შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელი გიორგი გეგეჭკორი, დაკავებული თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ გიორგი გეგეჭკორმა “ექსპრესნიუსს” თავად განუცხადა.
მისივე თქმით, მან განცხადება გათავისუფლების შესახებ გუშინ დაწერა.
“ჯერ–ჯერობით არ ვიცი სად წავალ, ეგ საკითხი რამდენიმე დღეში გაირკვევა. ჯერ–ჯერობით ვისვენებ”–განაცხადა გეგეჭკორმა.
“გურია ნიუსი” ინფორმაციის მისაღებად შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ეკა ზღულაძეს დაუკავშირდა.
_ქალბატონო ეკა, დღეს მედია საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია რომ შინაგან საქმეთა სამინიტროს ძალიან ბევრმა მაღალჩინოსანმა თანამდებობა დატოვა, ადასტურებთ ამ ინფორმაციას?
_ არავის არ დაუტოვებია, რა სისულელეა. ჯერ ერთი, თუ შეიძლება სამსახურეობრივ საქმეზე დამირეკეთ სამსახურეობრივ დროს და არა თერთმეტის ნახევარზე, ცოტა უხერხულია. მეორე, დარეკეთ ხოლმე ასეთი ფაქტების გადასამოწმებლად პრეს ცენტრში, ეს უფრო კორექტული იქნება.
როგორ შეიძლება ჭორების გავრცელება? ეს ხომ ძალიან მარტივად გადასამოწმებელია? რომელმა მედია საშუალებამ გაავრცელა?
_ გიორგი გეგეჭკორი სააგენტო “ესპრესნიუსისთვის” მიცემულ კომენტარში აცხადებს, რომ მან პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა თანამდებობა.
_ დარეკეთ პრესცენტრში და გეტყვიან. ერთადერთი, ვინც გადავიდა ჩვენი სამსახურიდან არის შოთა უტიაშვილი, რომელიც გადაყვა პრემიერ მინისტრს და მასთან ერთად იმუშავებს. მეტი არაფერი მნიშვნელოვანი ცვლილება ჩვენთან არ ყოფილა.
სააგენტო „ექსპრესნიუსის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით: მცხეთა–მთიანეთის და თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსმა ზურაბ ვახტანგიშვილმა, პირადი განცხადების საფუძველზე თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ, “ექსპრესნიუსს” შსს–დან ინფორმირებულმა წყარომ აცნობა.
ინფორმაციის თანახმად, ვახტანგიშვილმა პოსტიდან წასვლის შესახებ, განცხადება ორი დღის წინ დაწერა. თავად ვახტანგიშვილი “ექსპრესნიუსის” სატელეფონო ზარებს არ პასუხობს, ხოლო მის მისაძებში (ნომ: (995 32) 241 87 28) სააგენტოს განუცხადეს, რომ ვახტანგიშვილი იქ აღარ მუშაობს.