საუბარია იმაზეც, რომ ტერიტორიის გასხვისებას 1921 წელს ხელი სერგო ორჯონიკიძემ მოაწერა “დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს” ლიდერი ნინო ბურჯანაძე “გურია ნიუსთან” საუბრისას იმ პერიოდს იხსენებს, როდესაც ეს საკითხი საკმაოდ მწვავედ იდგა დღის წესრიგში.
“მე მახსოვს ძალიან კარგად, როდესაც საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარედ ვმუშაობდი, მაშინაც დაკავებული ვიყავი საზღვრის დელიმიტაციის საკითხებით. მახსოვს უშიშროების საბჭოს სხდომა, როდესაც ედუარდ შევარდნაძეს მივმართე თხოვნით _ “მიაქციეთ ყურადღება საზღვრების დემილიტაციის საკითხებს, რადგან თქვენ ხართ ის ადამიანი, რომელსაც კონტაქტი გაქვთ აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ჰეიდარ ალიევთან, სომხეთის პრეზიდენტთან. თქვენ ხართ ის პრეზიდენტი, რომელსაც აქვს ყველაზე მეტი შესაძლებლობა და შანსი, რომ საქართველოს საზღვრები დადგინდეს, იმიტომ რომ არც ერთ სხვა შემდეგ პრეზიდენტს ასეთი შანსი არ ექნება”. სამწუხაროდ, ეს შანსი არ იქნა მაშინ გამოყენებული“.
ჩვენს კითხვაზე, ეკუთვნის თუ არა უდაბნოს ტერიტორია საქართველოს და რამდენად იზიარებთ ხელისუფლების პოზიციას კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით? ნინო ბურჯანაძემ განაცხადა: “რაც შეეხება დავით გარეჯს, ეს ძალიან რთული თემა. სამწუხაროდ, არ ვიცი ორჯონიკიძის ხელისმოწერა იყო თუ ვისი, მაგრამ ორჯონიკიძეები დღეს უფრო მეტი გვყავს ხელისუფლებაში. საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ ვერ შეძლო ჩვენს ყველაზე ახლო მეგობარ და სტრატეგიულ სახელმწიფოსთან, აზერბაიჯანთან, რომელსაც ჰყავს საქართველოსადმი კეთილგანწყობილი პრეზიდენტი, ბოლომდე მიეყვანა მოლაპარაკება, რომელიც მიდიოდა საზღვართან დაკავშირებით. სხვათაშორის, ახალქალაქის ერთ-ერთ სოფელთან დაკავშირებითაც შეიძლება იგივე პრობლემა შეიქმნას სომხეთთან. ჩვენ უნდა გაგვეცვალა ტერიტორიები _ ანუ, იმავე მოცულობის ტერიტორია გადაგვეცა აზერბაიჯანისთვის და ახალქალაქში _ სომხებისთვის. სანაცვლოდ მიგვეღო ტერიტორიის ის ნაწილი, სადაც ჩვენი კულტურული მემკვიდრეობაა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ხელისუფლებას ისე რომ ემოქმედა, როგორც საჭირო იყო და მე ეს საკითხი არაერთხელ დამისვამს, შევძლებდით, ამ საკითხის მოგვარებას. ეს პრობლემა 2008 წლის ოქტომბრამდე არ იყო. იმიტომ რომ ელემენტარული უწყების დონეზე მაინც ხდებოდა პოზიციების შეჯერება, რომ საქმე გამწვავებამდე არ მისულიყო. ეს არის თავიდან ბოლომდე ჩვენი ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხი. დარწმუნებული ვარ, როდესაც ქვეყანაში ეროვნული ხელისუფლება მოვა, ჩვენ შევძლებთ აზერბაიჯანელებთან ამ საკითხების მოგვარებას; შევძლებთ სხვა პრობლემების გადაწყვეტას სომხებთანაც. სხვათაშორის, ჩვენ ასევე გასამიჯნავი გვაქვს საზღვარი რუსებთან, რასაც მოახერხებს ეროვნული ხელისუფლება”, _ თქვა ნინო ბურჯანაძემ.