“გურია ნიუსის” ინფორმაციით, ქალაქ ოზურგეთის რწმუნებული კახა მეგრელიშვილი ქალაქში დასაქმებულ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლებს იბარებს და ეუბნება, პრობლემური გყავს დეიდა, მამიდა, ბიძა და ა.შ. და გააჩერეო. წყაროს თქმით, რა თქმა უნდა, პრობლემურობაში პოლიტიკურ შეხედულებები იგულისხმება.
მსგავს ინფორმაციებს “გურია ნიუსს” არა ერთი საჯარო მოხელე აწვდის.
_ რა ვქნა, ჩემი ბიძია თუ ოპოზიციას უთანაგრძნობს, როგორ მოვიქცე? ან ბაბუამ თუ თავისი პოზიცია გამოხატა და სადღაც ქალაქში, მეზობლებში დააფიქსირა საკუთარი აზრი, სად ვდიო?
_ დამიძახეს და მითხრეს, შენი და განსხვავებული აზრის ყოფილა და გააჩერეო. რომ ვუთხარი ჩემს დას, გაგიჟდა, ეგეთი ბრალდება მეკუთვნის, სააკაშვილის ჩამოსვლაზე იმდენ ხალხი რომ მომყავდაო? – ეს დატუქსული საჯარო მოხელეების გამონათქვამებია.
საინტერესოა ერთი დეტალიც _ უშიშროების ყოფილი უფროსის ოზურგეთში, სამხარეო პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელის, ახლა კი გურიის სამაშველო სამსახურის უფროსის შალვა ბოლქვაძის სიმამრი აკაკი ჭელიძე “კოალიცია ქართული ოცნებასთან” მეტად დაახლოებული პირია _ კონკრეტულად ის ბიძინა ივანიშვილის ძმასთან ადიკო ივანიშვილთან ახლობლობს და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში “ინფო 9”-ის ჟურნალისტების მძღოლია. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვში გავრცელებული ინფორმაციით, შალვა ბოლქვაძესა და მის სიმამრს შორის, ამის გამო, სულ დავაა. ამბობენ იმასაც, შალვას სიმამრი იქ თავისით კი არ “აღმოცენდა”, არამედ სპეციალურად არის “ჩანერგილიო”. თუმცა, მსგავს ინფორმაციებს აკაკი ჭელიძე “გურია ნიუსთან” უარყოფს და ადასტურებს მხოლოდ ერთს, რომ ის დღეს “ინფოს 9”-ის მძღოლია.
“გურია ნიუსი” ინფორმაციის გადასამოწმებლად კახა მეგრელიშვილს დაუკავშირდა.
_ ბატონო კახა, ჩვენი წყაროს ინფორმაციით თქვენ ატარებთ სპეციალურ თათბირებს, სადაც საჯარო მოხელეებს ავალდებულებთ, რომ მათი ოპოზიციური შეხედულების ნათესავები, ახლობლები, ოჯახის წევრები, მეზობლები ხელისუფლების მხარეზე უნდა გადმოიყვანონ. რამდენად შეესაბამება ეს ინფორმაცია სინამდვილეს?
_ არანაირად არ შეესაბამება ეს ინფორმაცია სიმართლეს. მომიყვანეთ და მანახეთ, ვინც ეს გითხრათ.
_ ბატონო კახა, ამას ვერ გავაკეთებთ ჩვენი რესპონდენტის უსაფრთხოებიდან გამომდინარე.
_ აბა, მაშინ რა ვქნა? მე გეუბნებით, რომ არ არის სიმართლე, _ გვითხრა მეგრელიშვილმა.
“გურია ნიუსთან” საუბარში უშიშროების ყოფილი უფროსის სიმამრი აკაკი ჭელიძე აღნიშნავს, რომ ის ბოლო წლებში აკვაპარკ “ციცინათელაში” მძღოლად მუშაობდა, ახლა კი “ინფო 9-ს” მძღოლია ჩოხატაურში.
_ რა შუაშია ადიკო ივანიშვილთან ახლობლობა ან მეგობრობა ჩემს სამსახურთან? არ ვარ ადიკოს მეგობარი, ორჯერ თუ მყავს ნანახი. არც ჩემი სამსახურის გამო ვდაობ ჩემს სიძესთან, ეგეც რა შუაშია? მე ჩემი ოჯახი მაქვს და მას _ მისი. ვმუშაობდი “ციცინათელაში” მძღოლად და ახლა “ინფოს-9”-ს მძღოლი ვარ. სხვა ალტერნატივა არ მქონდა, მაქვს ოჯახური პრობლემები და ვმუშაობ, რა არის ამაში გასაკვირი? – გვითხრა ჭელიძემ.