სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ახალაიები არიან ღირსეული მომავალი ქართველი თაობის გენოციდის მომწყობები. დათა და ბაჩო ერთი და იგივე ღობეა. ღობის იქეთ ვინ დგას, ეს სხვა საკითხია. ორივე ღობის აქეთ დგას. ორივე მკვლელები არიან. ორივე ერთმანეთს ეჯიბრება. რას აკეთებს მამა სამეგრელოში, ეს ყველამ ვიცით, _ აცხადებს “გურია ნიუსთან” საუბრისას მოკლული ზურაბ ვაზაგაშვილის მამა იური ვაზაგაშვილი, რომელიც უკვე რამდენიმე წელიწადია აპროტესტებს სპეცოპერაციაში მონაწილე პოლიციელთა წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას.
შეგახსენებთ, რომ ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმე ორ ნაწილად გაიყო. ქალაქის პროკურატურას დაევალა პოლიციელების ქმედების შესწავლა, ხოლო მოკლული ახლგაზრდების საქმე შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალურმა პოლიციამ შეისწავლა. საქმის შეწყვეტის შემდეგ, იური ვაზაგაშვილის ოჯახს დაზარალებულის სტატუსი მოეხსნა.
იური ვაზაგაშვილი: “ახალაიას რომ დანიშნავდნენ შს მინისტრად, არავის რომ არ ეთქვა, ჩვენთვის ისედაც გასაგები იყო. ახალაია მიშაზე უარესია და მინდა ვთქვა, რომ ვანოზეც. არაერთი მკვლელობა აქვს ჩადენილი. პირადად ბაჩო ახალაიას კისერზეა სამგორის მეტროსთან სამი აჭარელი ბავშვის ჩაცხრილვა. მე ამ საქმეზე ვმუშაობდი. ეს არის პირადად ახალაიას დახვრეტილი. შემდეგ კი ჩანთით დაუწყვეს იარაღები.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ახალაიები არიან მკვლელები. ზუსტად ვიცი, სამეგრელოში ახალაიას ჰყავს ზონდერბრიგადები, საიდანაც გადაჰყავთ ახალციხეში. ახალციხიდან ვანოს გადმოჰყავთ კახეთში და აკეთებინებენ საშინელ საქმეებს. ეს ყველაფერი მალე გამოაშკარავდება. გვარები და სახელები ცნობილია. ის ბრიგადები მკვლელებით არის დაკომპლექტებული. ახალაია ამზადებს ზონდერების ჯგუფს თბილისისთვისაც. იმ დაჯგუფებებში არიან პატიმრები, რომლებსაც 28 წელი აქვთ მისჯილი. გამოყვანილი ჰყავთ პატიმრები და რეციდივისტები. ციხიდან გამოჰყავთ პატიმრები, ასრულებინებენ საქმეს და შეჰყავთ. ოფიციალურად ცნობილია, ვინ გაათავისუფლეს, სახელებით და გვარებით. რა დავალებებიც აქვთ, ეგეც ვიცი.
_ როგორ შეაფასებდით ვანო მერაბიშვილის პრემიერ მინისტრად დანიშვნას?
_ მკვლელი პრემიერ მინისტრი იქნება თუ შინაგან საქმეთა მინისტრი, ამას მნიშვნელობა არ აქვს! მთავარია ხალხმა იცის, ვინ არის ვანო. პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება საზოგადოებამ არ მიიღო. ის კი არა, სასაცილოდ არ ეყოთ. ამაზე დიდი ხანია მუშაობენ.
ვანოს გორის რაიონში სოფელი ნადარბაზევში, იქ სადაც დევნილების დასახლებაა რამდენიმე ათეული ჰექტარი მიწა აქვს. აბა გლეხს სად აქვს საშუალება 15-20 ტრაქტორი ამუშავოს. გლეხებს ენატრება ტრაქტორით მუშაობა. ამათ მოსყიდვაში რომ არ ჩაეთვალოთ, 1000 ლარზე ნაკლები ხელფასი არავის აქვს. თვითონ დარაჯსაც კი 1000 ლარი აქვს ხელფასი.
ვინ იქნება შსს მინისტრი ამას მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ ვიცით პრეზიდენტი, მერაბიშვილი და მისი გუნდი არიან ამ ქვეყნის დამღუპველები. მათი ბოგინი მორჩა! დამთავრდა!
შემოდგომაზე გამოჩნდება ყველაფერი. მათ კი უნდათ არეულობის შემოტანა, მაგრამ ვერ ეღირსებიან! ყველაფერი გადაწყვეტილია! დროა, როგორც თვითონ ეუბნებოდა შევარდნაძეს, _ წადი, თავი დაგვანებეო. იმაზე 10-ჯერ უარეს მდგომარეობაში არიან.