საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს, მოსახლეობასთან შეხვედრისას, ოზურგეთის ამჟამინდელი მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში, გოჩა შანიძე და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალეკო მამეშვილი შეგვპირდნენ, რომ მოაგვარებდნენ ამ პრობლემას, მაგრამ დაპირება დაპირებად დარჩა, არჩევნებმა ჩაიარა და როგორც ამჟამად ხდება ცნობილი, სადავო მიწის ნაკვეთი, რომელიც შემოღობილი გვაქვს და რომელსაც დღემდე ვფლობთ, შეუსყიდია საქართველოს პროკურატურის თანამდებობის პირს შალვა საღირაშვილს, ჩვენ, 22 ოჯახი კი დაგვტოვეს პირში ჩალაგამოვლებული…” _ ნათქვამია პრეზიდენტისადმი მიწერილ წერილში, რომელსაც 22 ექადიელი აწერს ხელს.
ექადიელების მოტყუების ისტორია ასეთი გახლდათ: ქალაქ ოზურგეთის განაპირა უბან ექადიაზე, 1930 წლიდან, არსებობდა კოლმეურნეობა და აქ მცხოვრებთა უმრავლესობა საკოლმეურნეო კომლის კატეგორიას მიეკუთვნებოდა. ასე გრძელდებოდა 1993 წლის მარტამდე, ვიდრე კოლმეურნეობა საბოლოოდ გაუქმდებოდა. კოლმეურნეობის წევრები, ათეულობით მიწის ნაკვეთებს ფლობდნენ სოფლების: მერიის, ნატანებისა და ლეკიანის ტერიტორიებზეც. ნატანებისა და ლეკიანის ტერიტორიაზე განთავსებული მიწის ნაკვეთები, ზღვიდან 3 კილომეტრიან ზოლში მოხვდა და იგი რეფორმით გასანაწილებელ ფონდში არ იქნა შეტანილი. თუმცა, რამდენიმე თვის შემდეგ ეს შეზღუდვა გაუქმდა, მაგრამ ახალი კანონი მოსახლეობას დაუმალეს…
სოფელ ლიხაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც ექადიას ეკუთვნოდა, განთავსებულია რამდენიმე ჰექტარი მიწის ნაკვეთი _ 3,7 ჰექტარი განაწილებული იყო 22 ოჯახზე.
2008 წელს მიღებული იქნა კანონი ლეგალიზაციის შესახებ და ხალხს მიეცა შანსი, ამჟამად მაინც დაეკანონენებინათ მათ სარგებლობაში არსებული 3,7 ჰექტარი ფართობი. მათ მიმართეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ლეგალიზაციის კომისიას და წარადგინეს შესაბამისი დოკუმენტები.
ამ პერიოდს დაემთხვა ის გარემოება, რომ ლეგალიზაციის კომისიისა და მისი თავმჯდომარის საქმიანობის შესწავლა დაიწყო რაიონის პროკურატურამ. საკითხის განხილვა შეჩერდა გამოძიების დამთავრებამდე. გამოძიება დიდხანს გრძელდებოდა და 2008 წლიდან დღემდე გრძელდება.
“აქვე მოგახსენებთ, რომ ჩვენ ექადიელები “ვარდების რევოლუციიდან” მოყოლებული დღემდე მხარს ვუჭერდით და დღესაც მხარს ვუჭერთ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას. საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს, მოსახლეობასთან შეხვედრისას პარლამენტის ამჟამინდელი დეპუტატი გოჩა შანიძე და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალეკო მამეშვილი შეგვპირდა მოსახლეობას, რომ მოაგვარებდნენ ამ პრობლემას, მაგრამ დაპირება დაპირებად დარჩა, არჩევნებმა ჩაიარა და როგორც ამჟამად ხდება ცნობილი, სადავო მიწის ნაკვეთი, რომელიც შემოღობილი გვაქვს და რომელსაც დღემდე ვფლობთ, შეუსყიდია საქართველოს პროკურატურის თანამდებობის პირს, შალვა საღირაშვილს და ჩვენ, 22 ოჯახი დაგვტოვეს პირში ჩალაგამოვლებული.
ჩვენთვის ცნობილია, რომ ბატონი შალვა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანების ტერიტორიაზე, შავი ზღვის პირას, ფლობს 3000 კვ.მეტრ მიწის ნაკვეთს, ასევე სოფელ საგურამოში და კიდევ ვინ იცის სად, როცა ამ ნაკვეთის წართმევა ჩვენთვის არის პირიდან ლუკმის გამოძრობა, რადგან უმეტესობა ვართ უკიდურესად გაჭირვებულნი და ჩვენი ძირითადი სარჩო ამ ნაკვეთზე მოწეული სიმინდია.” _ ამბობს პრეზიდენტისადმი გაგზავნილი წერილის ერთ-ერთი ხელმომწერი.
