ვანო ჩხარტიშვილმა ბრიტანეთში პირველი ქართული საერთაშორისო სამაუწყებლო ტელეკომპანია “მზერა” დააფუძნა და ამავდროულად დაიწყო სამართლებრივი პროცედურები ტელეკომპანია “მზის” დასაბრუნებლად.
“ლონდონში პირველი ქართული საერთაშორისო სამაუწყებლო კომპანია “მზერა” დავაფუძნე. სახელწოდება შემთხვევით არ არის შერჩეული _ “მზერა” ერქვა ტელეკომპანია “მზის” საინფორმაციო გამოშვებას. ეს ტელეკომპანია კი, სხვა არაერთი მედიასაშუალების მსგავსად, დღევანდელი ხელისუფლების პირდაპირი დაკვეთით იქნა მეპატრონეებისთვის წართმეული.
პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ გახორციელებული ზეწოლის შედეგად, იძულებული გავხდი ტელეკომპანია “მზე” სააკაშვილის მიერ შემოთავაზებულ სუბიექტზე გადამეფორმებინა. წინააღმდეგობის გაწევა შეუძლებელი იყო, რადგან რეალური საფრთხის წინაშე დავდექი არა მარტო მე, არამედ ჩემი ოჯახის წევრები, ბიზნეს-პარტნიორები და ბიზნეს-სტრუქტურების ასობით თანამშრომელი”, _ ნათქვამია ვანო ჩხარტიშვილის განცხადებაში.
როგორც ცნობილი გახდა, მომზადებულია სარჩელი მოქალაქე სააკაშვილის წინააღმდეგ, თუმცა ვანო ჩხარტიშვილი საქმის დეტალებს მისი კონფიდენციალობის გამო არ ახმაურებს;
ვანო ჩხარტიშვილი: “მჯერა, რომ ტელეკომპანია “მზეს” აუცილებლად დავიბრუნებ. სამართლებრივი ექსპერტიზა გავლილია მსოფლიოს წამყვან იურისტებთან. ამავდროულად, მომზადებულია სარჩელი მოქალაქე სააკაშვილის წინააღმდეგ (საქმის დეტალებს, მისი კონფიდენციალობიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე არ ვახმაურებთ). დარწმუნებულები ვართ, რომ ობიექტური საერთაშორისო სასამართლო მას, ჩვენთვის მიყენებული ზარალისთვის, სოლიდურ ფინანსურ სანქციებს დააკისრებს, რომლისგან ამოღებული თანხა ქართული თავისუფალი მედიის განვითარებას მოხმარდება”.
“გურია ნიუსის” კითხვაზე, ჰქონდა თუ არა ტელეკომპანია “გურიაში” ინტერესები ვანო ჩხარტიშვილს, რომელიც ასევე ხელისუფლებამ მიისაკუთრა, გიორგი გიორგაძემ გვითხრა: “გულწრფელად გეუბნებით, არაფრით არ შემიძლია გიპასუხოთ რამე სხვა თემაზე, რომელიც არის დაკავშირებული ბატონ ვანო ჩხარტიშვილთან. ბატონი ვანო არის ღია ნებისმიერი კითხვაზე საპასუხოდ, ეს იქნება მედია მიმართულების, პოლიტიკური მიმართულების, ეკონომიკურ მიმართულების თუ სხვა საკითხზე. ამ ეტაპზე, ამის მეტს ვერაფერს გეტყვით.
ჟურნალისტების სხვა კითხვებთან დაკავშირებით გიორგი გიორგაძემ განაცხადა; “უახლოეს მომავალში, ბატონი ვანო ქართული მედიისთვის აპირებს პირდაპირ “ონლაინ” პრესკონფერენციის მოწყობას და ნებისმიერ თქვენს კითხვაზე პასუხი პირადად მისგან იქნება პასუხგაცემული”.