“საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირის” აღმასრულებელი დირექტორის, ლევან ხინთიბიძის თქმით, პროექტი მიზნად ისახავს ოზურგეთის მუნიციპალიტეტში გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების პრაქტიკული ჩართვის ხელშეწყობას, სამოქალაქო მონაწილეობის მხარდაჭერის გზით. მისი გახორციელება 5 სოფელში _ თხინვალში, მაკვანეთში, მერიაში, ურეკსა და ჭანიეთში იგეგმება: _ ამ მიზნის შესაბამისად, პროექტის ფარგლებში სხვადასხვა ტიპის მნიშვნელოვანი აქტივობები-საქმიანობებია გათვალისწინებული. მათგან უმთავრესია მოსახლეობის ინფორმირება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დახმარების პროგრამების შესახებ; ზემოაღნიშნულ 5 სოფელში 2012 წელს “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში გასახორციელებელი პროექტების მონიტორინგი; საკრებულოსთან მუდმივმოქმედი საკონსულტაციო ორგანოს _ საზოგადოებრივი დარბაზის ფუნქციონირების, მისი სტრუქტურული დახვეწის ხელშეწყობა; მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირების (მათ შორის საკრებულოს მაჟორიტარი წევრების) მიერ მოსახლეობის წინაშე ანგარიშგების პროცესის ხელშეწყობა; 5 სოფელში დასახლების საერთო კრებების ინიცირება და ჩატარება, მომავალი წლის ადგილობრივი ბიუჯეტით ამ სოფლებში დასაფინანსებელი პრობლემების პირველადი იდენტიფიცირების მიზნით; ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტთან მიმართებაში საბიუჯეტო პროცესისთვის თვალის მიდევნება და 2013 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვის ინიცირება. პროექტის განხორციელება 12 თვეზე არის გათვლილი, _ ამბობს ლევან ხინთიბიძე.
მისივე თქმით, იმისთვის, რომ გაიზარდოს სამოქალაქო მონაწილეობა და მმართველობით პროცესებში საზოგადოების რეალური ჩართულობის დონე და, პარალელურად, მოხდეს ადგილობრივი თვითმმართველობის, როგორც ინსტიტუტის, პოპულარიზაცია საზოგადოებაში, იგეგმება ასევე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გამსვლელი სხდომის ჩატარების ინიცირება მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ რომელიმე სოფელში. გარდა ამისა, პროექტის განმავლობაში რეგულარულად მოხდება მოსახლეობის პერმანენტული ინფორმირება ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობისა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების შესახებ.