პრესსამსახურისვე განცხადებით, ხათუნა გოგუაძე არის რომ სოფელ ნატანების მკვიდრის, თეა ნაკაიძის მეგობარი, რომლის ძმა, გია ნაკაიძე არის პატიმარი და ამ ხმებს პატიმრის ვადაზე ადრე გამოსაშვებად ან შეწყალების მისაღებად აგროვებს.
„ქართული ოცნების“ იურიდიული ჯგუფის წევრის გვანცა ძნელაძის განცხადებით : „ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ არჩევნების თარიღი უკვე გამოცხადდა და საარჩევნო კამპანიის დროს, თუკი ადამიანი არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტიური წევრი, კითხვის ნიშანი უკვე ჩნდება, რისთვის და რატომ აწერინებენ ხელს ცარიელ ფურცლებზე.
როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ცარიელ ფურცლებზე აწერინებენ ხელს ადამიანებს ისე, რომ მისი შინაარსი მოქალაქისთვის უცნობია.
გარდა ამისა, ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატი, გოჩა შანიძე ითხოვს უკვე მისჯილი პატიმრების საქმეებს, რომლებიც კანონიერ ძალაშია შესული და განაჩენი გამოტანილია.დეპუტატი არის პოლიტიკური თანამდებობის პირი, საარჩევნო კოდექსის თანახმად, მას აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს წინასაარჩევნო კამპანიაში, სწორედ ამ დროს თუკი იგი პატიმრის ოჯახებისგან იღებს პატიმართა სისხლის სამართლის საქმეებს, საინტერესოა, რაში სჭირდება ეს? ვფიქრობ, ამ ფაქტით შესაბამისი ორგანოები უნდა დაინტერესდეს.“
„ქართულ ოცნებაში“ ასევე აცხადებენ, რომ მოახლოებულია 28 აგვისტო, მარიამობა და მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით ხდება პატიმრების შეწყალება. თუ წინასწარ ხდება დაპირება რაღაცის სანაცვლოდ, ეს არის ამომრჩევლების მოსყიდვა და ამ ფაქტით უნდა დაინტერესდეს, როგორც კონტროლის პალატა, ისე შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოები.
„გურია ნიუსი“ ამ ფაქტთან დაკავშირებით პარლამენტარ გოჩა შანიძეს დაუკავშირდა.
_ გამორიცხულია, ეს არ არის სიმართლე, გამორიცხულია. ჯერ ერთი, ამ საკითხთან საერთოდ შეხება არ მაქვს და როგორ მოვითხოვ პატიმრების საქმეებს? ეს ტყუილია, არასერიოზულია. მე, რამდენიმე შუამდგომლობა მართლა მაქვს გაკეთებული, ეს შუადგომლობა ოფიციალურად კეთდება სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მიმართ, ოღონდ, კეთდებოდა პარლამენტიდან ჩვეულებრივად, როგორც მაჟორიტარი-დეპუტატი ვაკეთებდი ისეთ საქმეებზე, რომელიც შეიძლებოდა გაკეთებულიყო.
_ კონკრეტულად, ვისზე გააკეთეთ შუამდგომლობა.
_ ზეპირად არ მახსოვს, მაგრამ შემიძლია ამოვიღო ეს ინფორმაცია და გითხრათ. ეს ახლა კი არ მომხდარა. პარლამენტის კანცელარიიდან შეგიძლიათ გამოითხოვთ ეს დოკუმენტები.
_ „ქართულ ოცნებაში“ განაცხადეს, რომ პირად საქმეებსაც სწავლობთ პატიმრების.
_ გამორიცხულია, არ შეესაბამება ეს ყველაფერი სიმართლეს.
_ სოფელ ნატანებიდან ხომ არ ყოფილა ვინმე მოსული შუამდგომლობის სათხოვნელად? საკითხთან დაკავშირებით?
_ სოფელ ნატანებიდან იყო ერთი ოჯახი მოსული, ოღონდ ეს იყო 2011 წელს და საქმე ეხებოდა ავტოავარიის შემთხვევას.
ნაციონალური მოძრაობის ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის კომენტარს უახლოეს წუთებში შემოგთავაზებთ.