ბერა ივანიშვილი თავის მეგობრებთან ერთად, უკვე ოზურგეთშია და სცენაზე გასასვლელად რამდენიმე წუთში დაიწყებს მზადებას. ექსკლიზიური ბლიც-ინტერვიუ “გურია ნიუსმა” რამდენიმე წუთის წინ ჩაწერა. მასთან საუბარი დღევანდელი აქციის თემით და მისი პოლიტიკური შეხედულებით დავიწყეთ:
_ მოწოდებისგან თავს შევიკავებ, ასევე პოლიტიკური განცხადებისგან. მე მუსიკოსი ვარ, მაგრამ დღევანდელ ქვეყანაში, დღევანდელ სიტუაციაში, რომ თქვა აპოლიტიკური ადამიანი ვარო, _ თავის მოტყუებაა. დღევანდელ ქვეყანაში ბავშვი რომ იბადება, სამწუხაროდ ისიც პოლიტიზირებულია. აქედან გამომდინარე, ეს ის შემთხვევაა, ჩემის აზრით, როცა დიდი, პატარა, ქალი, კაცი, ყველა ერთად უნდა დავდგეთ და სიყვარულით უნდა გავიმარჯვოთ. ჩემი აზრით, ასეთი სიტუაციაა დღეს, როცა ყველა ფეხზე უნდა დადგეს _ სიმართლისთვის.
_ როგორც ვიცი, დღეს გურულებს უნდა უმღეროთ.
_ გურიისთვის დღეს სამ სიმღერას შევასრულებ, ამდენი ჯერ არსად მიმღერია. ძაან მოტივირებული ვარ, ერთი სული მაქვს, როდის გავალ გუნდთან ერთად სცენაზე. თან გურულები ძაან მიყვარს, ძალიან ბევრი გურული მეგობარი მყავს, მიყვარს გურული ხალხი. მე, ყველაფერს გავაკეთებ, რაც შემიძლია, ბოლომდე დავიხარჯები. ხალხისგან ძალიან დიდი მუხტი და სიყვარული მოდის, ეს არის ყველაზე მთავარი და ყველაზე დიდ ძალას და მოტივაციას ეს გაძლევს. ცხოვრებაში არასდროს შემხვედრია ისეთი მსმენელი და დარწმუნებული ვარ, არ შემხვდება, როგორიც საქართველოშია. დიდი სითბო მოდის. როგორც ახლობელს, როგორც ოჯახის წევრს, ის აღგიქვამენ. თბილი გარემოა და ამის გამო გულშემატკივრებს დიდ მადლობას ვუხდი.