ფაქტების გახმაურების მიუხედავად, ქურდობები დღემდე გაუხსნელი იყო. 22 ივლისს, გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ოპერატიული სამძებრო საქმიანობის შედეგად, დააკავეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში, დაბა ლაითურში, დაბა ნარუჯაში და სოფელ ჭანიეთში მომხდარ ძროხის ქურდობაში ეჭვმიტანილები, რომლებმაც მსგავსი დანაშაულის მრავალი ფაქტი აღიარეს. ძროხების ქურდობაში დაკავებულ ეჭვმიტანილებს შორის ერთ-ერთი ქალბატონია, რომელიც დაბა ლაითურიდანაა და ამჟამად ქობულეთის რაიონის ცეცხლაურის მეურნეობის მკვიდრია.
_ ის ქალბატონი, რომელიც ძროხის ქურდობის ფაქტებშია ეჭვმიტანილი, და პოლიციამ გუშინ დააკავა, წლებია, დაბა ლაითურში ცხოვრობდა და ცოლად გაჰყვა ცეცხლაურის მკვიდრს, რომელთან ერთად, თურმე, ძროხებს იპარავდა, ჩემი ინფორმაციით, მათ მრავალი დანაშაული აღიარეს, _ გვითხრა დაბა ლაითურის რწმუნებულმა გულადი ჩაგანავამ.
“გურია ნიუსი,” აღნიშნული ინფორმაციის დასადასტურებლად, დაბა ლიათურის რწმუნებულს პოლიციის წარმომადგენელს არჩილ გორდელაძეს დაუკავშირდა, რომელმაც ფაქტის დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა: _ არ ვარ სამსახურში, მე ვერ გიპასუხებთ, _ გვითხრა გორდელაძემ.