პლეი-აუტის ზედა ოთხეულში მყოფი გუნდების პაექრობა დაძაბული და საინტერესო რომ იქნებოდა, წინასწარვე შეიძლებოდა ამის განსაზღვრა. ამის მაგალითად ლანჩხუთის “გურიასა” და ბოლნისის “სიონის” შეხვედრაც გამოდგება.
ქულები უფრო მეტად სტუმრებს ესაჭიროებოდათ, თუმცა “გურია”, მოგების შემთხვევაში, ფაქტობრივად, ინაღდებდა უმაღლესი ლიგის საგზურს.
მატჩი გურულების უპირატესობით დაიწყო და მათ გატანა ორჯერ შეეძლოთ _ პირველ შემთხვევაში, თამაზ ჩარგეიშვილის შესრულებული საჯარიმოს შემდეგ “სიონი” ხარიხამ გადაარჩინა, ხოლო შემდეგ დავით მაისაშვილმა ყველას კი დაასწრო, მაგრამ მისი თავური მეკარესთან ერთად კარსაც ასცდა.
სამაგიეროდ, პირველივე შეტევა გოლად აქციეს ქვემოქართლელებმა _ დაცვის მიუტევებელი შეცდომით ზვიად მეტრეველმა კარგად ისარგებლა და საჯარიმოში შესულმა ლევან ბუბუტეიშვილს ისეთი დაურტყა, საგოლედ საკმარისი გამოდგა; დაცვის შეცდომას მეკარის არადამაჯერებელი თამაშიც დაემატა _ 0:1.
ამის შემდეგ ლანჩხუთელებმა ვითარების გამოსწორება სცადეს. მეორე ნახევარში ბევრს კი ეცადნენ, მაგრამ რეალურ ხიფათამდე საქმე არ მიდიოდა. მხოლოდ რამდენიმე ეპიზოდის გამორჩევა შეიძლება _ თამაშის განახლებიდან მალევე მაისაშვილს მიეცა შანსი, მაგრამ ცოტათი ააცილა.
ანალოგიური ეპიზოდი ვერ გამოიყენა ტარიელ კუკულაძემაც _ გიგა კვერენჩხილაძის (პლეი აუტის ბომბარდირი და “გურიის” მთავარმეგოლე ტრავმირებულია) არყოფნაში გურულთა კაპიტანსაც სიზუსტემ ცოტათი უმტყუნა.
თუმცა, ამ ორ მეტად სახიფათო ეპიზოდს შორის იყო შემთხვევა, როცა მატჩის ბედის სათავისოდ გადაწყვეტა სტუმრებს შეეძლოთ, ხოლო მეტრეველი მატჩის გმირი გახდებოდა _ მასპინძელთა მეკარემ თენგიზ ჩიკვილაძის დარტყმული უხეიროდ მოიგერია, მაგრამ “სიონის” ფორვარდმა საჩუქარი ვერ შეირგო და მეკარის ბაქნიდან ძელს გაარტყა.
ბოლო წუთებში მოედანზე რამდენჯერმე სიტუაცია დაიძაბა, ერთხელ კი მსაჯს მატჩის შეჩერება და მობურთალთა დაშოშმინება მოუხდა.
ვითარება მას შემდეგ კიდევ უფრო დაიძაბა, რაც არსენ ნონიკაშვილმა მაისაშვილის თავით გატანილი გოლი გააუქმა. უფრო ზუსტად, გატანამდე ჩასტვინა _ თამაზ ჩარგეიშვილმა საჯარიმოში ჩაჰკიდა, მინდია ბობღიაშვილს გამოსვლაზე ყველაზე მეტად ხელი თავისიანმა შეუშალა, მაგრამ მსაჯმა ჩათვალა, რომ მეკარე ბურთამდე გურულებმა არ მიუშვეს. ვიდეოჩვენებისას აშკარად ჩანს, რომ მსაჯმა შეცდომა დაუშვა.
ლანჩხუთელებმა მატჩის გადარჩენა მაინც მოახერხეს _ “სიონის” მეკარემ ახლო მანძილიდან დარტყმული სასწაულებრივ კი უკუაგდო, მაგრამ მას მცველები ვეღარ მიეშველნენ და გია თოდუას ცარიელ კარში გატანა არ გასჭირვებია, 1:1.