მათი პროტესტის ძირითადი მიზეზი უსაშველოდ მოუწესრიგებელი გზა, წყალი, გაზი და შუქია. რაც აქ გზას სჭირს, თავისუფლად შეიძლება კატასტროფული ეწოდოს, _ გადათხრილი კიდეები, უამრავი სხვადასხვა ზომის წყლით სავსე ორმო, ამოყრილი ასფალტი, მიწის გროვები… როგორც აქაურები ამბობენ, წმიდა გიორგიც რომ წამოდგეს, მგონი, არაფერი ეშველებათ.
_ წყალი რომ გამოეყვანათ, გასული წლის სექტემბერში, ქუჩის ერთ მხარეს არხი გაჭრეს. სექტემბერში დაიწყეს მუშაობა და ოქტომბერში დასრულებას გვპირდებოდნენ. თუმცა, ერთი წელი იქნება მალე, რაც ამ დღეში ჩაგვყარეს. ორმოებში ხან მოხუცი ვარდება, ხან _ ბავშვი. პატარები ეზოს წინ ვერ გაგვიშვია. ნაწილობრივ კი წააყარეს მიწა მილებს, თუმცა, გზიდან ეზოებში შემავალი თხრილების ამოვსებას გვიკრძალავენ, რადგან სამუშაო არ არის დამთავრებულიო. აივსო ეს ორმოები წყლით და ნაირ-ნაირი ზომის გუბეები და თხრილები უთვალავია. მოხუცი კაციც ჩავარდა შიგ და ბავშვიც, დახრჩობას გადაარჩინეს, _ ამბობენ აქციის მონაწილეები.
წმიდა გიორგის ქუჩაზე ასზე მეტი ოჯახი ცხოვრობს. ოზურგეთში, ზოგადად, წყლის პრობლემა მარადიულია და აქედან გამომდინარე, ექადიაც შავ დღეშია, თუმცა, კონკრეტულად ამ ქუჩის მდგომარეობაა საგანგაშო _ ყველა ოჯახის წარმომადგენელი ნახევარი კილომეტრის დაშორებით, დილიდანვე ურიკებით, კასრებით, ვედროებით მიდის და საათობით წყლის რიგში დგას. ზოგს სულაც აქ მოაქვს გასარეცხად ქვაბი და ხალიჩაც კი. ერთი ასეთი ფაქტის შემსწრე ჩვენ თვითონ გავხდით. ეს გარემოება განსაკუთრებით კურიოზული იმიტომ არის, რომ მდინარე ბჟუჟზე მდებარე ხიდის შუა ნაწილში, მოზრდილ გადახსნილ მილში მუდმივად მომდინარი წყალი ქალაქის ცენტრალური წყალსადენისაა და ძირითადად, ტყუილად იღვრება. შემაერთებელი აუზის ავარიულობის გამო, მასში წყალი ვერ ჩაედინება და მუდმივად იკარგება იმ ქუჩის სიახლოვეს, სადაც ხალხი მწყურვალია.
აქცია ხმაურიანი და ემოციური იყო. ქუჩის მეორე მხარეც გადათხრილია, რაც გაზიფიკაციას უკავშირდება. გამოსაცვლელია ელექტრობოძები, რომელთაგან ზოგი გადატეხილია და ზედ სადენებია მიმაგრებული ყოვლად დაუშვებელი ფორმით.
სვეტლანა აფაქიძე, წმიდა გიორგის ქუჩის მცხოვრები: _ გასულ წელს დაიწყეს ამ ქუჩაზე წყლის გაყვანის სამუშაოები, სექტემბერში დაიწყეს და ოქტომბერში დასრულებაზე იყო საუბარი. დეკემბერში გააკეთეთ და მადლობელი დაგირჩებით,-თქო, ვეუბნებოდით. კი ხედავთ, რა არის გაკეთებული _ ხალხს ხაფანგებად ორმოები დაუგეს. გზა ჩვენ არ გვაქვს, წყალი და გაზი, ქუჩის მეორე მხარე გაზის სამუშაოებისთვის გათხარეს. მერე იძახიან, ოპოზიცია ხართო, მე ვამბობ პოზიციურს და პოზიცია ვიქნები, როცა ყველაფერს ისე გააკეთებენ, როგორც ევალებათ, ჩამოიარეს ამასწინათ ამერიკული პეპელა საწინააღმდეგოდ შესაწამლი აპარატებით და ისე ჩაიქროლეს, არც ექადიის უნიკალური ტყე-პარკისკენ გაუხედავთ და არც ცალკეულ უბნებში შესულან. იმ ტყე-პარკში უნიკალური ხის ჯიშებია, რომელიც მოჭრას არ ექვემდებარება და ნადგურდება. მე გავუწევ პრეზიდენტს მეგზურობას და ვაჩვენებ, რა ჭირიც გვჭირს. ოღონდ, თქვენ გააშუქეთ, მივიდეს მის ყურამდე ეგ ამბავი და თვითონაც ინებოს მოსვლა.
