ხელისუფლებამ არჩევნებისთვის აქტიური მზადება დაიწყო. როგორც გავიგეთ, მმართველი ძალა საკმაოდ შეშფოთებულია _ მიზეზი ის ანტისახელისუფლებო განწყობაა, რომელიც მოსახლეობაშია და ხელისუფლებას მოსვენება დაუკარგა.
ის, რომ ჩოხატაურში ოპოზიციური სპექტრი საკმაოდ სუსტია, ხელისუფლებას ვერ ამშვიდებს. ზოგადმა სიტუაციამ და როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილის ფაქტორმა, ხელისუფლება შეაშინა და არჩევნების მოსაგებად ყველაფერს აკეთებს _ თითქმის ყოველდღე, სოფელ-სოფელ დადიან და დაპირებებს არ იშურებენ. თუმცა, იმასაც აანალიზებენ, რომ ხალხი დაპირებებით დაღლილია, ამიტომ კონკრეტულ მოქმედებებზეც გადადიან.
წლევანდელ ბიუჯეტში აღდგა ერთჯერადი დახმარებების პროგრამა, მიუხედავად იმისა, რომ გასული წლის დასაწყისში ფინანსთა მინისტრმა, ადგილობრივ ხელისუფლებას მსგავსი დახმარების გაცემა აუკრძალა.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურის ხელმძღვანელის, თეონა ჩიგოგიძის ინფორმაციით, 2012 წლის 1 იანვრიდან დღემდე, ჩოხატაურის ბიუჯეტიდან 55 000 ლარია გაცემული.
ხელისუფლებამ დაიწყო შიდა გზების სარემონტო სამუშაოები. აღსანიშნავია, რომ ამ გზების შეკეთებას, როგორც დაბაში, ასევე მუნიციპალიტეტის სოფლებში, რამდენიმე წელია უშედეგოდ ითხოვს მოსახლეობა.
ხელისუფლება იმ ადამიანებსაც უწევს რეკომენდაციას, რომლებიც სიღარიბის ზღვარს ქვევით პროგრამაში ვერ მოხვდნენ, თუმცა, დახმარებას საჭიროებენ. თუმცა, დღემდე ამბობდნენ, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს მუშაობა მათ არ ეხებოდათ და ადამიანებს ჯანდაცვის სამინისტროში ამისამართებდნენ.
ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, უკვე შედგა ჩოხატაურელ პატიმართა სია, რომლებიც ციხეს 28 აგვისტოს დატოვებენ იმ გარანტიით, რომ ხელისუფლებას საარჩევნოდ ხმების მოპოვებაში დაეხმარებიან. აღსანიშნავია, რომ სიაში, რომელშიც ამ ეტაპზე 12 პატიმარია, იმ კატეგორიის მსჯავრდებულები შედიან, რომლებსაც “ძველბიჭური” მიდგომები ჰქონდათ და ჩვენი ხელისუფლება თითქმის “კანონიერ ქურდებთან” აიგივებდა.
თუმცა, მანამდე, საჯარო მოხელეებს სპეციალური თათბირები ჩაუტარდათ, სადაც მკაცრად განესაზღვრათ კონკრეტული რაოდენობა ადამიანებისა, რომლებსაც შემოდგომაზე, საარჩევნო ურნასთან ხუთიანი უნდა შემოხაზონ.
ამ თათბირებზე დარიგდა სპეციალური ბლანკები, სადაც ამომრჩევლის გვარის, სახელის, პირადობის მოწმობის და ხელწერის გრაფებია. ჩვენი წყაროს თქმით, საჯარო მოხელეებს ისიც უთხრეს, რომ თუ ამ სიების გაკეთებას და მათში მითითებული რაოდენობის საარჩევნო ყუთთან მობილიზებას ვერ მოახერხებენ, სამსახურის დატოვება მოუწევთ, თუმცა, ამ მუქარის შესრულების არავითარი მექანიზმი არ არსებობს.
როგორც გავიგეთ, საჯარო მოხელეებმა ბლანკების შევსება უკვე დაიწყეს. არასამეწარმეო იურიდიული პირების ხელმძღვანელებს 20-20-კაციანი სიების მიტანა დაევალათ, სამსახურის უფროსებს _ 10-კაციანის, სოფლის რწმუნებულებს კი მხარდამჭერების სია მინიმუმ 100-მდე კაცამდე განუსაზღვრეს.
