ამ ინფორმაციას „ქართული ოცნების“ ქვემო ქართლის იურიდიული სამსახურის უფროსი, თედო კობახიძე ადასტურებს. მისი თქმით, ცოტნე შენგელია თავს დამნაშავედ არ გრძნობს წაყენებულ ბრალში და მოსამართლის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას, რომლითაც მას 15 დღიანი პატიმრობა მიესაჯა, უკანონოდ მიიჩნევს.
გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ეკა ზარნაზემ, გადაწყვეტილების გამოტანისას იმ 10 წუთიანი ფირით იხელმძღვანელა, რომელიც კარალეთში იყო გადაღებული. გარდა ამისა, “ქართული ოცნების” აქტივისტების ადვოკატი, თამარ თედლიაშვილი 250 ლარით დააჯარიმა თავისი დაცვის ქვეშ მყოფთან გასაუბრების გამო
“ქართული ოცნების” მხარდამჭერებს, ცოტნე შენგელიას, კახაბერ გიგაშვილსა და ვლადიმერ ჯანეზაშვილს გორის რაიონულმა სასამართლომ 15 დღიანი პატიმრობები შეუფარდა.
“ქართული ოცნების” ქვემო ქართლის იურიდიული სამსახურის უფროსის, თედო კობახიძის განმარტებით, ფირზე არსად ჩანდა აღნიშნული პირების მხრიდან რაიმე სახის ხულიგნური ქმედება. მიუხედავად ამისა, მოსამართლე ეკა ზარნაძემ თითოელ მათგანს სასჯელი სწორედ 166-ე მუხლით შეუფარდა.
შეგახსენებთ, რომ 3 დღის წინ, კახი კალაძის დაცვის თანამშრომელი, ცოტნე შენგელია, სამტრედიის პოლიციამ გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანა. მოგვიანებით, ის გორის პოლიციაში იპოვეს, თუმცა მანამდე, “ქართული ოცნების” წარმომადგენლები და ოჯახის წევრები უშედეგოდ ეძებდნენ. იმყოფებოდნენ გორის პოლიციაშიც, სადაც მათ უთხრეს, რომ მსგავსი პიროვნება იქ არ მიუყვანიათ.