ეკონომიკის მინისტრის 2011 წლის 1 დეკემბრის ბრძანებით, 36,801 კვ.მ. მიწის ნაკვეთი ელექტრონული აუქციონის წესით გაფორმდა შალვა საღირაშვილზე.
2012 წლის 16 იანვარს, ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელ ნინო კობალაძესა და მოქალაქე შალვა საღირაშვილს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც გადაეცა მას 36, 801 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და საფასურად ერთი თვის ვადაში უნდა გადაეხადა 11090 ლარი.
2012 წლის 18 იანვრიდან ეს ქონება ოზურგეთის საჯარო რეესტრში ირიცხება შალვა საღირაშვილის სახელზე.
2012 წლის 12 მარტს ქალაქ ოზურგეთში გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის ძალითაც შალვა საღირაშვილმა გაასხვისა ქონების ნაწილი მოქალაქეებზე: აკაკი საღირაშვილზე, რომელიც ცხოვრობს იმავე მისამართზე, ალექსანდრე ტოტოჩავასა და კახაბერ თავბერიძეზე. ამ მოქმედებით ეს ქონება გახდა ოთხი პირის. 2012 წლის 20 მარტს ნასყიდობის ხელშეკრულებით ა. ტოტოჩავამ, ა. საღირაშვილმა და კ. თავბერიძემ ისევ მიჰყიდეს ეს მიწა შ. საღირაშვილს უკან იმავე ფასად, თუმცა, რა მიზეზით, ჩვენთვის უცნობია.
2012 წლის 2 აპრილიდან ეს ქონება დაუბრუნდა სახელმწიფოს უკან, რასაც საფუძვლად ეკონომიკის მინისტრის მოადგილის დავით გიორგაძის 2012 წლის 26 მარტის ბრძანება დაედო, რომელმაც ძალადაკარგულად გამოაცხადა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურში მდებარე 36,801 კვ,მ, მიწის ნაკვეთის გასხვისებასთან დაკავშირებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 1 დეკემბრის #1/2528 ბრძანება.
2011 წლის 1 დეკემბრის #1/2528 ბრძანების გაუქმება მოხდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის თანახმად. აღნიშნული მუხლის 1 ნაწილი ითვალისწინებს ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადებას. ამავე მუხლის მეორე ნაწილში კი მითითებულია, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის, ძალადაკარგულად გამოაცხადოს კანონის შესაბამისად გამოცემული აქტი და მითითებულია თუ რა პირობებში ხდება აქტის ძალადაკარგულად გამოცხადება, მინისტრის ბრძანებაში მითითებული არ არის, რა მოტივით და რის საფუძველზე გაუქმდა საღირაშვილის ხელშეკრულება.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი ითვალისწინებს ასევე კანონის დარღვევით გამოცემული აქტის ბათილობასაც. მოცემულ შემთხვევაში კი გაუგებარია ზემოთ აღნიშნული აქტი, ძალადაკარგულად გამოცხადებულიყო თუ ბათილად ცნობილიყო.
ექადიის მცხოვრებლებმა წერილი გაუგზავნეს საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, სადაც ხელწერებით ადასტურებენ, რომ ისინი წლების მანძილზე ფლობენ აღნიშნულ მიწის ნაკვეთს.
