ერთიანი “კრიმინალურ-პოლიტიკური” პეიზაჟის აღსადგენად, “გურია ნიუსი” ბონდო შალიკიანს ესაუბრება.
_ ბატონო ბონდო, ინტერვიუ თქვენი ცხოვრების იმ ეტაპიდან დავიწყოთ, როდესაც დაგაპატიმრეს… რამდენადაც საზოგადოებისთვისაა ცნობილი, იარაღის უკანონო შენახვისთვის დაგაკავეს…
_ ჩემი დაპატიმრების ოფიციალური ვერსია ეს იყო. სახლში შემომივარდნენ შუაღამისას და თავიანთი ხელით შემოტანილ იარაღზე მიმტკიცებდნენ, შენიაო. სიმართლე გითხრათ, თავიდან შემეშინდა, მეგონა კრიმინალები იყვნენ ჩემს სახლში და შევშინდი ბავშვების გამო, მაგრამ შემდეგ, როდესაც ისინი დავინახე, დავმშვიდდი.
_ ვინ ისინი, ბატონო ბონდო?
_ იმ ადამიანებიდან, ვინც მაშინ, შუაღამისას, ჩემთან სახლში იმყოფებოდა, სხვადასხვა დროს მინისტრობაგამოვლილი 5 პიროვნება იყო. უფრო კონკრეტულად შემიძლია გვარები დაგისახელოთ: ზურაბ ადეიშვილი, ვანო მერაბიშვილი, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი ბარამიძე, ასევე მაშინდელი გენერალური პროკურორი ირაკლი ოქრუაშვილი, ქუთაისის სამხარეო პროკურორი და ა.შ.
_ შემდეგ როგორ წარიმართა საქმე?
_ სიმართლე გითხრათ, ჩემი საქმის მსგავსი პრეცედენტი, მგონი, მსოფლიოში არც არსებობს. არც გამოძიება ჩატარებულა და არც რიგიანი სასამართლო პროცესი. მოსამართლე თვითონ მოიყვანეს ციხეში და საპროცესოს მსგავსი ხელშეკრულება გამიფორმეს, თუმცა, მაშინ მსგავსი კანონი არც არსებობდა. მოკლედ, 20 000 ლარის სანაცვლოდ შეწყდა საქმეზე ძიება და გამათავისუფლეს.
_ გაგათავისუფლეს, თუმცა თქვენ საქართველოში აღარ დარჩენილხართ…
_ საქმეც მაგაშია. ღამის პირველი ნახევარზე გამათავისუფლეს. პირობა ასეთი იყო: ციხიდან გასვლა და ქვეყნის დატოვება ერთი უნდა ყოფილიყო. ამიტომაც იმავე ღამეს დავტოვე საქართველო და წავედი ჯერ აზერბაიჯანში, შემდეგ კი რუსეთში.
მათ იცოდნენ რომ მე _ სათქმელი, ჟურნალისტებს კი კითხვები ჰქონდათ. ამიტომაც ყველანაირად დაიზღვიეს თავი და ქვეყნიდან გამიშვეს.
_ ასე მარტივია ბიზნესმენისთვის ქვეყნის დატოვება, მით უმეტეს, თუ მისი ბიზნესი არც თუ ისე მცირე წონისაა?
_ იმ დროისთვის, როდესაც გამათავისუფლეს, ფაქტობრივად, მთელი ჩემი ბიზნესი ეკონომიკის სამინისტროსა და პროკურატურის ანგარიშზე ირიცხებოდა. 48 ერთეული ქონება გადაიფორმეს, მათ შორის საირმის სანატორიუმი, ტელეკომპანია “ქუთაისი”, ქუთაისის საავტომობილო ქარხნის აქციები, თერჯოლის შამპანურის ქარხანა, ქუთაისის ელექტრომექანიკური და ავტოქარხნის 42 პროცენტი, 22 ბენზინგასამართი სადგური, 2 ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ქუთაისში და თბილისში , რუსთავის არმატურის ქარხნის 25… აღარ ვთვლი ოფისებს, კაფეებს რესტორნებს და ა.შ. საბოლოო ჯამში, მაშინდელი კურსით 100 მილიონზე მეტი წამართვეს.
_ თქვენ მაშინ პარლამენტის წევრი იყავით. იმუნიტეტი არ გიცავდათ?
_ 2002 წლიდან, ქუთაისის საკრებულოს წევრი, ხოლო 2003-დან უკვე საქართველოს პარლამენტის წევრი ვიყავი. რა თქმა უნდა, მიცავდა იმუნიტეტი, თუმცა, როგორც ჩანს, მხოლოდ ფორმალურად.
_ ბატონო ბონდო, ადრეც ხომ არ ყოფილა დაშანტაჟების, ზეწოლის ან მინიშნებითი “დახმარების” მცდელობები?
– არა, მსგავსს ვერაფერს ვგრძნობდი. ამას ვერც ვერავინ წარმოიდგენდა. რაღაც ეჭვი მაინც რომ მქონოდა, ხომ ავარიდებდი თავს ამ ყველაფერს?
იცით, რა მიკვირს? თუ ეს დავალება ზევიდან მოდიოდა, ხელს ვერავინ შეუშლიდა მის შესრულებას, მაგრამ ოქრუაშვილს, მაშინ, როგორც გენერალურ პროკურორს, ხომ შეეძლო რომ უფრო ადამიანური გზები გამოეყენებინა ჩემს დასაჭერად. ბავშვებს რას ერჩოდნენ, თავზე ავტომატებით რომ ადგნენ?
