საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ვებგვერდის თანახმად, ამ პროგრამის მიზანია: “ა) სოფლის პირველი რიგის პრობლემების გადაწყვეტა; ბ) თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა ჩართულობის მხარდაჭერა; გ) მოსახლეობასა და თვითმმართველობის ორგანოთა შორის ურთიერთობის გაღრმავება და ურთიერთნდობის აღდგენა; დ) თვითმმართველობის დამოუკიდებლობის გაძლიერება და გამგეობის რწმუნებულის უფლებამოსილების გაზრდა”.
ოფიციალური ინფორმაციით, “სოფლის მხარდაჭერის პროგრამით” თანხის გამოყოფა ხდება უშუალოდ სოფლისთვის. გამოყოფილი თანხის ოდენობა განისაზღვრება სპეციალური ფორმულის საფუძველზე, რომელიც გაიანგარიშება საკრებულოებში შემავალი დასახლებების, ოჯახებისა და მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით. “სოფლის მხარდაჭერის პროგრამით” გათვალისწინებული თანხა გამოყენებული უნდა იქნას სოფლის პირველი რიგის სოციალურ-ეკონომიკურ საჭიროებების დასაფინანსებლად. კერძოდ, ეს შეიძლება იყოს: ა) ადგილობრივი ინფრასტრუქტურის ობიექტების აღდგენა-რეაბილიტაცია მაგ. ხიდის აღდგენა, სოფლის გზის შეკეთება, მოსახლეობის სასმელი წყლით მომარაგების სისტემის შეკეთება, სარწყავი არხების რეაბილიტაცია, ნაპირსამაგრი თუ სანიაღვრეთა გამწმენდი სამუშაოების ჩატარება და ა.შ. ბ) სოფლის კეთილმოწყობის სამუშაოების ჩატარება. მაგ. სოფლის წყაროს მოწყობა, მოსახლეობის თავშეყრის ადგილის მოწყობა, სოფლის სტადიონის შეკეთება, სოფლის კლუბის მოწყობა და ა.შ.
კითხვაზე _ როგორ ხდება “სოფლის მხარდაჭერის პროგრამით” გათვალისწინებული თანხის გამოყენების მიზნობრიობის განსაზღვრა, საქართველოს ხელისუფლების პასუხი ასეთია: _ “სოფლის მხარდაჭერის პროგრამით” გათვალისწინებული თანხის გამოყენების მიზნობრიობის განსაზღვრაზე პასუხისმგებელია შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის რწმუნებული, ამ ადმინისტრაციულ ერთეულიდან არჩეული საკრებულოს წევრთან ერთად. თანხის გამოყენების მიზნობრიობა განისაზღვრება მხოლოდ შესაბამის სოფლის მოსახლეობასთან წინასწარი კონსულტაციის შემდეგ. გამგეობის რწმუნებული, საკრებულოს შესაბამის წევრთან ერთად, ვალდებულია ჩაატაროს სოფლის მოსახლეობის გამოკითხვა, საჭიროების შემთხვევაში ორგანიზება გაუწიოს სოფლის კრების მოწვევასა და ჩატარებას, მოაწყოს საჯარო განხილვები და შეათანხმოს მოსახლეობასთან “სოფლის მხარდაჭერის პროგრამით” სოფელზე გამოყოფილი თანხის გამოყენების მიზნობრიობა.
თუმცა, ბოლო პერიოდში სულ უფრო ცხადი ხდება, რომ პროგრამები მოსახლეობის მიერ შერჩეული პრიორიტეტით არ ხორციელდებოდა. განსაკუთრებით თვალშისაცემია 2010-2011 წლებში გახორციელებული პროექტები. ჩვენ მიერ გამოთხოვილი ოფიციალური დოკუმენტები ცხადჰყოფენ, რომ მოსახლეობის კრების ოქმები ზერელედ არის შედგენილი. ბევრ მათგანს ნომერი და თარიღი არ აწერია. ბევრგან კიდევ იდენტური ხელმოწერებია გაკეთებული, რაც იმის ლოგიკურ ეჭვს აჩენს, რომ კრების და გამოკითხვის ოქმები მოგვიანებით, მას შემდეგ გაკეთდა, რაც “გურია ნიუსმა” სოფლებში გახორციელებული პროგრამების მონიტორინგი დაიწყო.
ამას ისიც ემეტება, რომ სოფლად მცხოვრები ადამიანების უმრავლესობა ვერ იხსენებს კრებას, როცა მსგავსი საკითხები საჯაროდ განიხილეს.
3 წელიწადში დახარჯული რამდენიმე ათასი
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაფარცხმაში, სადაც 260 კომლი ცხოვრობს, 2010 წელს რამდენიმე პროექტი გაკეთდა. ინდმეწარმე მერაბ ცინცაძესთან, ერთ პირთან მოლაპარაკების წესით, 11 461-ლარიანი ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის თანახმად, სოფელში სპორტული მოედნის და საექიმო უბნის, შიდა გზების რემონტი და საქუჩო განათება უნდა გაკეთებულიყო. სპორტული მოედანი დღეს ძალზე უსახურად გამოიყურება _ მას არც ბადე აქვს, არც ჭიშკარი, არც ღობე და დაზიანებულია ასფალტის საფარი.
