ეს წესი აწესრიგებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან “სოციალური დაცვის” მუხლში გათვალისწინებული სოციალური დახმარებების დანიშვნასთან და გაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს სოციალური დახმარებების დანიშვნასა და გაცემაზე უფლებამოსილ უწყებას, ადგენს სოციალური დახმარებების სახეებს, მათი დანიშვნისა და გაცემის ძირითად, სახელმძღვანელო პრინციპებს.
იმისათვის, რათა აღნიშნული წესი მორგებოდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2012 წლის საბიუჯეტო რეალიებსა და პარამეტრებს, მიმდინარე წელს საკრებულომ ორჯერ შეიტანა ცვლილებები და დამატებები ამ წესში: _ პირველად _ 2012 წლის 18 იანვარს, მეორედ კი _ სულ ახლახან, 04 ივლისს, რის შედეგადაც კიდევ უფრო მეტად დაზუსტდა და დაიხვეწა ხსენებული დოკუმენტი და დაემატა სოციალური დახმარების რამდენიმე ახალი სახე.
ამჯერად წარმოგიდგენთ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მიერ საკუთარი მოსახლეობისათვის შეთავაზებული სოციალური დახმარებების პაკეტის სრულ მიმოხილვას.
თავიდანვე უნდა აღინიშნოს, რომ, საკრებულოს გადაწყვეტილებით, სოციალური დახმარება ორი სახისაა: ფულადი და არაფულადი.
1) ფულად სოციალურ დახმარებებში შედის: ა) მშობიარეთა 50% თანადაფინანსება (სოციალური დახმარების ამ სახეს ბოლო ცვლილებამდე “ახალშობილთა ოჯახების დახმარება” დახმარება ერქვა); ბ) მრავალშვილიანი ოჯახების სოციალური დახმარება; გ) ხანდაზმულ (100 და მეტი წლის ასაკის) პირთა ფულადი დახმარება; დ) იძულებით გადაადგილებულ პირთა _ დევნილთა დახმარება; ე) სტიქიური მოვლენების შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი და მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი ოჯახების დახმარება; ვ) ომის ვეტერანთა დახმარების პროგრამა; ზ) 18 წლამდე ასაკის ბავშვების სასწრაფო სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება; თ) ეკონომიურად შეჭირვებულ მოქალაქეთა სამედიცინო მომსახურების პროგრამა; ი) უპატრონო მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურება; კ) უსინათლოთა ერთჯერადი დახმარების პროგრამა; ლ) თირკმლის უკმარისობით დაავადებულ პირთა დახმარების პროგრამა; მ) ომის ვეტერანთა სარიტუალო მომსახურება; ნ) დედ-მამით ობოლი 18 წლამდე ასაკის ბავშვების ერთჯერადი დახმარება; ო) ეკონომიურად შეჭირვებულ ოჯახებზე სათბობის (შეშის) შეძენის ხარჯები.
ამათგან მრავალშვილიანი ოჯახების სოციალური დახმარება და თირკმლის უკმარისობით დაავადებულ პირთა დახმარების პროგრამა ყოველთვიური ხასიათისაა და მთელი წლის განმავლობაში გაიცემა, ხოლო ფულადი სოციალური დახმარების სხვა დანარჩენი სახეები ერთჯერადი ხასიათისაა და მათი გაცემა ერთჯერადად ხდება.
2) არაფულადი სოციალური დახმარებები მოიცავს: ა) უკიდურესად შეჭირვებულ, ოჯახის მზრუნველობამოკლებულ პირთა ყოველდღიური ერთჯერადი კვებით უზრუნველყოფა; ბ) სოციალურად დაუცველ ბავშვთა დღის ცენტრის პროგრამული თანადაფინანსება; გ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დახმარების პროგრამა.
ახლა კი უფრო დეტალურად ცალკეული მათგანის შესახებ.