_ თქვენი სახელი აქტიურად ფიგურირებდა მუხროვანის ამბოხის დროს…
_ ჰო, რატომღაც აქტიურად განიხილებოდა ჩემი კავშირი მუხროვანის ამბებთან, თუმცა, ვერ ვხვდები, რატომ. ასევე, “ქართულ პარტიასთან” და ირაკლი ოქრუაშვილთან ჩემს თანამშრომლობაზე საუბრობდნენ.
ერთი რამ მინდა ვთქვა _ თუ ადამიანებთან პიროვნულად კარგი დამოკიდებულება გაქვს, ეს არ ნიშნავს, რომ მის პოლიტიკურ თუ სხვა შეხედულებებს იზიარებ. ყველა ბრალდება, რაზედაც წეღან ვისაუბრეთ აბსურდია.
_ თქვენი სახელი ქუთაისში არსებული ოფისის დაწვის დროსაც გაჟღერდა…
_ ეს ისტორია ასე დაიწყო: მას შემდეგ რაც თითქმის ყველაფერი წამართვეს და მოსკოვში წავედი საცხოვრებლად, ერთ მშვენიერ დღეს დამირეკა იმერეთის სამხარეო პროკურორმა და მითხრა, რომ ან ჩემს კუთვნილ ოფისს გადავცემდი ან არა და კვლავ აღძრავდნენ სისხლის სამართლის საქმეს ჩემზე. ამის დამადასტურებელი აუდიოჩანაწერიც არსებობს ინტერნეტში.
ამ საუბრის მეორე დღეს, ვანო მერაბიშვილმა და პროკურორმა ქუთაისში ჩაატარეს ერთობლივი ბრიფინგი, სადაც კვლავ განაცხადეს, რომ თუ ბონდო შალიკიანი მათ ოფისს დროზე არ ჩააბარებდა, ეს ფართი მაინც ჩამოერთმეოდა. ჩემი უარის მიღების შემდეგ, ადგნენ და ჩამომართვეს კი არა, დაწვეს საერთოდ. ახლა ჩემს კუთვნილ ტერიტორიაზე, “თიბი სი” ბანკის ოფისია აშენებული (იხილეთ ჩანაწერი: http://www.youtube.com/watch?v=dvSYi3R_rqg).
_ ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ თქვენ მეორედაც გაგასამართლეს…
_ კი, მეორედაც გამასამართლეს დაუსწრებლად და 13 წელი მომისაჯეს. თურმე, მე, ბონდო შალიკიანმა, დავავალე ჩემს ადვოკატს, ვინმე კუკური კენჭაძესთვის წაერთმია “სტეკლოტარის” წარმოება. კუკური კენჭაძე ჩემს ერ-ერთ საწარმოში მუშაობდა მთავარ ინჟინრად და საჩივრის შეტანის პერიოდში 89 წლის იყო. როგორ უნდა მომეხერხებინა ადამიანს, ასე ერთი ხელის მოსმით, ყოველგვარი პროცედურების გავლის გარეშე, სხვისთვის ქონების წართმევა, გაუგებარია.
_ რამდენადაც ვიცი, თქვენი შვილიც მსჯავრდებულია …
_ ეს ამ ხელისუფლების მიერ დაგეგმილი მორიგი პროვოკაცია იყო. ჩემი შვილის საქმეშიც, ისევე, როგორც ჩემსაში, ბევრი ბუნდოვანი ფაქტი იყო. ჯერ ერთი, ჩემს შვილს საკუთარი ბინა ჰქონდა აბაშიძის ქუჩაზე და არ სჭირდებოდა მოსკოვის გამზირზე ბინის ქირაობა; მეორე _ პროკურატურას უნდა დაგვაჯეროს, რომ ახალგაზრდა კაცი, რომელიც განზრახ წავიდა ქუთაისში მისი თანატოლის მოსაკლავად, უკან იარაღით დაბრუნდა და ეს იარაღი მისსავე ბინაში შეინახა; მესამეც _ დაზარალებულის ოფიციალური ჩვენება არსებობს, სადაც ის ამბობს, რომ მან დაინახა ადამიანის სახე, ვინც ესროლა და ეს ზურა შალიკიანი ნამდვილად არ ყოფილა. თუმცა, მიუხედავად ამისა, ზურას 20-წლიანი სასჯელი შეუფარდეს.
_ ეს ისტორიის თქვენეული ვერსიაა, მაგრამ მაინტერესებს, თუ თქვენ მიმართ მსგავსი უკანონობა გახორციელდა , გაასაჩივრეთ თუ არა ეს ყოველივე სტრასბურგში?
_ რა თქმა უნდა, ჩემი და ჩემი შვილის საქმეები უკვე რამდენიმე წელია, სტრასბურგშია წაღებული და დაახლოებით ერთ წელში უკვე განხილვას ველოდებით.
ეს ის შემთხვევაა, როდესაც ყოველ მხარეს თავისი სიმართლე აქვს და ჩვენი მიზანი დამნაშავის გამოვლენა ან საქმის გამოძიება ნამდვილად არ არის. ეს სხვა სტრუქტურების კომპეტენციაა, რომელთა ფუნქციონირებაშიც არ ვერევით.
თუმცა, ყოველგვარი დეტალების გარეშე, თავად ის ფაქტი, რომ პარლამენტის წევრს შუაღამისას ოჯახში სტუმრობ” და შემდეგ 20 000-ის სანაცვლოდ ათავისუფლებ, უკვე პარადოქსია.
იყო თუ არა ზემოთ მოთხრობილ საქმეებში კანონი უხეშად დარღვეული, ამაზე ახლო მომავალში სტრასბურგის ადამიანთა უფლებათა ევროპული სასამართლო იმსჯელებს.