ერთ-ერთმა ოზურგეთელმა გვითხრა, რომ რიგში დგომას ერჩივნა, მზის ამოსვლისთანავე წამოსულიყო სახლიდან, მაგრამ იმ დღეს არ გაუმართლა. როგორც აღმოჩნდა, ილია ვაშაყმაძე უფრო მნიშვნელოვანი საქმით იყო დაკავებული და მოქალაქეებს არ შეხვდა _ “გურია ნიუსის” ინფორმაციით, გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ორშაბათს გურიის გუბერნატორის ვალერი ჩიტაიშვილის თათბირზე იმყოფებოდა, რომელმაც მოქალაქეთა მიღების დროს არ გაითვალისწინა და სწორედ ამ დროს დანიშნა თათბირი.
_ საქმე გამოუჩნდა, ალბათ. შეიძლება, ამ წუთებში ამის გამო არ არის მოსახლეობასთან შეხვედრაზე, აუცილებლად, რაღაც დროში შემოურთდება, _ გვითხრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურის უფროსმა ნინო სალუქვაძემ. იგი ამბობს რომ გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ილია ვაშაყმაძე მოსახლეობის პრობლემებს ყოველთვის ეცნობა და ხალხს ხვდება.
ნათელა რუსია: _ ვცხოვრობ სულხან-საბა ორბელიანის ქუჩაზე. მეუღლე მყავს ძალიან ცუდად _ ოთხჯერ გაუკეთეს ოპერაცია. არანაირი აზრი არ აქვს აქ სიარულს _ არ მეხმარებიან. სოციალური დახმარება კი მაქვს, მაგრამ წამლის ყიდვა მინდა. ერთჯერადად რომ დამეხმარონ, რა მოხდება? არ მყოფნის ეს პენსიის ფული ყველაფერზე. წნევა მაწუხებს, მეუღლეს მუცელში ორი მეტრი რეზინი აქვს ჩადგმული, იმას წამალი არ უნდა?!
ც. ნ. _ ჩემი ოჯახი ორჯერ დააყაჩაღეს. მარტოხელა ქალი ვარ, დახმარება ვთხოვე ხელისუფლებას, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი. გვერდში ამოდგომა კი უნდათ, ხალხისთვის კი არავინ არაფერს აკეთებს. შვილი მყავს ფსიქიატრიულში, ახლა უნდა გამოვიყვანო, მაგრამ… ყაჩაღებმა ისეთი ამბავი დამართეს, ფსიქიატრიულში მოხვდა _ 1993 წელს ლოგინზე დამიჩეხეს და რვა თვის განმავლობაში ვებრძოდით სიკვდილს. პენსიაზეა დამოკიდებული ჩემი ოჯახი, შვილსაც ჰქონდა პენსია, მაგრამ მოუხსნეს, რადგან ახლა მთავრობის ხარჯზეა. ერთი თვეა დევს განცხადება გამგეობაში და პასუხი ვერ მივიღე. სახლში დაგირეკავთო, მაგრამ არავის დაურეკავს.
ამირან ვასაძე: _ სასწრაფოდ მაქვს გასაკეთებელი თვალის ოპერაცია. ერთჯერად დახმარებას ვითხოვ. სოციალური აგენტები იყვნენ ჩვენთან და 89 000 ქულა “მომარტყეს”. სახლში, როგორც გარეთ, ისე წვიმს.
დოდო ჩანქსელიანი: _ თუ ეშველება თქმით რამეს, ვიტყვი. მშობიარე ქალი მყავს, საშუალება არ მაქვს ოჯახში. ჩვენ განადგურებული ოჯახი ვართ. იმის საშუალება არ მაქვს, სამშობიაროში მივიყვანო. სოფელ ბოხვაურში ვცხოვრობთ. სტუდენტები მყავს, მათ ფული უნდათ, მე და ჩემი ქმარი კი არ ვმუშაობთ. თუ რა დახმარება არის საშუალება უნდა მისცენ ხალხს.
შოთა ძირკვაძე: _ 45 000 ქულა მქონდა, მაგრამ ახლა მომიხსნეს სოციალური დახმარება. სახლს მივადგი გარაჟი _ შიფერი მთავრობამ მომცა, ჩემი მეუღლის პენსია ავიღეთ წინასწარ და ამით მივადგით. “ვერტალიოტი” არ მიყიდია და “სამალიოტი” და როგორ ამიყვანეს ქულები 85 000-ზე? შვიდი სული ვართ სახლში, მხოლოდ ერთი მუშაობს. ახლა შვილიშვილი შემეძინა, ოჯახში პირველი ჯგუფის ინვალიდი მყავს. ნახონ, რა მდგომარეობაში ვართ _ შვილი მომიკვდა და მისი შვილი ჩემი მოსავლელია. ჩემი შვილიშვილი ვამშობიარეთ, 800 ლარი გადავიხადეთ და ავიყვანეთ სახლში _ ვიყიდე ფაქტობრივად. აქ არავინ არ გვაქცევს ყურადღებას, ალბათ, ყველაფერი თავისთვის უნდათ, თორემ ჩვენისთანა პრეზიდენტი არც ეყოლება მსოფლიოს და არც ჰყავს. ერთი იმას აშავებს, რომ კონტროლი არ აქვს. მაგალითად, რომ გადმორიცხა 100 000 ლარი, სად წავიდა? რას მოხმარდა?
_ სახლი დანგრეული მაქვს. მოდიან, შეამოწმებენ, მომცემენ ქაღალდებს. კომისიაზე აყვანილი ვარ, მაგრამ არაფერი არ ჩანს. დღეს უნდა შევხვედროდი გამგებელს, მაგრამ არ ჩანს, ქვილორია რას იტყვის, ეს არ ვიცი, _ ამ ქალბატონმა ვინაობა არ გაგვიმხილა: _ რომ გითხრათ, ჩაიშლება ყველაფერი. უკაცრავად. გაუბედურებული ქალი ვარ.
16 ივლისს, გამგეობაში მისული მოსახლეობა გამგებლის მოვალეობის შემსრულებელთან ილია ვაშაყმაძესთან ითხოვდა შეხვედრას, მაგრამ ვერ მოახერხა. შემდეგ მათ, ჩვენ, ჟურნალისტებს გვთხოვეს დახმარება, რომ ხმა მიგვეწვდინა ვაშაყმაძისთვის.
ჩვენ გამგებლის მოვალეობის შემსრულებელს რამდენჯერმე დავურეკეთ, მაგრამ ზარებს არ უპასუხა.
ორშაბათი დღე კი ისე დაღამდა, გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ილია ვაშაყმაძე ხალხს არ შეხვედრია.