სოფელ ხევის რწმუნებული ლევან მამალაძე ამბობს, რომ მისთვის მხარდამჭერთა სიის მოგროვება ჯერ არ დაუვალებიათ:
_ ჯერ ჩემთან მაგ თემაზე საუბარი არ ყოფილა, _ გვითხრა მამალაძემ.
_ სავარაუდოდ, რამდენი მხარდამჭერის მოგროვებას შეძლებთ?
_ არ ვიცი, არჩევნებამდე დიდი დროა.
_ ამჟამად როგორი განწყობაა სოფელში?
_ ნორმალური, თუმცა, სანამ არ დასახელდება კანდიდატი, ჯერ ვერ გაიგებ.
_ ჯერჯერობით არ იცით ხევში ოპოზიციის მომხრე მეტია თუ ხელისუფლების?
_ ჯერ მაგის პროგნოზს ვერ გავაკეთებ, _ აღნიშნა მამალაძემ.
სოფელ გორაბერეჟოულის რწმუნებული, გიორგი ბერიძე ამბობს, რომ სიების შეგროვება არც მას დაუწყია:
_ ხმები მეტი გვექნება, ალბათ, და ვფიქრობ, რომ მოვიგებთ. ჯერ ასე ჩანს და გამომჟღავნებით საწინააღმდეგოს არავინ ამჟღავნებს. თუმცა, ყველაფერი შეიძლება მოხდეს.
ერთ-ერთი სოფლის რწმუნებულის თქმით, რომლის ვინაობას, ჩვენ შეგნებულად, მისივე უსაფრთხოების მიზნით არ ვასახელებთ, მან მხარდამჭერთა სიების შეგროვება 15 დღის წინ დაასრულა:
_ ეგ დიდი ხანია დავასრულე.
_ რამდენი მხარდამჭერის მოგროვება შეძელით?
_ ზუსტად არ ვიცი, არ დამითვლია.
_ როდესაც ამ გამოკითხვებზე დადიოდით, როგორი იყო პოზიციისა და ოპოზიციის მხარდამჭერთა რაოდენობა?
_ ალბათ, ნახევარი ნახევარზე.
_ გამოდის, რომ სერიოზული სამუშაო გქონიათ.
_ კი.
კიდევ ერთი რწმუნებული, რომლის ვინაობასაც ჩვენ ასევე არ ვამხელთ, “გურია ნიუსთან” საუბრისას აღნიშნავს, რომ ხმების შეგროვება ძალიან ჭირს:
_ ხალხი იმდენად არის გაღიზიანებული, რომ არ მგონია, ხმა მოგვცეს. როცა ხელმომწერებს და პირადობების ნომრებს ვაგროვებდი, რამდენიმემ პირდაპირ მითხრა, რომ ბლანკზე ხელს ჩემი ხათრით აწერდა. აღარ ვიცით, რა უნდა ვქნათ. ამ რეჟიმში მუშაობა წარმოუდგენელია, _ ამბობს ჩვენი რესპონდენტი.
ჩვენი ინფორმაციით, საჯარო სამსახურში დასაქმებულებს ისიც შეახსენეს, რომ არ დაივიწყონ ბიზნესში თუ სხვა სამსახურებში დასაქმებული მათი ახლობლები და იზრუნონ იმაზე, რომ ისინი უსამსახუროდ და შემოსავლის გარეშე არ დატოვონ.
როგორც შევიტყვეთ, ჩოხატაურში, ერთ-ერთი ინდმეწარმე მხოლოდ იმიტომ დააჯარიმეს, რომ მისმა მეუღლემ ხელი ბლანკზე არ მოაწერა და არ დააფიქსირა, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში ხმას მმართველ გუნდს მისცემს.
ჩოხატაურელები ფიქრობენ, რომ ასეთი ფაქტები გახშირდება და ხელისუფლება ზეწოლის ახალ ფორმებს გამოძებნის. მით უმეტეს, რომ დაზუსტებული ინფორმაციით, მათ პირდაპირ აქვთ მითითება _ არჩევნები არ უნდა გაყალბდეს და დამკვირვებლებმა “დემოკრატიული ქვეყნის შესაფერისი დემოკრატიული არჩევნები უნდა დააფიქსირონ”.