გაზეთ “გურია ნიუსის” რედაქციას!
სკოლაში მათემატიკის ძლიერი მასწავლებელი მყავდა; ეთერ გოგელიას ნასწავლით, ყველა ფონს გავიდა, მაგრამ მე ვატყობ შევარცხვინე ჩემი უსაყვარლესი პედაგოგი.
სამი თვის ხვეწნა-მუდარის შემდეგ, როგორც იქნა ვეღირსე ჩოხატაურის სოცუზრუნველყოფის წარმომადგენლის მოსვლას ჩემთან: მარტოხელა, 800 კვ/მ. მიწა, ცოტაოდენი თხილი, 50 ძირი მსხალი, ტყემალი, ლამაზი ეზო, ოროთახიანი საკურორტო სახლი.
კითხვები და პასუხები:
_ ტელეფონი გაქვთ?
_ კი!
_ ტელევიზორი?
_ არა!
_ მაცივარი?
_ არა!
_ პირუტყვი გყავთ?
_ არა!
_ ფრინველი?
_ არა!
_ ეკონომიურად დამხმარე?…
_ ღმერთმა ყველა კარგად მიმყოფოს დისშვილ-ძმისშვილები, მაგრამ მათაც არ ულხინთ ოჯახების შენახვა…
მოკლედ, ყველაფერზე ნული ქულა დამიწერა და დამემშვიდობა. ერთი თვის შემდეგ ჩავაკითხე რაიონის სოცუზრუნველყოფას. ჩართო კომპიუტერი და ნამდვილად წავიკითხე _ ყველა შეკითხვის გასწვრივ ნული ქულა მეწერა. ჯამი გაინტერესებთ? 85 444 ქულა გაქვთ და არ გეკუთვნითო. გაკვირვება სახეზე აშკარად გამომეხატა. ვეკითხები, საიდან გამოჩხრიკეთ 85 444 ქულა?
პასუხი აგდებულად გამცა _ წადი და თბილისში გაარკვიეო. გავარკვიე _ რაიონი რასაც გადმოგვცემს, ჩვენ იმის შეცვლის უფლება არ გვაქვსო.
ძვირფასო რედაქცია! გთხოვთ, დამეხმაროთ: გამარკვიეთ საიდან მიიღეს ეს ციფრი?!
ისე, ცნობისთვის, მაგ მათხოვრულ დახმარებას მე მაინც არ ავიღებ! ვაუჩერიც გავაჩუქე, რადგან ისიც მათხოვრულია! გემუდარებით, უპასუხოდ ნუ დამტოვებთ.
თბილისიდან უკვე ორი წლის გადმოსახლებული,
მამა-პაპის კარმიდამოში დაბრუნებული,
36 წლის პედაგოგი, ზემოსურებში დამკვიდრებული,
მანანა ამბერკის ასული ტრაპაიძე
რედაქციისგან: აღნიშნულ წერილთან დაკავშირებით, ვესაუბრეთ ჯანდაცვის სამინისტროს მედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს ქალბატონ მარიკა ცაგარეიშვილს: _ ვერ გეტყვით რის გამო მოვიდა მაღალი ქულები, მაგრამ გარწმუნებთ, რომ ეს საქმე აუცილებლად იქნება შესწავლილი და გადამოწმებული, _ აღნიშნა ჩვენთან საუბარში მარიკა ცაგარეიშვილმა.