ადგილზე არ არიან არც სახანძრო და არც სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები. ოზურგეთის პოლიციის უფროსის თქმით, ამ სამსახურების თანამშრომლები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ წყლის დონემ დაიწიოს, თუმცა, როგორ და სად აკეთებენ ამას, პოლიცმაისტერი ვერ აკონკრეტებს. ურეკში არ ჩანან არ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და რაც ყველაზე საინტერესოა, არც სოფლის რწმუნებული.
ამ დროისთვის წყალი უკვე დგას სახლების პირველ სართულებზე. მოსახლეობას პირუტყვი სახლების მეორე სართულებზე ჰყავთ აყვანილი, რომ დახრჩობას გადაარჩინონ; განადგურებულია პირველ სართულებზე არსებული პროდუქტების მარაგი.
ურეკელების თქმით, მათ არაერთხელ მიმართეს ხელისუფლებას, მოეგვარებინა კანალიზაციის პრობლემები, თუმცა, მათ თხოვნას არავინ არ გამოეხმაურა და არც არაფერი გაკეთებულა ვითარების გამოსასწორებლად.
გარდა ურეკისა, მეტად რთული მდგომარეობაა წყალწმინდაშიც _ იქ წყლის დონე უკვე ერთ მეტრს აღემატება.