გასულ კვირას, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის #1 საბავშვო ბაღში პედაგოგებმა მშობლებს აღსაზრდელების ოჯახის წევრთა მონაცემები მოსთხოვეს: _ რამდენი ადამიანი ცხოვრობს ოჯახში, სახელი, გვარი, ასაკი გვაინტერესებს, _ განუმარტეს პედაგოგებმა მშობლებს.
კითხვაზე, რისთვის იყოს საჭირო ამ სახის მონაცემები, მასწავლებლებს პასუხი არ აღმოაჩნდათ: _ ასე მოგვთხოვეს და ჩვენც ვაკეთებთ, _ აღნიშნეს პედაგოგებმა.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის, ნინო ბარამიძის განმარტებით, აღნიშნული ინფორმაცია დემოგრაფიული მონაცემებისთვის არის საჭირო:
_ ბაღში ყოველთვის ხდებოდა დემოგრაფიული მონაცემების შეგროვება. დიდი ხანია, ამ სისტემაში ვმუშაობ და ყოველთვის ასე იყო, _ გვითხრა ბარამიძემ.
_ ქალბატონო ნინო, რამდენიმე წელია მსგავსი მონაცემები არავის მოუთხოვია. მეც მშობელი ვარ და ეს დაზუსტებით ვიცი. სასწავლო წლის მოწურულს, საარჩევნოდ, ამ მონაცემების მოთხოვნამ ბევრი ეჭვი გააჩინა.
_ ნამდვილად არაფერი აქვს საერთო ამას არჩევნებთან, _ გვითხრა ბარამიძემ.
როგორც გავარკვიეთ, ლანჩხუთისა და ოზურგეთში საბავშვო ბაღის აღსაზრდელების მშობლებს მსგავს მონაცემებს არ სთხოვენ.
ოზურგეთის ბაღების გაერთიანების პრესსამსახურის ხელმძღვანელის, ხათუნა შარაძის თქმით, აღსაზრდელის საბავშვო ბაღში მისაღებად საჭიროა მხოლოდ მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის განცხადება და აღსაზრდელის დაბადების მოწმობის ქსეროასლი, ფოტოსურათი და ჯანმრთელობის ცნობა. სხვა სახის მონაცემები ფილიალებში ბავშვის მისაღებად არ წარმოადგენს საჭიროებას: _ სხვა ცნობას რაც შეეხება, საჭიროა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა აღსაზრდელი სარგებლობს ჩვენს მიერ დაწესებული შეღავათებით _ სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი და ლტოლვილი, _ გვითხრა შარაძემ და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე არც გაერთიანება და არც მისი ფილიალები მშობლებისგან არანაირი მონაცემებს არ ითხოვენ.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის, ნინო ხალვაშის თქმით, ბავშვების ოჯახის წევრთა რაოდენობით არასოდეს დაინტერესებულან: _ ჩვენ გვაქვს ბავშვის და მათი მშობლების მონაცემი, რაც ჩვენთვის საჭიროა. მათი ოჯახის წვერების რაოდენობა და მონაცემები არასოდეს შეგვიგროვებია, რადგან საჭირო არ არის, _ აღნიშნა “გურია ნიუსთან” საუბრისას ხალვაშმა.