ეს ამბავი შემაშფოთებელია რიგითი ადამიანებისთვის. “გურია ნიუსთან” მოსაუბრე მრავალი მოქალაქე ღიად აფიქსირებს საკუთარ აზრს: _ წინასაარჩევნო პერიოდში, როცა ხელისუფლება გამალებულ ფაცი-ფუცშია და დრო და დრო ის ხალხს ხან მიწის ნაკვეთის უფასო რეგისტრაციას, ხან წყლის გადასახადისგან გათავისუფლებას და ხანაც _ ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისს სთავაზობს, ამ ფონზე პურის უბოდიშოდ გაძვირებასაც უპრობლემოდ ახერხებს: _ თუ აქამდე არჩევნების დამთავრებას მაინც უცდიდნენ და მერე დაასხდებოდნენ ხალხს ზურგზე ხარჯების ამოსაწოვად, ახლა მანამდეც ვერ მოითმინეს და ვითომ რაღაცეების გაიაფების ფონზე, არსებობის წყაროს გვიძვირებენ. ეს ხელისუფლებაა? _ ამბობს ერთ-ერთი რესპონდენტი.
მოსახლეობისთვის შემაშფოთებელი და გამაღიზიანებელი კიდევ ის “არგუმენტირებული” საბაბიც გახდა, რის მიხედვითაც, თურმე, ამ პერიოდში, ანუ შუა ზაფხულში ფქვილის მარაგი ცოტაა, დგება ახალი მოსავლის აღების დრო, ამიტომაც ძვირდება პური, შემოდგომისთვის კი, ალბათ, ისევ გაიაფდება.
ჩვენს მკითხველს ერთ წიაღსვლას შევთავაზებთ, _ გასულ წელს, ზუსტად ამ დროს, პური გაიაფდა! მაშინ ეს ხალხს ძალიან გაუხარდა. საკვირველი ის არის, რომ მაშინ პურის ფქვილის რეალიზატორებს, გაიაფების მიზეზადაც იგივე არგუმენტი ჰქონდათ, _ ახლა, ივლისში, წინასწარი მარაგი ცოტაა, თან ნესტიანი პერიოდია და არსებობს ფქვილის გაფუჭების საშიშროება, ამიტომ, რაც შეიძლება, მალე უნდა გაიყიდოს!
კაცმა რომ თქვას, შარშანდელი არგუმენტი სიმართლესთან უფრო ახლოს იდგა. რა ხდება წელს? როგორც თავად ამბობენ, დღესაც მცირეა მარაგი, მაგრამ ახლა გაძვირებაა საჭირო! შარშან კი გაიაფება იყო უფრო უპრიანი!
“გურია ნიუსი” ოზურგეთის მაღაზიებსა და პურის საცხობებს ეწვია. შპს “ვასაძის პური” ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელია. მარკეტ “ნატალიში” სხვადასხვა სახეობის პურის ფასი და წონა გადავამოწმეთ. ათი ცალი “ქვის” პურიდან, რვა ცალი (თითოეული) 420 გრამის წონის იყო, ერთი ცალი _ 410 გრამის და ერთიც _ 430 გრამის. “ქვის” პურის ღირებულება 60 თეთრი იყო, ახლა კი 70 თეთრი გახდა. ასევე, გაძვირდა შავი პურიც.
როგორც “გურია ნიუსს” სხვა რეგიონებიდან აცნობეს, პური ყველგან გაძვირდა, კერძოდ, ამას გვატყობინებენ ჩვენი კოლეგები ბათუმიდან და ქუთაისიდან.
ჩვენ დავუკავშირდით შპს “ვასაძის პურის” დირექტორს ბიძინა ვასაძეს, პურის გაძვირების გამო, რამდენიმე კითხვით მივმართეთ და ერთობ საკვირველი პასუხები მივიღეთ:
_ ბატონო ბიძინა, რა მიზეზით გაძვირდა პური?
_ წონამ მოიმატა, გაძვირდა? ძველ ფასს დაუბრუნდა _ 60 თეთრად ხომ იყიდებოდა ადრე და ახლაც 60 თეთრია(?) მეტი ხომ არ არის? (?)
_ “ქვის” პური 10 თეთრითაა გაძვირებული. ახლა ავწონეთ თქვენს მარკეტში.
_ მოიცადეთ ერთი წუთით…
ბატონმა ბიძინამ ვიღაცას აშკარად რაღაც ჰკითხა და შემდეგ ჩვენთან საუბარი გააგრძელა:
_ ფქვილს ფასი მოემატა და ამიტომ ხდება ეს.
_ როდის მოემატა და რამდენით?
_ როდიდან გაძვირდა და რამდენით, ამას ვერ გეტყვით, ეს უნდა ჰკითხოთ ფქვილის მწარმოებელს.
_ პურს რომ ფასი მომატებული ჰქონდა თქვენსავე მაღაზიაში, წეღანდელი პასუხით არც თქვენ იცოდით, წონაც მოკლებულია.
