეკითხათ, ამის საშუალება არ გქონდათ? თქვენ ხომ მის დროსაც კანცელარიის უფროსი იყავით.
_ მე, პირადად, როგორც კანცელარიის უფროსს, არ მქონდა პირადი კონტაქტი პრეზიდენტთან და ასეც უნდა იყოს. ამის შემდეგ, სააკაშვილის გადადგომიდან მალევე “რუსთავი 2”-მა და სხვა ტელევიზიებმა აჩვენეს მიწასთან გასწორებული ის ადგილი, სადაც უკვე სამშენებლო ნაგავი ეყარა. მაშინ ხმა გაავრცელეს, ბიძამისმა აუშენა და აი, სააკაშვილმა დაანგრიაო. არც ეს იყო საკმარისი. გამოძიება უნდა ჩატარებულიყო ჯერ იმ ტერიტორიაზე, ვინ და ვის მისცა მშენებლობის უფლება.
მაგრამ გადადგა მაშინ სააკაშვილი და გახსოვთ, ალბათ, როგორ მივიდა სოზარ სუბართან 2008 წლის იანვარში. შემდეგ დაპატიჟა სოზარ სუბარი და გამოაცხადა, რომ კერძო საკუთრების დაცვის კომისიას შექმნიდა და სუბარს სთხოვდა თავმჯდომარეობას. არაფერი რომ არ გაკეთდა, ეგეც გემახსოვრებათ.
სულ მალე, როცა სოზარის თავდაჭერილი, მოკრძალებული ანგარიში იქნა წარმოდგენილი პარლამენტში 2008 წლის ზაფხულში, ეს იყო მიღებული როგორც მტრის შემოტევა კლანზე. მე ეს მაშინვე უთხარი ყველას, ვისაც მაშინ მივწვდი და კიდევაც ვთქვი _ მე გავალ უმრავლესობიდან. ვუთხარი აწ გარდაცვლილ გიორგი არსენიშვილსაც. მე მგონი, ეს კაცი ნერვიულობას გადაყვა და იმ გაორებას, რომელშიც ამყოფებდნენ. ყველაფერი ესმოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერაფერს ამბობდა.
აგვისტოს ომმა გადამაწყვეტინა, რომ არ გავსულიყავი უმრავლესობიდან, სანამ ომი არ დამთავრდებოდა _ სულ სხვანაირად იქნებოდა ეს მიღებული. თუმცა, ყველა გაფრთხილებული მყავდა, რომ მივდიოდი. დასტაბილურდა სიტუაცია და დავტოვე უმრავლესობის რიგები.
მე ვიყავი პირველი, ვინც თქვა, რომ სააკაშვილმა მოაწყო სამხედრო პოლიტიკური ავანტიურა, რომელიც დამთავრდა კატასტროფით. არასდროს მითქვამს, რომ საქართველომ ან თუნდაც სააკაშვილმა ომი დაიწყო. რისი ომის დამწყებია კაცი, რომელიც, ყველამ ნახა გორში როგორ გარბოდა, იმის გამო, რომ რაღაც მოელანდა და როგორ იდგა მერე მუხლებზე დაჩოქილი.
_ ბოლოს როდის შეხვდით სააკაშვილს პირადად?
_ შევხვდი 2008 წლის მაისში. დამელაპარაკა, როგორც დეპუტატობის კანდიდატს და მერე გავიგე, რომ ფრიად საპატიო, მე-19 ადგილზე ჩამსვა. არადა, არასდროს ვყოფილვარ ნაცმოძრაობის წევრი. პრეზიდენტმა მაშინ თავის თავზე აიღო, რომ ვყოფილიყავი მე-19 ადგილზე.
მას შემდეგ მიხეილ სააკაშვილს პირადად აღარ შევხვედრივარ.