1. ფულადი სოციალური დახმარებები
მშობიარეთა 50%-იანი თანადაფინანსება და მრავალშვილიანი ოჯახების სოციალური დახმარება
საგულისხმოა ის გარემოება, რომ შეიცვალა ადგილობრივი ხელისუფლების მიდგომა სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დახმარებასთან მიმართებაში, _ გასული, 2011 წლიდან მოყოლებული პირველად იქნა შემოღებული ე. წ. “ქულობრივი” კრიტერიუმები. ასე, მაგალითად, იმისათვის, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა მრავალშვილიანმა (იგულისხმება ოთხი და მეტი შვილი) ოჯახმა, ან ოჯახმა, რომელსაც ახალშობილი შეეძინა, მიიღოს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დახმარება, სხვათა გვერდით, დამატებით კიდევ ორ კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს: პირველი, რეგისტრირებული უნდა იყოს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მეორე, ოჯახის სარეიტინგო ქულა უნდა იყოს: ა) 57.000-ზე მეტი და არ აღემატებოდეს 150.000-ს _ მრავალშვილიანი ოჯახების ყოველთვიური დახმარების შემთხვევაში; ბ) 70.000-ზე მეტი და არ აღემატებოდეს 150.000-ს _ მშობიარეთა 50%-იანი თანადაფინანსების შემთხვევაში. ანუ პირველ (ე.ი. მრავალშვილიანი ოჯახების ყოველთვიური დახმარების) შემთხვევაში ბენეფიციარი (სოციალური დახმარების მიმღები) შეიძლება იყოს მხოლოდ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ის ოჯახი, რომელიც სახელმწიფოსაგან სარგებლობს სამედიცინო პოლისით, მაგრამ არ ღებულობს ფულად შემწეობას, ხოლო მეორე შემთხვევაში კი მშობიარეთა 50%-იანი თანადაფინანსების სუბიექტები შესაძლებელია იყოს ასევე მხოლოდ მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ის ოჯახი, რომელსაც ახალშობილი შეეძინა და რომელიც სახელმწიფოსაგან არ სარგებლობს არც სამედიცინო პოლისით და არც ფულადი შემწეობით.
აღსანიშნავია, რომ როგორც მშობიარეთა 50% თანადაფინანსების, ისე მრავალშვილიანი ოჯახების შემთხვევაში დახმარების დასანიშნად ან მისაღებად მშობლებმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: ა) წერილობითი განცხადება; ბ) მშობლების პირადობის მოწმობის ასლები; გ) მშობლების ქორწინების მოწმობის ასლი (არსებობის შემთხვევაში); დ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს ოზურგეთის განყოფილებიდან ოჯახის სარეიტინგო ქულის შესახებ.
გარდა ამისა, მშობიარეთა 50%-იანი თანადაფინანსების შემთხვევაში დახმარების მისაღებად ახალშობილის მშობელმა უნდა წარადგინოს კიდევ ახალშობილის დაბადების მოწმობის ასლი და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის _ რწმუნებულის აქტი საცხოვრებელი ადგილის დადასტურების შესახებ, ხოლო მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების შემთხვევაში კი _ ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები, ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები და რწმუნებულის ან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი მაჟორიტარი წევრის რეკომენდაცია აქტის სახით.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მრავალშვილიანი ოჯახები, რომლებსაც ჰყავთ ოთხი და მეტი 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვანი შვილი, ყოველთვიურ ფულად დახმარებას მიიღებენ თითოეულ ბავშვზე 25 ლარის ოდენობით.
