როგორც ისინი “გურია ნიუსთან” საუბარში ამბობენ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურში, თავიანთ საკუთრებაში ფლობდნენ საკარმიდამო ნაკვეთებს, რომელიც გაყიდულია მათთან შეთანხმების გარეშე და შეუძენია ვინმე ქობულეთელ ბიზნესმენს ჯემალ ცეცხლაძეს.
“ეს მიწები ყველას კერძო საკუთრებაში, დარეგისტრირებული გვქონდა. წარმოგიდგენთ ყველანაირ დოკუმენტაციას, რომ ჩვენია. ახლა აქ მოსახლეობის ძალიან მცირე ნაწილი ვართ შეკრებილი _ არ იცის ხალხმა, რომ მათი მიწები გაყიდულია. ადრე ზვანის უბანს ჰქონდა ცალკე კოლმეურნეობა, სადაც მუშაობდნენ ეს ადამიანები და მიწები გადმოგვცეს კერძო საკუთრებაში. ფლობდნენ საკარმიდამო ნაკვეთებსაც და ჩაის პლანტაციებსაც, მუშაობდნენ დაახლოებით, 20-25 წლის განმავლობაში. ახლა ჩვენი დარეგისტრირებული მიწები ჩუმად გაყიდეს”, _ ამბობენ აქციის მონაწილეები.
კიტა მეგრელიძის ქუჩაზე მცხოვრები ბესიკ ჩხარტიშვილი: _ გვქონდა საკარმიდამო ნაკვეთი დაბა ლაითურის ტერიტორიაზე. ახლა დაუკითხავად ჩამოგვართვეს და გაგვიყიდეს. უყიდია ვიღაც ქობულეთელ ჯემალ ცეცხლაძეს, რომელსაც, როგორც ჩვენ გავიგეთ, გაუსხვისებია იტალიელებზე. ჩავედით ამ მიწის მფლობელთა გარკვეული ნაწილი დაბა ლაითურში საქმის გასარკვევად და არ მიგვიშვეს _ იქ უკვე ტრაქტორები მუშაობდა, გადახნულია ყველაფერი. ეს იყო, დაახლოებით, 2 -3 დღის წინ.
ქეთევან კილაძე: _ დაბა ლაითურში, ჩემს საკარმიდამო ნაკვეთში მქონდა მამაჩემის მიერ გაშენებული თხილი. ახლა გადავწყვიტე, გამეყიდა. მამა დაუძლურდა და მე ვერ უზრუნველვყოფდი პატრონობას. სჭირდება სამკურნალო ფული, ავადაა. როცა მივედი, რომ გადამეფორმებინა იმ პიროვნებაზე, ვისთვისაც უნდა მიმეყიდა, აღმოჩნდა გაყიდული. გავიკითხე და გავიგე, რომ უყიდია ვიღაც ჯემალ ცეცხლაძეს, ქობულეთელი ბიზნესმენს, რომელმაც განგვიცხადა, რომ მე არაფერი არ ვიცი, ელექტრონული წესით შევიძინე ეს ნაკვეთი და მიმართეთ მთავრობასო.
ნუნუ დანელია: _ მქონდა 1 200 კვადრატული მეტრი მიწა და ისიც წამართვა ამ ხელისუფლებამ. 55 წელი ვიმუშავე კოლმეურნეობაში.
აქცია რამდენიმე წუთს გაგრძელდა, რადგან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ილია ვაშაყმაძემ 30-მდე ადამიანი შეხვედრაზე შეიყვანა. შეხვედრაზე, როგორც ამ ბოლოს დროს წესად ექცა ხელისუფლებას, ჟურნალისტები არ დაგვიშვეს.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ილია ვაშაყმაძე “გურია ნიუსთან” საუბარში აცხადებს, რომ ეს საკითხი შესასწავლი და გადასახედია: _ შევხვდი მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს, რომლებიც აცხადებენ, რომ მათი კუთვნილი მიწები გაყიდულია, თუმცა, თვითონაც არ არიან დარწმუნებული, რომ მათ ეს მიწები წაართვეს. ეს საკითხი შესასწავლია. ამიტომ ჯერ თუ არ შევისწავლე საქმე დაზუსტებით, არაფრის თქმა არ შემიძლია. თუმცა, რამდენიმე დღეში აუცილებლად იქნება გარკვეული. მე ვუთხარი მათ, რომ აუცილებლად მოსახლეობის სასიკეთოდ გადაწყდება ყველაფერი, _ ამბობს ვაშაყმაძე.