16 ივნისს იგი ოზურგეთში გამოჩნდა და მას რამდენიმე კითხვით მივმართეთ:
_ ბატონო ზვიად, რატომ დატოვეთ თურქეთში კონსულის თანამდებობა?
_ იქ საქართველოს გენერალური კონსული ვიყავი 5 წლის განმავლობაში, დანიშნული ვიყავი ოთხი წლით და მერე ერთი წლით გამიგრძელდა. ეს თანამდებობა დავტოვე იმიტომ, რომ ვადა გამივიდა, არავის გავუთავისუფლებივარ.
_ რა მოხდა 2008 წელს, როცა ხელისუფლებას თქვენი ნაბიჯი არ მოეწონა?
_ ჩემი მოღვაწეობის გარკვეული კონკრეტული ფაქტები, როგორც ჩანს, არ იყო მისაღები ხელისუფლებისთვის.
_თუ შეგიძლიათ, გვითხრათ ერთი კონკრეტული ფაქტი?
_ ოფიციალური პრეტენზია, ამ ფაქტებთან დაკავშირებით, არ ყოფილა. მოკლედ, ჩვენი თანამშრომლობა არ გამოვიდოდა.
_ როდის მიხვდით ამას?
_ ჩემთვის ეს ნათელი გახდა ომის შემდეგ. მე გავაკეთე დავით მაღრაძის წიგნის პრეზენტაცია საკონსულოს შენობაში. ამის შემდეგ მომივიდა ინფორმაცია, რომ მათთვის ეს ღონისძიება არ იყო სასურველი და ეს მე არ უნდა ჩამეტარებინა. იყო მსგავსი ღონისძიებები, რომელიც, როგორც ჩანს, უნდა შემეთანხმებინა ხელისუფლებასთან. ზოგადად, ჩემი განწყობა იგრძნობოდა. ეს არის და ეს.