საგანგებოდ უნდა გაესვას ხაზი იმ გარემოებას, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2012 წლის სოცპაკეტი ითვალისწინებს აგრეთვე იმ მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების შესაძლებლობას, რომელთა სარეიტინგო ქულა შეადგენს 0-დან 57.000-ს (ეს მრავალშვილიანი ოჯახების ის კატეგორიაა, რომლებიც სახელმწიფოსაგან უკვე იღებენ ფულად შემწეობას და სამედიცინო პოლისითაც სარგებლობენ); კერძოდ, მათ წელიწადში სამჯერ მიეცემათ 100-ლარიანი დახმარება _ სააღდგომოდ, სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით და საახალწლოდ. ამისათვის მათ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის კანცელარიაში იგივე საბუთები უნდა წარადგინონ, რაც მრავალშვილიანი ოჯახების ყოველთვიური დახმარების შემთხვევაში უნდა იქნას წარდგენილი.
რაც შეეხება მშობიარეთა 50%-იანი თანადაფინანსების შემთხვევაში მშობიარეთა ოჯახებისთვის ერთჯერადი ფულადი დახმარების ოდენობას, იგი განისაზღვრება მშობიარეთა 50% თანადაფინანსებით, მაგრამ არა უმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა. გადარიცხვა ხდება ფიზიკური პირის მიერ გახსნილ პირად ანგარიშზე ან სამედიცინო დაწესებულებაში.
ხანდაზმულ პირთა დახმარება
ერთჯერადი ფულადი დახმარებაა გათვალისწინებული ხანდაზმულ (100 და მეტი წლის ასაკის) პირთათვის _ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ თითოეულ ხანდაზმულ პირზე ერთჯერადად გასაცემი ფულადი თანხის ოდენობა განისაზღვრება 200 (ორასი) ლარის ოდენობით.
დახმარების მისაღებად ხანდაზმული (100 და მეტი წლის ასაკის) პირის ან მისი ოჯახის სრულწლოვანი წევრის მიერ გამგეობაში წარდგენილი უნდა იქნას: ა) ხანდაზმული პირის (ან ოჯახის წევრის) წერილობითი განცხადება; ბ) ხანდაზმული პირის პირადობის მოწმობის ასლი; გ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი _ თუ განმცხადებელი ხანდაზმული პირის ოჯახის სრულწლოვანი წევრია.
იძულებით გადაადგილებულ პირთა _ დევნილთა დახმარების პროგრამა
სოციალური დახმარებების პაკეტი ითვალისწინებს იძულებით გადაადგილებულ პირთა _ დევნილთა დახმარების მუნიციპალურ პროგრამას. კერძოდ, ეს პროგრამა მოიცავს:
1) ზამთრისათვის საჭირო საშეშე მერქნის შესაძენად ოზურგეთის მუნიციპალიტეტში აღრიცხვაზე მყოფ იძულებით გადაადგილებულ პირთა _ დევნილთა თითოეული ოჯახისათვის 150 (ასორმოცდაათი) ლარამდე თანხით ერთჯერად დახმარებას;
2) იძულებით გადაადგილებული პირის _ დევნილის გარდაცვალების შემთხვევაში, სარიტუალო ხარჯის სახით, გარდაცვლილის ოჯახზე ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემას 200 (ორასი) ლარის ოდენობით;
3) ერთჯერად ფულად დახმარებას ექსტრემალურ სიტუაციაში (ოპერაცია, უბედური შემთხვევა და სხვა). სამწუხაროდ, ზემოაღნიშნულ წესში განსაზღვრული/დაკონკრეტებული არ არის ექსტრემალურ სიტუაციაში ერთჯერადად გასაცემი თანხის ოდენობა
იძულებით გადაადგილებულ პირთათვის _ დევნილთათვის გათვალისწინებული ფულადი დახმარების გაცემა მოხდება ბანკის მეშვეობით, თანხის ფიზიკური პირის მიერ გახსნილ ანგარიშზე გადარიცხვით.
დახმარების მისაღებად მოქალაქემ გამგეობაში უნდა წარადგინოს: ა) წერილობითი განცხადება; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) იძულებით გადაადგილებული პირის _ დევნილის დამადასტურებელი საბუთის ასლი; დ) იძულებით გადაადგილებული პირის _ დევნილის გარდაცვალების ცნობა _ დევნილის გარდაცვალების შემთხვევაში; ე) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები.