სოზარ გულბიანი: _ აგერ, ქუჩის მეორე შესახვევში, მაღლა, 20 ოჯახი ცხოვრობს, ზოგ სოფელში მეტი კომლი არც არის. იქ წყალი ვერ ავაო, ამბობენ. კომუნისტების დროს თუ ადიოდა, ახლა რატომ ვერ ავა? ნაგვის ყუთი ჯერ დადგეს მაღლა, შემდეგ ვიღაცამ ისევ დაბლა ჩამოიტანა და აგერ მეორე ყუთის გვერდით დადგეს, შეეზარათ იქ ასვლა, გადადით და ნახეთ ბჟუჟის ხიდზე, აქედან 300 მეტრში ტყუილად როგორ იღვრება წყალი, ამ ქუჩის მცხოვრებლებს კი ენატრებათ.
თინა მელუა: _ საშველი არ დააყენეს ამ წყლის გაკეთებას. გზაზე, ორმოში ფერშალი მოხუცი კაცი ჩავარდა და ძლივს გადარჩა. წამოდით ჩემს ჭიშკართან და ნახეთ, როგორი ელექტრობოძი დგას _ გადატეხილი და ჩამოკონწიალებული. ამას რომ ენერგოკომპანიის წარმომადგენელი ნახავს და ადგილზე დატოვებს, მითხარით, ნორმალურ ქვეყანაში რა სასჯელს დააკისრებდნენ? მივიტანეთ განცხადება კომპანიაში. მოვიდნენ და გააკეთეს ბოძების აღრიცხვა. დაგვიბარეს, მალე მოვალთო და წავიდნენ. ველოდებით მე და ჩემი “სტოლბა” მაგათ მოსვლას!
მაკა გობრონიძე: _ წყალთან დაკავშირებით რა უბედურებაც გვჭირს, უკვე გითხრეს. ჩვენი ქუჩის გარკვეულ მონაკვეთს ცალ მხარეს ტყე-პარკი ესაზღვრება. გზის გასწვრივ უზარმაზარი ხეებია ჩამწკრივებული. ქარი, ყოველ ამოვარდნაზე, ლამის, ძირს აწვენს. რამდენი ღობე წაქცეულა და დანგრეულა, როცა მოტეხილი ხე დაეცა. თქვეს, რომ წინა მწკრივში მდგარ ხეებს მოჭრიდნენ, თუმცა, არავინ მოსულა, ეტყობა, აუცილებელია მაინცდამაინც ვიღაცას უნდა დაეცეს და მოკლას.
დალი რუსიეშვილი: _ ამ “კანაოში” ორი წლის ბავშვი ორჯერ ჩამივარდა და დახრჩობას ძლივს გადავარჩინე. არ ამოავსოთო, გვეუბნებიან. გამაგებინეთ, როდის ამოავსებენ ამ სასაკლაოს და გვაღირსებენ შეპირებული წყლის გამოყვანას? ვინც საქმეს გააკეთებს, იმის პოზიცია ვარ მე და არ გამაგონოს ვინმემ, ოპოზიცია ხარო! გარდა ამისა, ტრანსპორტის პრობლემაც არის. ქუჩის ბოლოდან ქალაქის ცენტრამდე, თითქმის, სამი კილომეტრია. ადრე იყო სარეისო ავტობუსი, მაგრამ გააუქმეს.
წმინდა გიორგის ქუჩაზე მრავალი სოციალურად დაუცველი ოჯახი ცხოვრობს და აქციაზე მათი წარმომადგენლების გასაჭირიც მოვისმინეთ. აქციის მონაწილეები, განსაკუთრებით შეწუხებული პენსიონერ ვენერა გაზდელიანი-მამალაძის მდგომარეობით არიან _ ამ ქალბატონს ფსიქიურად დაავადებული გერი ჰყავს, რომელიც მისი მისახედია. სოციალური დახმარება ორი წლის წინ გაუუქმეს. საცხოვრებლად უვარგის სახლში ერთი ოთახი მეზობლებმა გაურემონტეს.