საექიმო ამბულატორია, რომლის საჭიროებას დღესაც აუცილებლობად ასახელებს სოფლის მოსახლეობა, 2010 წელს გაკეთდა. ამბულატორია, სკოლის შენობაშია განთავსებული. მის გვერდით, რწმუნებულის ოთახიცაა მოწყობილი, რომელიც, რამდენჯერაც მივედით, იმდენჯერ დაკეტილი დაგვხვდა. მიუხედავად იმისა, რომ ამბულატორიის მოწყობაზე დამატებითი თანხები “სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში” 2011 წელსაც გამოიყო იატაკის შესაკეთებლად, იგი დღესაც არ ფუნქციონირებს. ამბულატორიის ოთახში ერთი ძველი სკამი და საწოლი დევს, გარემონტებულ ოთახს კი ბზარები ეტყობა.
შუაფარცხმელები ამბობენ, რომ ამბულატორიის სრულად მოწყობის საკითხი რამდენჯერმე დააყენეს, თუმცა, უშედეგოდ:
_ ოთახი რომ გააკეთეს, ვისთვის გააკეთეს? არც ინვენტარია და არც ექიმი დადის. თვალის ნაოპერაციები კაცი ვარ, ექიმისგან ცნობა რომ ავიღო, ზემოფარცხმაში უნდა ავიდე. ხომ შეიძლება, რომ ექიმი აქაც ამოვიდეს და ის ოთახი სამედიცინო პუნქტს დაემსგავსოს? _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას სოფელ შუაფარცხმაში მცხოვრებმა ჯემალ ცინცაძემ.
2011 წელს, ხელშეკრულება ამჯერად გამარტივებული შესყიდვის წესით, ისევ ინდმეწარმე მერაბ ცინცაძესთან გაფორმდა 5 551 ლარზე. ხელშეკრულების თანახმად, სოფელ შუაფარცხმაში მგზავრთა მოსაცდელი უნდა გაკეთებულიყო და საფერშლო პუნქტში იატაკი უნდა შეეკეთებინათ. მგზავრთა მოსაცდელი, რომელზეც ჟანგმოკიდებული ჭიშკარია ჩამოკიდებული, სკოლის ეზოში დგას და თითქმის ჭაობშია აშენებული. მოსაცდელში პატარა ოთახია, რომელიც როგორც გვითხრეს, მაღაზიისთვის არის განკუთვნილი, თუმცა, უცნობია, ვინ ისარგებლებს მაღაზიის გახსნის პრივილეგიით და რამდენად მოერგება ეს სოფლის პროგრამის მიზნებს.
სოფლის მოსახლეობა აღნიშნავს, რომ მოსაცდელის დანიშნულება, სოფელში, სადაც ავტობუსი არ დადის, გაურკვეველია. თანაც, გასულ წელს გაკეთებულ მოსაცდელს უკვე ბზარები აქვს.
მიმდინარე წელს, პროექტის ფარგლებში შუაფარცხმაში წისქვილი გააკეთეს, რომელიც 11 412 ლარი დაჯდა:
_ ეს არის პროექტი, რომელიც სოფელს ნამდვილად სჭირდება, _ აღნიშნავენ შუაფარცხმელები, თუმცა, საექიმო ამბულატორიის მსგავსად, წისქვილის ამუშავებაც პრობლემაა.
_ როგორც გვითხრეს, დარეგისტრირება უნდა მოხდეს, მრიცხველი დაიდგას, რაც საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. საექიმო პუნქტი გააკეთეს და არ ფუნქციონირებს. ეს წისქვილიც თუ მასე იქნება, რა აზრი ჰქონდა მის გაკეთებას? _ აღნიშნეს ჩვენთან საუბრისას შუაფარცხმელებმა.
უნდა ითქვას ისიც, რომ ელექტროგაყვანილობა, რომლითაც წისქვილში დენი შედის, საკმაოდ გაუმართავია _ ერთმანეთში გადახლართული სადენები ავარიულ ბოძებზეა მიმაგრებული.
ჯერჯერობით არ დაწყებულა სოფლის შიდა გზების მოხრეშვა, რომლისთვისაც, ოფიციალური დოკუმენტის თანახმად 3554 ლარია გამოყოფილი. შუაფარცხმელების თქმით, გასული წლების მაგალითის მიხედვით, გზების მოხრეშვა უშედეგო იქნება, რადგან იგი მხოლოდ რამდენიმე დღე _ გაწვიმებამდე ძლებს.
არადა, შუაფარცხმაში, როგორც შიდა გზები, ასევე ცენტრალური გზა ავარიულია და განსაკუთრებით წვიმიან ამინდში გავლა შეუძლებელია. დაზიანებულია სასაფლაოსთან მიმავალი გზაც, რაც შუაფარცხმელების განმარტებით პრობლემებით დატვირთულ სოფელს კიდევ მეტს პრობლემას უქმნის. ამას ისიც ემატება, რომ სოფელში არ არსებობს სანიაღვრე არხები, შესაბამისად წვიმების დროს, ეზოები და სასაფლაო იტბორება.