სტიქიური მოვლენების შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი და მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი ოჯახების დახმარება
სტიქიური მოვლენების, უბედური შემთხვევების შედეგად უსახლკაროდ და მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფ შეჭირვებულ ოჯახებს, რომლებიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრობენ, უფლება აქვთ მოითხოვონ ერთჯერადი დახმარება.
ამ მიზნით, მოქალაქემ გამგეობაში უნდა წარადგინოს: ა) წერილობითი განცხადება; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი.
სტიქიური მოვლენების შედეგად უსახლკაროდ დარჩენილ და მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფ შეჭირვებულ ოჯახთა მდგომარეობას შეისწავლის ოზურგეთის მუნიციპალიტეტში შექმნილი უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების შემსწავლელი დროებითი კომისია. ეს უკანასკნელი, კომისიური წესით, შეარჩევს პრიორიტეტულად მიჩნეულ რამდენიმე ოჯახს. დახმარება, პირველ რიგში, გაეწევათ: უბედური შემთხვევების შედეგად უსახლკაროდ დარჩენილ შეჭირვებულ ოჯახებს; სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ მრავალშვილიან ოჯახებს; ოჯახებს, რომელთა წევრებიც არიან პენსიონერები, უმუშევრები, შრომისუუნარონი, ომის ვეტერანები, ინვალიდები; მარტოხელა დედებს, რომელთაც კმაყოფაზე ჰყავთ არასრულწლოვანი შვილები.
თანხის გაცემა ხდება ბანკის მეშვეობით, განმცხადებლის პირად ანგარიშზე გადარიცხვით, რისთვისაც განმცხადებელი, მის მიმართ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, გამგეობაში დამატებით წარადგენს ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემებს.
ომის ვეტერანთა დახმარების პროგრამა
ომის ვეტერანთა დახმარების პროგრამა მოიცავს:
1) მეორე მსოფლიო ომის ვეტერანების ერთჯერად ფულად დახმარებას 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით;
2) ომის ვეტერანთა სარიტუალო მომსახურებას _ კერძოდ, საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის მონაწილის ან მეორე მსოფლიო ომის ვეტერანის გარდაცვალების შემთხვევაში დაღუპული ომის მონაწილის (ვეტერანის) ოჯახს უფლება აქვს ისარგებლოს სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებით, 250 (ორასორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
დახმარების მისაღებად დაღუპული ომის მონაწილის (ვეტერანის) ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა გამგეობაში უნდა წარმოადგინოს: ა) წერილობითი განცხადება; ბ) გარდაცვლილი ომის მონაწილის პლასტიკური ბარათი (ასლი) ან ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს ოზურგეთის განყოფილებიდან, რომ გარდაცვლილი იყო ომის მონაწილე პენსიონერი; გ) დაღუპული ომის მონაწილის (ვეტერანის) გარდაცვალების მოწმობა; დ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; ე) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები.
მოცემულ შემთხვევაში “ოჯახის წევრებად” შეიძლება ჩაითვალოს: ა) მშობელი (მშვილებელი); ბ) შვილი (ნაშვილები); გ) მეუღლე; დ) და-ძმა; ე) ბებია-პაპა; რომლებიც ეწევიან საერთო მეურნეობას.
როგორც წესი, თანხის გაცემა ამ შემთხვევაშიც ბანკის მეშვეობით ხდება, განმცხადებლის პირად ანგარიშზე გადარიცხვით.
18 წლამდე ასაკის ბავშვების სასწრაფო სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება
პროგრამის სუბიექტები არიან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები 0-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვები, რომლებიც არ სარგებლობენ სამედიცინო პოლისით (მაგრამ მათი ოჯახები აუცილებლად რეგისტრირებულნი უნდა იყვნენ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და სარეიტინგო ქულა 70.000-ს ზემოთ უნდა ჰქონდეთ). დახმარება გაიცემა თანადაფინანსებით.