_ არ არის მოკლებული, იგივე იჭრება, რაც მანამდე.
_ აკი წეღან მითხარით, წონამ მოიმატაო, ახლა იგივე იჭრება? ყოველი ათი პურიდან რვა ცალი, ცალ-ცალკე იწონის 420 გრამს.
_ ზოგი შეიძლება, ცოტათი განსხვავებული კი იყოს, ძირითადად, ერთნაირია.
_ გასულ წელს “გურია ნიუსმა” იგივე მეთოდით გადაამოწმა პურის წონა და ფასი, მაშინ იგივე “ქვის” პური ღირდა 60 თეთრი და საშუალო წონა იყო 430-440 გრამი.
_ ახლა პურის ფქვილის მარაგი ცოტაა, ასეთ დროს ყოველთვის ასეა _ ახალი მოსავლის აღება ხდება და სანამ ის არ შემოვა, ფასი შედარებით მაღალი იქნება, შემდეგ დაიკლებს, შემოდგომაზე.
“გურია ნიუსი” ოზურგეთის ქუჩებსა და აგრარულ ბაზარში მოქალაქეებს გაესაუბრა პურის გაძვირებასთან დაკავშირებით:
_ პური გაძვირდა, შაქარიც გააძვირეს. ნახეთ, ერთი კილოგრამი შაქრის ფასი 10 თეთრით გაზრდილია. პურს რომ მიძვირებს და მიწის რეგისტრაციას მიიაფებს, ვითომ ჭკუითმატყუებს? პური მჭირდება ყოველ წუთს, ბავშვები რომ არ მომიშივდეს, გათენდება თუ არა კიტრს, კარტოფილს და რაღაცეებს მოვარბენინებ ბაზარში, რომ გავყიდო და პური ვიყიდო. პური გააიაფონ, თუ მაგარი მთავრობაა, მიწის რეგისტრაცია სულ არ მეპიტნავება. პური გაგვიძვირეს და სხვა რა უნდა გაგვიიაფონ მაგათ, რომ ადამიანის გული მოიგონ? _ ამბობს 36 წლის გულო შაინიძე.
_ პურშია ფული, გინდა თუ არ გინდა, სხვა რამ უნდა დათმო და პური იყიდო. წაგვიჭირეს ახლა ყელში და გვახრჩობენ, _ ამბობს 67 წლის ელიზბარ გოგოტიშვილი, _ ამ დროს ვაშლსა და მსხალს ვყიდდი, წელს არაფერს აქვს ფასი. იმდენი ვაშლი და ატამია შემოტანილი, პურის ფულის შოვნა უარესად გაჭირდა და ამათ დრო შეგვირჩიეს. ადამიანი პოლისის გარეშეც გაჩერდება როგორმე და უწყლოდაც უფრო მეტს მოითმენს, ვიდრე _ უპუროდ.
_ რომ გაიძახიან, პური საერთაშორისო ამბების გამო ძვირდებაო, მიწის რეგისტრაცია და წყალი სადმე უფასო გახდა? საქმე იმაშია, რომ ბევრი საერთოდ არ ისურვებს მაგ საარჩევნო შეღავათებს იმიტომ, რომ კუთვნილ მიწას მაინც ვერავინ წაართმევს, წყალი კი საკუთარ ეზოში ჭაშიც აქვს. პურია მთავარი და უსირცხვილოდ გაგვიძვირეს, ისე კი ვითომ ხალხზე ზრუნვით თავგადაკლული არიან, _ ამბობს 70 წლის მარიამ ვასაძე.
73 წლის ფოთოლა ნაცვალაძე ახლა პურის გაძვირებას ყველაზე დიდ უსირცხვილობას უწოდებს: _ სახლი მე არ მაქვს და კარი, ახლა პურიც გააძვირეს. როგორმე სამარეში პურით მაძღარი არ ჩამიშვან, შემახვეწე მაგათ, ჩემი ნენა! _ გვეუბნება ის.
რესპუბლიკური პარტიის წევრი მარინე სუნგულია “გურია ნიუსთან” ამბობს, რომ წინა წლებში პენსიის მომატება და სხვადასხვა “ფოჩიანი კანფეტების” დარიგება არჩევნებამდე ხდებოდა: _ ფასების მომატება პირველადი მოხმარების საგნებზე და საწვავზე კი _ არჩევნების დამთავრების შემდეგ, რათა რაც დახარჯეს, კვლავ ხალხის ზურგზე ამოეღოთ. ახლა, ალბათ, ფიქრობენ, რომ ყველაფერი მოსასწრებია და თუ რაიმეს შეპირდებიან ხალხს, ისევ ხალხის ჯიბიდან უნდა ამოიღონ. ამიტომ დაიწყეს გაძვირება. მოიმატა შაქრის ფასმა, პურის ფასი კი გეომეტრიული პროგრესიით იზრდება. არჩევნებამდე, ვფიქრობ, კიდევ ბევრი რამ გაძვირდება, _ გვითხრა სუნგულიამ.