“ქუთაისში, 1 ივნისიდან 1 ივლისამდე, იგეგმება თეატრალური ფესტივალი “არტ ივნისი”, _ განაცხადა “ქართული ოცნების” ორშაბათის ტრადიციულ ბრიფინგზე მაია ფანჯიკიძემ
“ქართულმა ოცნებამ” 28 მაისს, მიმართა ქუთაისის მერიას, ხოლო ფესტივალის ორგანიზატორებმა 29 მაისს, რათა მთელი თვის განმავლობაში მათთვის დაეთმოთ ცენტრალური მოედანი. ქუთაისის მერიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ “ქართულ ოცნებას” 7 ივნისს, ვერ მისცემდნენ მოედანს, რადგან იქ იგეგმება მრავალათასიანი ღონისძიება, კერძოდ “ჯეოსტარის” კონცერტი.
“ქუთაისის მერიამ, უართან ერთად, შემოგვთავაზა ალტერნატიული ადგილი. ე.წ. “100 საფეხურის კიბე” _ დავით აღმაშენებლის ძეგლის მიმდებარე ტერიტორია, რომელიც ამავე დროს არის ქუთაისის სადგურის რკინიგზის ტერიტორია. ამის შემდეგ, კიდევ ერთხელ მივმართეთ თხოვნით, ჩვენთვის გაეცვალათ ადგილი _ აქციაზე ველოდებით ძალიან ბევრ მხარდამჭერს.
რადგან გავარკვიეთ, რომ 8, 9, 10 ივნისს, საღამოს საათებში იგეგმებოდა მხოლოდ საჯარო სკოლების ღონისძიებები, ხოლო დილის საათებში _ ბაგა-ბაღის აღსაზრდელთა ღონისძიებები, ვთხოვეთ, აღნიშნული ღონისძიება გადაეტანათ ალტერნატიულ ადგილზე, რომელიც შემოგვთავაზეს. ამაზეც მივიღეთ უარი. ამის შემდეგ, გადავწყვიტეთ, რომ “ქართული ოცნების” აქცია გაიმართება 10 ივნისს, 6 საათზე ე.წ. “100 საფეხურის კიბე” _ დავით აღმაშენებლის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიასთან, რომელიც ამავე დროს არის ქუთაისის რკინიგზის სადგურის ტერიტორია”.
ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ეს იქნება ისეთივე ამაღლებული, შთამბეჭდავი და ხალხმხრავალი აქცია, თუმცა, რასაკვირველია სხვა პროპორციით, ვიდრე ეს იყო 27 მაისს თბილისში”, _ განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.