დახმარების მისაღებად განმცხადებელმა (მშობელმა) გამგეობაში უნდა წარადგინოს: ა) წერილობითი განცხადება; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ბავშვის პირადობის ან დაბადების მოწმობის ასლი; დ) ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან და ანგარიშფაქტურა; ე) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს ოზურგეთის განყოფილებიდან ოჯახის სარეიტინგო ქულის შესახებ.
ეკონომიურად შეჭირვებულ მოქალაქეთათვის სამედიცინო მომსახურების პროგრამაპროგრამის თანახმად, ეკონომიურად შეჭირვებულ პირს, რომელიც სასწრაფო სამედიცინო მომსახურებას საჭიროებს, მაგრამ არ ექვემდებარება სახელმწიფო პროგრამით დაფინანსებას, უფლება აქვს მოითხოვოს სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება.
დახმარების მისაღებად განმცხადებელმა გამგეობაში უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: ა) წერილობითი განცხადება; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა (ფორმა #100), ან ანგარიშფაქტურა მკურნალობის ან ქირურგიული ოპერაციის ღირებულების შესახებ; დ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს ოზურგეთის განყოფილებიდან ოჯახის სარეიტინგო ქულის შესახებ.
საკითხის გადაწყვეტისას მხედველობაში მიიღება/პრიორიტეტი მიენიჭება ეკონომიურად შეჭირვებულ მოქალაქეთა რამდენიმე კატეგორიას: ა) ონკოლოგიური სენით დაავადებულ მოქალაქეებს; ბ) პენსიონერებს, ომის ვეტერანებს, ინვალიდებს; გ) მარტოხელა დედებს, რომელთაც კმაყოფაზე ჰყავთ არასრულწლოვანი შვილები; დ) მრავალშვილიან ოჯახებს; ე) უბედური შემთხვევების გამო, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში მყოფ მოქალაქეებს.
დახმარება გაიცემა არა უმეტეს 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, ხოლო განსაკუთრებით მძიმე შემთხვევაში კი _ უფრო მეტი თანხითაც, სათანადო დასაბუთების საფუძველზე (შესაძლებელია დახმარება გაიცეს მედიკამენტების სახით). თანხის გაცემა ხდება ბანკის მეშვეობით, ან განმცხადებლის პირად ანგარიშზე გადარიცხვით (რისთვისაც განმცხადებელი, მის მიმართ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, გამგეობაში დამატებით წარადგენს ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემებს), ან თანხა ჩაირიცხება სამედიცინო დაწესებულების ანგარიშზე, წარმოდგენილი ანგარიშფაქტურის შესაბამისად.
უპატრონო მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურების ხარჯის ანაზღაურება
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები უკიდურესად მძიმე ეკონომიურ პირობებში მყოფი მარტოხელა, უპატრონო მოქალაქის გარდაცვალების შემთხვევაში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი ითვალისწინებს უპატრონო მიცვალებულის სარიტუალო მომსახურების ხარჯის ანაზღაურებას. კერძოდ, უპატრონო მიცვალებულის სარიტუალო მომსახურების ხარჯის ანაზღაურების სახით, თანხა გაიცემა ერთჯერადად, 200 (ორასი) ლარის ოდენობით.
სარიტუალო მომსახურების თანხის მისაღებად გამგეობაში წარდგენილი უნდა იქნას: ა) დაკრძალვის ხარჯის გამღები პირის წერილობითი განცხადება; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) გარდაცვალების მოწმობა; დ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს ოზურგეთის განყოფილებიდან გარდაცვლილის ოჯახის შემადგენლობისა და სოციალური მდგომარეობის შესახებ.
უსინათლოთა ერთჯერადი დახმარების პროგრამა
უსინათლოთა ერთჯერადი დახმარების პროგრამა ითვალისწინებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები უსინათლო (პირველი ჯგუფის) ინვალიდი მოქალაქეების ერთჯერად მატერიალურ დახმარებას.
