“გურია ნიუსის” ინფორმაციით, იმ დღეს სადაც სუფრაზე 25 კაცი იჯდა დიდი რაოდენობის ჭიქები დაიმსხვრა, რის გამოც პოლიციელებს ჯარიმები დაეკისრათ. ამ ფაქტს “გურია ნიუსთან” საუბარში თავად დავით ცირეკიძე უარყოფს, თუმცა, აღნიშნავს, რომ დაბადების დღე ნამდვილად გადაიხადა აღნიშნულ რესტორანში.
ჭიქების მსხვრევა-მტვრევის ფაქტს “გურია ნიუსთან” რესტორან “ქალაქურის” ერთ-ერთი თანამშრომელი ადასტურებს.
_ ძალიან დიდი რაოდენობის ჭიქები არ დაუმსხვრევიათ, რამდენი გატყდა ცალობით, ვერ გეტყვით, მაგრამ რომ გატყდა, ეგ კი ვიცი.
_ რაიმე ინციდენტი მოხდა თუ რატომ გატეხეს?
_ არა, ჩხუბი ნამდვილად არ ყოფილა. რამდენადაც ვიცი, მათ წესად აქვთ, რომ ერთ-ერთი რომელიღაც სადღეგრძელოს დალევის შემდეგ, ჭიქებს ფორმალურად, შეგნებულად ამსხვრევენ. ეს არის სადღეგრძელოს საპატივცემულოდ. ეს არ არის პირველი შემთხვევა, აიღებენ ჭიქას და ამსხვრევენ, ჩვეულებრივად ნებისმიერ საქეიფო სუფარზე, ეს ძალიან ხშირად ხდება. არ ვიცი რა სადღეგრძელოა ასეთი, ვიღაცის საპატივცემულოდ აკეთებენ ასეთ რამეს. ძალიან კულტურულად იქცეოდნენ და ბოდიშებს იხდიდნენ. რამდენიმე თვის წინ იყო კიდევ ასეთი, შემთხვევა, რომ პოლიციელების სუფრაზე გატყდა ჭიქები და მათ ჩვეულებრივად, ამის გამო მათ ჯარიმები გადაიხადეს.
გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსი დავით ცირეკიძე “გურია ნიუსთან” ამ ფაქტს კატეგორიულად უარყოფს.
_ ბატონო დავით, 25 ივნისს დაბადების დღე გქონდათ და რესტორან “ქალაქურში” გადაიხადეთ?
_ დიახ, მერე?
_ როგორც ვიცით, სუფრაზე ჭიქები დაამსხვრიეთ, ადასტურებთ ამ ინფორმაციას?
_ არ ვიცი ეგეთი, მე ნამდვილად არ შევსწრებივარ ეგეთ ფაქტს.
_ ეგ ფაქტი თქვენს დაბადების დღის აღსანიშნავ სუფრაზე…
_ არანაირად. შეიძლება სხვგან მოხდა, ჩემს სუფრაზე მასეთი შემთხვევა ნამდვილად არ ყოფილა.
_ბატონო დავით, სხვათაშორის, ჩვენ ამ ფაქტს რესტორან “ქალაქურში” გვიდასტურებენ.
_ თუ ადასტურებენ, მაშინ დაუჯერეთ მათ. მე გეუბნებით, რომ არ მომხდარა, _ გვითხრა ცირეკიძემ.