ვენერა გაზდელიანი-მამალაძე: _ 67 წლის ვარ. არანაირი სახსარი არ გამაჩნია, არადა, სოციალური სამსახურიდან მიმტკიცებენ, გაქვსო. რა მაქვს _ 17 ძირი თხილი? 3 წელი მქონდა სოციალური დახმარება და ასაკში რომ შევედი, მომიხსნეს. გაჭირვებით ვთოხნი და ვბარავ, რომ ცოტა სიმინდი და პატარა ბოსტანი მქონდეს. პოლისი კი მაქვს და ამ სიკეთეს ვხედავ _ ფეხი მქონდა მოტეხილი და რომ არა პოლისი, ახლა ცოცხალიც არ ვიქნებოდი.
განსაკუთრებით მძიმე მოსასმენია აქ მცხოვრები მაია აფაქიძის მონაყოლი, რომელსაც ხელში ორიოდე წლის შვილიშვილი უჭირავს: _ შუქი გათიშული მაქვს _ ვერ გადავიხადე. ორი პატარა შვილიშვილი სიბნელეში მყავს, ჩემი ვაჟები და რძალი, როგორც მე, უმუშევრები არიან. მეუღლე გურიის ტელევიზიაში მუშაობს და მისი 80-ლარიანი ხელფასის შემყურე ვართ. განა არ ვიმუშავებ, მაგრამ დამლაგებლის ადგილიც ვერ ვიშოვნე. ოღონდ იყოს და სამუშაოს როგორ დავიწუნებ?
ანალოგიური მდგომარეობა აქვთ მზია ლომინაძეს და ლერი ბზიკაძეს, მურმან და ცისანა გულბიანებს _ მათ სოციალური დახმარება ან გაუუქმეს ან საერთოდ არ დაუნიშნეს.
ის იყო, აქცია დასრულდა, სად იყო და სად არა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე მიხეილ გოგოტიშვილიც გამოჩნდა. საპროტესტო აქციის მონაწილეები მას ხმაურით შეხვდნენ და ხმამაღალი შელაპარაკებაც მოხდა. მიხეილ გოგოტიშვილმა მათ განუცხადა, რომ წყლის რეაბილიტაციას 350 მეტრი სიგრძის მილი აკლდა და დღეისთვის ის შეძენილი, ჩამოტანილი და დასაწყობებულია. ზეგიდან კი დაიწყება აქ ამოტანა და სამუშაოების გაგრძელება.
“გურია ნიუსმა” მას რამდენიმე კითხვა დაუსვა:
_ ბატონო მიხეილ, მოსახლეობას აინტერესებს, როდის მოხდება, ბოლოს და ბოლოს, ამ სამუშაოების დასრულება?
_ წყალი როდის იქნება, ზუსტად ვერ გეტყვით. ამორტიზებული მილები შეუერთდება ცენტრალურ წყალსადენს, დანარჩენს შესაბამის სამსახურში გეტყვიან.
_ აქ ელექტროგაყვანილობის ბოძები დამპალი და ძალიან სახიფათო მდგომარეობაშია. ხალხი შეშინებულია. როდის მოხდება შეცვლა?
_ ძალიან მალე მოხდება. მალე, მალე.
_ ეს მხოლოდ ცნობილი შეპირებებია…
_ გასაგებია, მაგრამ ამ ყველაფერს სჭირდება თანხები, ჩვენ ჯერ კიდევ არ გვაქვს ისეთი ფუფუნება, რომ ყველაფერი ერთბაშად გავაკეთოთ. ლამპის შუქზე ვიყავით. მალე გაკეთდება ყველაფერი. რაც შეეხება წყლის ტყუილად დაღვრას, ავზი ავარიულ მდგომარეობაშია და ეს პრობლემაც მალე მოგვარდება.
მიხეილ გოგოტიშვილი ასევე დაპირდა აქციის მონაწილეებს ქუჩის ნუმერაციის მოგვარებას. რაც შეეხება ტრანსპორტის საკითხს, ეს არ ვიცოდით, განვიხილავთ და გადაწყვეტილებას მივიღებთო, თქვა.
ჯერჯერობით კი, წმიდა გიორგის ქუჩის მცხოვრებლებს პრობლემები პრობლემებად რჩებათ.
სტატიის დასასრულს, აქციის მონაწილეთა მიერ ხელისუფლების მისამართით თქმულ შეგონებას გავიმეორებთ: _ ახლა არ დაიწყოთ პოზიცია-ოპოზიციონერის იარლიყების მიწებება-მოწებება. თუ მაინცდამაინც, ქუჩის ნუმერაცია მოაწესრიგეთ, წელიწადში ცხრაჯერ რომ გვიცვლიან და ვეღარ დავიმახსოვრეთ, რომელ ნომერ სახლში ვცხოვრობთო.