დახმარების მიღების მსურველებმა გამგეობაში უნდა წარადგინონ: ა) განცხადება; ბ) პირადობის მოწმობის ასლი; გ) ინვალიდობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
დახმარების გაცემა, როგორც წესი, ხდება ბანკის მეშვეობით, ფიზიკური პირის მიერ გახსნილ პირად ანგარიშზე. თუმცა კი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესში, სამწუხაროდ, სახელდებით მითითებული არ არის, თუ კონკრეტულად რა ოდენობის ერთჯერად მატერიალურ დახმარებაზეა საუბარი მოცემულ შემთხვევაში.
დედ-მამით ობოლი 18 წლამდე ასაკის ბავშვების ერთჯერადი დახმარება
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2012 წლის სოცპაკეტი ითვალისწინებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები დედ-მამით ობოლი 18 წლამდე ასაკის ბავშვების ერთჯერად მატერიალურ დახმარებას. ანალოგიური დახმარებით შესაძლებელია ისარგებლონ ასევე მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა სტუდენტებმაც, რომლებიც აღნიშნულ კატეგორიას მიეკუთვნებიან.
დახმარების მიღების მსურველებმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარადგინონ: ა) მეურვის განცხადება და პირადობის მოწმობის ასლი; ბ) ცნობა მეურვეობის შესახებ; გ) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი; დ) სტუდენტის მოწმობა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დედ-მამით ობოლ 18 წლამდე ასაკის ბავშვებს, ასევე ამ კატეგორიის სტუდენტებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ერთჯერადი მატერიალური დახმარება მიეცემათ 300 (სამასი) ლარის ოდენობით.
დახმარების გაცემა, ტრადიციულად, მოხდება ბანკის მეშვეობით, ფიზიკური პირის მიერ გახსნილ ანგარიშზე თანხის გადარიცხვით.
თირკმლის უკმარისობით დაავადებულ პირთა დახმარების პროგრამა
სოციალური დახმარების ეს სახე ყოველთვიური ხასიათისაა, ანუ ყოველთვიურად გაიცემა მთელი წლის განმავლობაში. აღნიშნული პროგრამის არსი შემდეგში მდგომარეობს: ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები თირკმლის უკმარისობით დაავადებული მოქალაქე, რომელიც დიალიზის მკურნალობის კურსს გადის ქ. ბათუმსა და საქართველოს სხვა ქალაქებში, მიეცემათ დახმარება მგზავრობის თანხის ასანაზღაურებლად. ამ კატეგორიის პირები, ფულადი დახმარების სახით, ყოველთვიურად 120 (ასოცი) ლარს იღებენ.
დახმარების მიღების მსურველებმა გამგეობაში უნდა წარადგინონ: ა) განცხადება; ბ) პირადობის მოწმობის ასლი; გ) ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან დიალიზის პროგრამაში მონაწილეობის შესახებ.
დახმარება გაიცემა ბანკის მეშვეობით, ფიზიკური პირის მიერ გახსნილ ანგარიშზე თანხის გადარიცხვით.
ეკონომიურად შეჭირვებულ ოჯახებზე სათბობის (შეშის) შეძენის ხარჯის პროგრამა
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2012 წლის სოციალური პაკეტი ითვალისწინებს ასევე ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მარტოხელა და უკიდურესად შეჭირვებულ მდგომარეობაში მყოფი ოჯახების ერთჯერად ფულად დახმარებას სათბობის შესაძენად. სამწუხაროდ, ერთჯერადად გასაცემი კონკრეტული თანხის ოდენობა დოკუმენტში განსაზღვრული არ არის.
დახმარების მისაღებად გამგეობაში წარდგენილი უნდა იქნას: ა) წერილობითი განცხადება; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ცნობა ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელიდან _ რწმუნებულიდან ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ; დ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს ოზურგეთის განყოფილებიდან.
