ვახტანგ შევარდნაძე ამბობს, რომ მამა ოზურგეთის საავადმყოფოში მენინგიტის უმძიმესი ფორმით მოათავსეს. 180 ლარი მხოლოდ იქ გადაიხადა, მერე კი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოშო გადაიყვანეს. გაუკეთდა სასწრაფო ოპერაცია და 6 დღის განმავლობაში რეანიმაციაში იმყოფებოდა. როგორც პენსიონერს, ამ ვადაში უფასოდ მოემსახურნენ.
_ მომსახურეობის უკმაყოფილო ნამდვილად არ ვარ, თუმცა, დანარჩენი სამი დღის განმავლობაში თანხა ვერ გადავუხადეთ საავადმყოფოს. დაგვადებინეს ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, საერთო თანხა არის 1400 ლარი და ეტაპობრივად, 20-20 დღის შუალედით უნდა დაგვეფარა. ერთხელ კი გადავიხადე, მაგრამ მერე ვერ შევძელი, ვადაც ამოგვეწურა და ხელშეკრულების თანახმად, ჯერ ჯარიმა, შემდეგ კი სასამართლო პროცესი და ოჯახის დაყადაღება გვემუქრება, _ ამბობს ვახტანგ შევარდნაძე და გვიამბობს, როგორ შეპირდნენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში დახმარებას, შემდეგ კი, რაკი ავადმყოფი გარდაიცვალა, უარი უთხრეს. მისივე თქმით, ასკანის გამგებელი პავლე მესხიშვილი საქმის კურსში იყო თავიდანვე და დახმარებაზე უარის თქმის ამბავიც მისგან შეიტყო.
“გურია ნიუსი” ასკანის რწმუნებულს დაუკავშირდა და ჰკითხა შევარდნაძეების ოჯახის გასაჭირის შესახებ. პავლე მესხიშვილმა აღნიშნა, რომ კი იყო საუბარი ფულად დახმარებაზე, მაგრამ მერე გარდაიცვალა ავადმყოფი და…
_ ესე იგი, რაკი გარდაიცვალა, შეპირებული დახმარება აღარ მისცეს, უკვე მკვდარიაო, საავადმყოფო კი გარდაცვლილისგანაც ფულს ითხოვს, ვერც შეედავები. ეს რანაირი სამართალია?
_ მე არ ვიცი არაფერი. არ ვიცი, არა!
_ რა ქნას შევარდნაძეების ხელმოკლე ოჯახმა, რომელსაც არანაირი დახმარება არ აქვს და საპენსიო ასაკამდეც ბლომად უკლიათ?
_ არ ვიცი, არა, გამგეობაში იკითხეთ, მე არ ვიცი.
სოფლის გამგებელი “ორიგინალური” პასუხის შემდეგ, ჩვენ გვაგზავნის გამგეობაში, თავისივე მოსაგვარებელი საქმის საძიებლად.
ჩვენ, ამ ყველაფერზე მომავალში ვრცლად ვისაუბრებთ, მაგრამ ხომ გაგიგონიათ, სანამ პავლე მოვიდოდა, რა დაემართა პეტრეს?