“დაახლოებით, 60 წელია ვსარგებლობდით ამ მიწას, ჩვენი წინაპრებიც სარგებლობდნენ. თითოეული ოჯახი 2000 მ. ვსარგებლობდით. თავდაპირველად, როცა, 2008 წელს იყო მიწების მიზომვა, გაკეთებული იყო ნახაზი, ველოდებოდით დისკს, ფული შეტანილი გვაქვს, რისი დამადასტურებელი ბანკის ქვითრებიც გაგვაჩნია. წელს გვითხრეს, რომ მიწა აუქციონზე გაიტანეს და გაყიდულიაო. ვიბრძოლეთ მაგისთვის, რაც შეგვეძლო, ვის არ მივმართეთ, თბილისიდან პასუხიც მოგვივიდა, რომ ვინც ეს მიწა იყიდა, არის თბილისში მცხოვრები შალვა საღირაშვილი, რომელიც საქართველოს მთავარი პროკურატურის მაღალი რანგის ჩინოვნიკია, რომელსაც როგორც ჩვენ ვიცით, სხვა ადგილასაც ჰქონია მიწები ნაყიდი. ეს მიწა იყო ჩვენი. ჩვენ 22 ოჯახის სარჩო და მამოძრავებელი, ამაზე დამოკიდებული ვიყავით. ჩვენ სააკაშვილთანაც გავაგზავნეთ წერილი, სხვათა შორის, ორჯერ, საიდანაც პასუხიც მოგვივიდა და ეტყობა, რეაგირებაც იყო. ვიყავით დაბარებულები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელთან ილია ვაშაყმაძესთან, რომელმაც გვითხრა, რომ ღვთისნიერი აღმოჩნდა ის კაცი, ვინც ეს იყიდაო და დაგიბრუნდებათო. თუ შეიძლება, დავხნათ მეთქი და დაგვეთანხმა. ეს იყო 2012 წლის 4 აპრილს. მერე ვკითხეთ, წელს გვაძლევთ დათესვის ნებას, მაგრამ მომავალში რა ვქნათ,-თქო? _ ასეთი პასუხი გაგვცა, ეს მიწა სახელმწიფოსიაო. ოფიციალური წერილი არავის მოუწერია, თავს იკავებენ.”
ეს გაუგებრობა 2007 წლიდან დაიწყო. ადგილობრივებმა დაინახეს, რომ ამ საყანე ფართობში დადიოდნენ ვიღაცეები, ათვალიერებდნენ და ასურათებდნენ. აინტერესდნენ და მიმართეს მიწის ლეგალიზაციის კომისიის თავმჯდომარეს ვალოდია გირკელიძეს, რომელმაც განაცხადა, რომ უკვე ამ მიწაზე ორი აუქციონი ჩატარდა და მესამეზე გადისო.
“ჩვენი ოჯახი ამ მიწას ფლობს 1959 წლიდან, მაგრამ არიან მოსახლეები, რომლებიც უფრო მეტი ხანია ფლობენ. ჩვენ ვუთხარით ვალია გირკელიძეს, რომ ამ მიწას არ დავთმობთ-თქო. ეს იყო 2008 წელი. ახლაც დაგვიდგეს პირში და დაგველაპარაკოს თუა ვაჟკაცი. დაგვიწყო ვალიამ, მაგი მიწა იყიდებაო, ერთ პიროვნებას უნდაო, ჩვენ ვუთხარით, რომ არ დავთმობდით.
ამის შემდეგ დავწერეთ კოლექტიური წერილი, სადაც 22 ოჯახმა მოაწერა ხელი და მივედით ვალიასთან. ისევ დაგვიწყო, მყიდველი ჰყავს მაგ მიწას და აზრი არ აქვსო. გლეხები რომ ვართ და უპატრონოები, იმიტომ გვართმევთ ამ მიწას-მეთქი? მერე დაგვემუქრა ვალია, _ მე არ ვიქნები თანამდებობაზე, თქვენ თუ მაგ მიწას გაიფორმებთო. მართლაც გააკეთა ასე.
გამოვიძიეთ და ვნახეთ, რომ უყიდია საქართველოს მთავარი პროკურატურის მაღალჩინოსან შალვა საღირაშვილს. გავუგზავნეთ წერილი პრეზიდენტს. დაგვიბარა ილია ვაშაყმაძემ, რომელმაც გვითხრა, რომ ეს მიწა იყო კანონიერად გასხვისებული, ყველაფერი კანონიერად ჩატარდაო. ასე გამოვიდა, რომ 1000 მეტრი მიწა 400 ლარადაა გაყიდული. ასე გვითხრა, _ დათესეთ წელს და არავინ არ შეგეხებათო. ეს მიწა იმ კაცმა სახელმწიფოს გადმოსცაო, ჩვენთვის მოეცა და თანხას ჩვენ დავუბრუნებდით.
გლეხებისთვის ჩამორთმეული მიწის კიდევ ერთი მეპატრონე, კახა თავბერიძე (სურსათის, უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სამსახურის უფროსი) ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ილია ვაშაყმაძის დეიდაშვილი და გურიის ვიცე-გუბერნატარის, ლელა თავართქილაძის სიძე (დეიდაშვილის მეუღლე) გახლავთ. მან ჩვენთან საუბარი არ ისურვა:
_ არ ვიცი მე მაგასთან დაკავშირებით არაფერი.