დახმარების გაცემა მოხდება ბანკის მეშვეობით, ფიზიკური პირის მიერ გახსნილ პირად ანგარიშზე თანხის გადარიცხვით.
2. არაფულადი სოციალური დახმარებები
გარდა ზემოთაღნინული ფულადი სოციალური დახმარებებისა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოცპაკეტი ითვალისწინებს აგრეთვე არაფულად სოციალურ დახმარებებსაც _ 2012 წლისთვის ასეთი სამი პროგრამა მუშაობს. ესენია:
უკიდურესად შეჭირვებულ, ოჯახის მზრუნველობამოკლებულ პირთა ყოველდღიური ერთჯერადი კვებით უზრუნველყოფა
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები უკიდურესად შეჭირვებული, ოჯახის მზრუნველობას მოკლებული პირი შეიძლება იყოს არაფულადი სოციალური დახმარების მიმღები, ყოველდღიური უფასო ერთჯერადი კვებით უზრუნველყოფის სახით.
დახმარების მისაღებად ამ კატეგორიის პირმა გამგეობაში უნდა წარადგინოს: ა) წერილობითი განცხადება; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი.
საკითხს შეისწავლის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დახმარების, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმიანობის სამსახური და ამზადებს დასკვნას. საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის გამგებელი.
სოციალურად დაუცველ ბავშვთა დღის ცენტრის პროგრამული თანადაფინანსება
აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის _ “მომავლის სხივში” მყოფი უკიდურესად შეჭირვებული ბავშვების ორჯერადი კვებით უზრუნველყოფის თანადაფინანსებას.
მომსახურება ხორციელდება ყოველდღე 14.00 საათიდან 18.00 საათამდე (გარდა, შაბათ-კვირისა და სადღესასწაულო დღეებისა).
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დახმარების პროგრამა
პროგრამა ითვალისწინებს გურიის რეგიონის ინვალიდთა ასოციაციასთან არსებულ დღის ცენტრში 18 წელს გადაცილებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაფინანსებას, რომელიც მოიცავს:
ა) ბენეფიციართა ყოველდღიური მომსახურება (შაბათ-კვირისა და უქმე დღეების გარდა) ორჯერადი კვებით _ სადილითა და სამხრით;
ბ) ბენეფიციართა სატრანსპორტო უზრუნველყოფის მომსახურებას;
გ) საყოფაცხოვრებო და პროფესიული უნარჩვევების განვითარებას;
დ) საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტულ-გამაჯანსაღებელი ღონისძიებების დაფინანსებას;
ე) ბენეფიციართა სანიტარულ-ჰიგიენური და ფსიქოლოგიური მომსახურების უზრუნველყოფას.
ასეთი გახლავთ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მიერ გათვალისწინებული სოციალური დახმარებების პაკეტის მიმოხილვა.
იმ პირთა საყურადღებოდ, რომლებიც ხვდებიან ამ სოცპაკეტში გათვალისწინებული სოციალური დახმარებების მიღების უფლების მქონეთა კატეგორიაში, აღვნიშნავთ, რომ დახმარების მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია წარდგენილი უნდა იქნას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის კანცელარიაში, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მთავარი ადმინისტრაციული შენობის პირველ სართულზე მდებარეობს (მისამართი: ქ. ოზურგეთი, მ. კოსტავას ქ. #1).
იმ შემთხვევაში, თუ თქვენ თვლით, რომ პრობლემები გექმნებათ კუთვნილი დახმარების მიღების საქმეში, შეგიძლიათ კონსულტაციებისა და დახმარებისათვის მოგვმართოთ “საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირის” ოფისში (მისამართი: ქ. ოზურგეთი, გ. ეპისკოპოსის ქ. #25, ბ. 14; საკონტაქტო ტელეფონი: (496) 27 45 47; მობ.: 599 58 75 74 ან 599 27 45 79).
ირაკლი პაპავა, “საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირის” იურისტი