”არ ვიცით მიზეზი, არც არავინ გვიხსნის რამეს, მარჩიელობის დონეზე ვერაფერს ვიტყვი, რადგან ის ორგანოები, ვისგანაც არგუმენტირებულ პასუხს უნდა ვიღებდე, არაფერს მეუბნებიან, აბსოლუტურად პარალიზებულები ვართ” – აცხადებს აქუბარდია “გურია ნიუსთან” საუბარში.
საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის ანგარიში ”პროგრესბანკში” 25 ივლისს დაყადაღდა. ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მეორე დღესვე სცადა მიზეზის დადგენა, მიმართა პროკურატურას, სასამართლოს, ბანკს, თუმცა პასუხი ვერავისგან მიიღო. ორგანიზაციას ამ დრომდე არ ჩაბარებია სასამართლოს განჩინება საბანკო ანგარიშის დაყადაღების შესახებ.
”30 ივლისს მივიღეთ წერილი,რომელსაც ხელს აწერს საქალაქო სასამართლოს კანცელარიის განყოფილების სისხლის სამართლის საქმეთა სექტორის უფროსი ნიკოლოზ მარგველაშვილი, თუმცა დაყადაღების მიზეზი მაინც ვერ გავიგეთ”-აცხადებს თეონა აქუბარდია გურიანიუსთან საუბარში.
აღსანიშნავია, რომ 25 ივლისს დაყადაღდა “პროგრესბანკის” მფლობელის კახი კალაძის ანგარიშები, თუმცა როგორც თეონა აქუბარდია ამბობს, კალაძემ დაყადაღების მიზეზი მაინც იცოდა, რადგან მაშინვე მიიღო სასამართლო განჩინება.
საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის (GDRI) დამოუკიდებელი, არაკომერციული ორგანიზაციაა, რომელიც 2011 წელს დაფუძნდა. ამ ორგანიზაციის მიზანი საქართველოში საზოგადოებრივი პოლიტიკის ცოდნის დონის გაუმჯობესებაა. ორგანიზაციის დამფუძნებლები იყვნენ გია ხუხაშვილი, რომელმაც მიმდინარე წლის მარტში დატოვა თანამდებობაც და საბჭოც, ზაზა შათირიშვილი და ვახტანგ ხმალაძე. ხუხაშვილის წასვლის შემდეგ, მისი ადგილი თეონა აქუბარდიამ დაიკავა.
”ჩვენი ორგანიზაცია მაქსიმალურად ცდილობდა ყოფილიყო ხელმისაწვდომი და გამჭვირვალე როგორც სახელისუფლებო ორგანიზაციებისთვის, ასევე მედიისთვის, საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის. ამიტომ ვერ გაგვიგია, რა შეიძლებოდა გამხდარიყო ანგარიშის დაყადაღების საფუძველი”-აცხადებს თეონა აქუბარდია “გურია ნიუსთან” საუბარში. მისი თქმით, ანგარიშის დაყადაღების შემდეგ ორგანიზაცია ვეღარ ახორციელებს ნაკისრ ვალდებულებებს, ვერ იხდის თანამშრომელთა ხელფასებს.
უკავშირდება თუ არა ორგანიზაციის ანგარიშის დაყადაღება კახი კალაძის საქმეს, აქუბარდიამ ამ ეტაპზე არ იცის. სავარაუდოდ, პროკურატურის განმარტება უახლოეს საათებში გავრცელდება.