_ ამ მიწის რაღაც ნაწილი თქვენს სახელზე იყო გადმოფორმებული, რომელიც ისევ შალვა საღირაშვილს დაუბრუნეთ და როგორ არ იცით?
_არ ვიცი არა, არა! არ მცალია, რა! თათბირზე შევდივარ, დამანებეთ რა თავი! _ გვითხრა თავბერიძემ და ტელეფონი გაგვითიშა.
“გურია ნიუსმა” ამ საკითხთან დაკავშირებით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელს ილია ვაშაყმაძეს მიმართა.
_ ბატონო ილია, მიწა, რომლითაც ექადიაზე მცხოვრები 22 ოჯახი 60 წელზე მეტია სარგებლობს, აუქციონის წესით შეიძინა ვინმე საღირაშვილმა, რაზეც ამ ოჯახებმა წერილობით პრეზიდენტსაც კი მიმართეს. რის შემდეგაც თქვენ დაიბარეთ აქ მცხოვრები რამდენიმე აქტიური პირი და უთხარით, რომ ეს მიწები საღირაშვილმა დაუბრუნა გამგეობას. ანუ, ეს ადამიანი კეთილსინდისიერი აღმოჩნდა და ეს მიწა სახელმწიფოს გადასცაო, უთხარით მოსახლეობას, ასევე დათესეთ და მოიწიეთო. თუმცა, ეს განცხადება სიტყვიერად შეათანხმეთ და ამაზე ოფიციალური პასუხი აქ მცხოვრებლებს და ამ ნაკვეთის მოსარგებლეებს ჯერ კიდევ არ მიუღიათ.
რა ინფორმაციას ფლობთ ამ ფაქტთან დაკავშირებით, დააბრუნა თუ აჩუქა ეს მიწის ნაკვეთი საღირაშვილმა გამგეობას?
_ ექადიის უბნის მაცხოვრებლებმა 2012 წლის 6 აპრილს #1944 განცხადებით მომართეს მუნიციპალიტეტის გამგეობას, სადაც ითხოვდნენ წლების მანძილზე მათ სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთის დაკანონებას. აღნიშნულთან დაკავშირებით დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება, მოძიებული იქნა მასალები და შევხვდი განმცხადებლებს. მათ განემარტათ, რომ მიწა დღეის მდგომარეობით არის სახელმწიფო საკუთრებაში და არც არასოდეს ყოფილა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრება.
რაც შეეხება მიწის დაკანონების საკითხს, აღნიშნული მიწის მოსარგებლეებს განემარტათ როგორც სიტყვიერად, ისე წერილობით (2012 წლის 20 აპრილი #1944), რომ მიწის საკუთრებაში გადაცემის ორი გზა არსებობს დღეს მოქმედი კანანომდებლობით: მათ შეუძლიათ მიმართონ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედ კომისიას ლეგალიზებისათვის, ან მიმართონ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს.
_ ალბათ, საქმის კურსში იქნებით, რომ შალვა საღირაშვილმა მიწის ნაწილი გადასცა კახა თავბერიძეს, რომელიც თქვენი დეიდაშვილია.
_ კი, დეიდაშვილია.
_ რა იცით ამ საქმესთან დაკავშირებით?
_ აზრზე არ ვარ, ვინაა ეგ საღირაშვილი საერთოდ.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოფლის მეურნეობის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის კომისიის თავმჯდომარე ვალერიან გირკელიძე ( ლეგალიზაციის კომისიის ყოფილი თავმჯდომარე): _ მაშინ იყო ასეთი კანონი, რომ მიმდებარე უნდა ყოფილიყო ტერიტორია, შენ უნდა გქონოდა შენს სახელზე და ლეგალიზაციით კეთდებოდა. მერე, როცა გაუქმდა ლეგალიზაციის კანონი, შემოვიდა მიმდებარეები, ადრე არ იყო ასე. მაშინ მათ ვერ გააკეთეს ეს საბუთები და დარჩნენ ახლა ასე. მერე ისევ მომაკითხეს გავაკეთებთო, მაგრამ გვიანი იყო, კანონით უკვე აკრძალული იყო. მე შევთავაზე მათ ის ვარიანტი, რომ აუქციონით უკვე შეგიძლიათ იყიდოთ,-მეთქი. მე არავითარი რამე ისე საქმეში არ ვყოფილვარ, არც ოფიციალურად მოუმართავთ ჩემთვის, მე პირიქით ვეხმარებოდი მათ ყველანაირად. მე ისიც არ ვიცი, ვინაა შალვა საღირაშვილი, აზრზე არ ვარ.