“მე მოვასწარი და გადაცემის ბოლო ნაწილი ვნახე, როდესაც კვესიტაძემ დავით უსუფაშვილს შეაწყვეტინა სიტყვა და მერე გადმოერთო აქეთ.
კვესიტაძემ ვერაფრით ვერ მოახერხა, რომ წყენა დაემალა, ისეთი განაწყენებული იყო, ვერაფრით ვერ დაწყნარდა. არ ვიცი, რატომ იყო განაწყენებული. პრინციპში, რატომ იყო განაწყენებული გასაგებია, ამდენი ხალხი მოვიდა, ვერ მალავდა თუ არ მალავდა, მაგრამ ვერაფრით ვერ მოახერხა, ან არ მოახერხა წყენის დამალვა,” _ განაცხადა ივანიშვილმა
“გიორგი მარგველაშვილი ცდილობდა, ეჩვენებინა, რომ ხალხის ლტოლვას თავისუფლებისკენ ვერავინ ვერასდროს ვერ შეაჩერებს. იხსენებდა ისტორიას და მერე ის გაუხსენეს, ადრეც იყო ეს ხალხიო.
გიორგიმ ჩემზე კარგი განმარტებები გააკეთა, თუმცა ვერაფრით მოახერხა და ვერ გადმოიყვანა კვესიტაძე აქეთ, თანაც არც ერთი საყვედური არ უთქვამს კვესიტაძისთვის, არ შეახსენა მას, რომ ის საზოგადოებრივი არხის წამყვანი იყო, საზოგადოებრივ არხს წარმოადგენდა და მას უფლებაც კი არ ჰქონდა, საზოგადოების ასეთი განწყობა ისეთი წყენით მიეღო”, _ აღნიშნა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
ივანიშვილს ყურადღების მიღმა არც გია ნოდია დარჩენია და ის დემაგოგად მოიხსენია: “ახლა, გია ნოდია, პრინციპში, გასაგებია. ასეთი ტიპის დემაგოგები ევროპაშიც არიან, მაგრამ გია ნოდიამ მოახერხა საოცრება _ როდესაც კონსტიტუციურ ცვლილებებთან დაკავშირებით შეეკითხა კვესიტაძე, ანუ ვისარგებლებდი თუ არა ამ ცვლილებით, ნოდიამ ძირითად დამნაშავედ მე გამოყვანა, საქართველოს მოქალაქეობას პატივს არ სცემს ეს კაციო. ისიც გაიხსენა, 26 მაისს ხალხი რომ დაიხოცა, _ ხელისუფლება რა შუაში იყოო, ვიღაც ორგანიზატორმა გააკეთა ესო…”
ჟურნალისტებთან შეხვედრის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი, განსაკუთრებით კი საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის, ივანიშვილისა და მედიის სამომავლო ურთიერთობა გახლდათ.
ბიძინა ივანიშვილი: “ჩვენ როდესაც მოვალთ ხელისუფლებაში, საზოგადოებრივი არხის წარმომადგენლებს არ გადაუხდის საზოგადოება ხელფასს, თუ ისეთი საწინააღმდეგო განწყობა ექნებათ, როგორიც გუშინ, რომელიც ვერ დამალა კვესიტაძემ. ასევე, გია ნოდია ვერ იქნება ასეთი დემაგოგიით მოსმენადი. ალბათ, მისი ასაკიდან გამომდინარე, ვერ მოახერხებს დემაგოგიიდან გამოსვლას, მაგრამ მას მოუწევს დახვეწოს მეთოდები _ სიბერეში მოუწევს მუშაობა, რათა უფრო გაწაფული დემაგოგია გამოიყენოს. ასეთი უხეში დემაგოგიით, რომ თურმე მე, კონსტიტუციური ცვლილებების შემდეგ, არ ვცემ საქართველოს მოქალაქეობას პატივს, რომ 26 მაისის ტრაგედიაში ხელისუფლება არაფერ შუაშია და ვიღაც ოფიცერმა ჩაიდინა ეს, ნოდიას გაუჭირდება ახალ საზოგადოებაში თავისი ადგილის პოვნა. მაგრამ, შეიძლება მოახერხოს.
ჟურნალისტის კითხვას, ე.ი. საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლები უმუშევრები დარჩებიან? ივანიშვილმა ასე უპასუხა:
“ყველა დარჩება თავის ადგილზე. ჩვენ არავის უმუშევრობით არ ვემუქრებით. მათ მოუწევთ, გადააწყონ თავისი რიტორიკა. თუ არ მოუნდება საზოგადოებას, არ განთავსდება იქ რეკლამა, არ გადაიხდება იქ ფული. ყველა ტელევიზიას ასე მოუწევს. მე არავის დახურვა არ მინდა. კიდევ უნდა გაიხსნას ტელევიზიები. პირიქით, უფრო მეტი უნდა იყოს, მაგრამ ხალხი უნდა გიყურებდეთ, ხალხი უნდა იყენებდეს იმას, რასაც ამბობთ თქვენ და რასაც წერთ, ბეჭდვითი იქნება, სატელევიზიო თუ რადიო იქნება. თქვენ არც ერთს კონკრეტულად არ მოგმართავთ, მაგრამ ბევრს ეკუთვნის ეს, თუ ვერ მოახერხებენ და ვერ გადააწყობენ, ვერ მოერგებიან საზოგადოებას, ისე ვერ დაფინანსდებიან. დღეს როგორ ფინანსდება სიცრუის არხები, ხომ კარგად ვიცით? მათი ხელმძღვანელები საზოგადოებისგან იპარავენ და ისევ საზოგადოების წინააღმდეგ სიცრუეს აფინანსებენ. აი, ამის საშუალებას არ მივცემთ ჩვენ. სიცრუეს არ ექნება ისეთი გასავალი, რაც დღეს აქვს. ჩვენ არავის არაფერს ავუკრძალავთ! ღმერთმა დაგვიფაროს!”