გოგიბერიძის ქუჩაზე პოლიცია მდებარეობს. რამდენიმე დღის წინ, ასფალტი მხოლოდ პოლიციის წინ დააგეს, რამაც ადგილობრივების გაღიზიანება გამოიწვია: _ წლებია, ასეთ დღეში ვართ. ამ ქუჩაზე ავტომანქანის გავლა პრაქტიკულად შეუძლებელია. ყოველ გაწვიმებაზე გუბეები დგას. ვის არ მივმართეთ, რა წერილები არ ვწერეთ. ბოლო ორი არჩევნების წინ გვპირდებოდნენ ამ ქუჩის გაკეთებას, თუმცა, ფაქტს თავად ხედავთ. ხმები უნდათ მხოლოდ, საქმის გაკეთება არა, _ ამბობენ გოგიბერიძის ქუჩაზე მცხოვრებნი.
იგივე მდგომარეობაში არიან ფიროსმანის ქუჩის მცხოვრებლებიც, რომლებიც დასძენენ, რომ ხელისუფლებას ისინი მხოლოდ არჩევნებზე ახსენდებათ.
ავარიულია ჭავჭავაძის, ბენდელიანის, აღმაშენებლის, ნინოშვილის, გოგებაშვილის ქუჩები, მოუწესრიგებელია სანიაღვრე სისტემა, რაც ყოველი გაწვიმებისას აღნიშნული ქუჩების დატბორვას იწვევს.
ხელისუფლება კი ამ პრობლემის მოგვარების პირობას ისევ დებს, თუმცა, კონკრეტულ თარიღს არ ასახელებენ. როგორც ამბობენ, მთავარია, რომ გაკეთდება, თუმცა, როდის, ამას უკვე მნიშვნელობა არ აქვს.