აღნიშნული ჯგუფის წარმომადგენლები გვიმტკიცებდნენ, რომ ჟურნალისტების შეშვება აკრძალული ჰქონდათ, თუმცა ეს არ შეხებიათ “მეცხრე არხისა” და “ინფო 9”-ს ჟურნალისტებს, რაც ნონა ყანდიაშვილის ნებართვით ახსნეს. ჩვენი “მეცხრე” კოლეგები იმდენად პრივილეგირებულად გრძნობდნენ თავს, რომ საკუთარ “უპირატესობას” ყვირილითაც კი გვიმტკიცებდნენ. მიუხედავად ჩვენი ძალისხმევისა, საორგანიზაციო ჯგუფის წევრები “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტებზე შეუვალნი აღმოჩნდნენ.
აღსანიშნავია ისიც, რომ ეგრეთ წოდებული “საორგანიზაციო ჯგუფის” წევრები არც “გურია ნიუსის” ავტომანქანას აძლევდნენ რედაქციის ოფისის ეზოში შესვლის უფლებას და საკმაოდ ეგზალტირებულები მოგვიწოდებდნენ, მანქანაში სადმე სხვაგან გაგვეჩერებინა და მასში მოთავსებული აპარატურა ხელით გვეთრია ნახევარ კილომეტრზე. “საოცნებო” ბარიერის გადალახვა მხოლოდ “გურია ნიუსის” დიდი ძალისხმევის შედეგად გახდა შესაძლებელი.