გარდა ამისა, სოფლის ცენტრში, ცენტრალური მაგისტრალის გასწვრივ მდებარეობს შუხუთის წმინდა გიორგის ეკლესია, რომელსაც დასავლეთ საქართველოდან სტუმრობენ მომლოცველები.
შუხუთის ტერიტორიული ერთეული ორი დიდი სოფლის ჴ ზემო და ქვემო შუხუთისგან შედგება. სოფელში რვაასზე მეტი კომლი ცხოვრობს.
სოფლის დახმარების პროგრამით, 2011 წელს შუხუთის ცენტრში, ეკლესიის გვერდით არსებული სასაფლაო კაპიტალურად შემოიღობა ქვის გალავნით. შუხუთის რწმუნებულის გოჩა მოქიას ინფორმაციით, პროექტზე 19 ათასი ლარი დაიხარჯა. ამავე წლის თანხებით ზემო შუხუთში გაკეთდა ფრენბურთის მოედანი, რაც 11 ათას 819 ლარი დაჯდა. სტადიონი შემოიღობა მავთულბადით, გაკეთდა ჭიშკარი, დამონტაჟდა სკამები. მაგრამ ვერც ღობე და ვერც ჭიშკარი თხების შესვლას მოედნის ტერიტორიაზე ხელს ვერ უშლის.
2011 წლის გაზაფხულზე, როცა შუხუთს მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი სტუმრობდა და ლელოს პოპულარიზაცია პირველად იქცა მთავრობის ზრუნვის საგანი, შუხუთის ცენტრში ლელოს მონუმენტი დაიდგა. ეს პროექტი ქალაქის ინფრასტრუქტურის სამსახურმა განახორციელა, მაგრამ თანხების ნაკლებობის გამო, სოფლის პროგრამის ფარგლებში გადმორიცხული ფულის ნაწილი _ 6 467 ლარი მონუმენტის გარშემო მდებარე ტერიტორიის შემოღობვისა და კეთილმოწყობისთვის დაიხარჯა. ახლად გაკეთებული ლელოს ძეგლი მართლაც კარგი სანახავი იყო, მაგრამ დღეს ეს ადგილი ცოტა მოუვლელის შთაბეჭდილებას ტოვებს. ფილებს შორის ბალახია მოდებული, რაც ქმნის აზრს, რომ იქაურობა მიტოვებულია.
წელს, როცა უკვე შუხუთს პრეზიდენტი სტუმრობდა, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, შუხუთის მკვიდრი რევაზ ჩიტიძე “გურია ნიუსთან” საუბარში აღნიშნავდა, რომ შუხუთში მიმდინარე წელს ლელოს მუზეუმი გაკეთდებოდა. სოფლის ცენტრში მდებარე ყოფილი კულტურის სახლი უნდა გაერემონტებინათ და შენობაში ლელოს მუზეუმი მოეწყოთ. ჯერჯერობით ამ პროექტის გახორციელების ნიშნები არ ჩანს, შენობა კი კვლავაც მიტოვებული და დაზიანებულია და გარემოსაც მნიშვნელოვნად აუშნოებს.
2012 წელს სახელმწიფოს მიერ შუხუთისთვის გამოყოფილი თანხა, დაახლოებით, 10 ათასი ლარით გაიზარდა და 47 ათას 16 ლარი შეადგინა. ამ თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი _ 17 ათას 811 ლარი სოფლის ერთი უბნის წყლით უზრუნველყოფას მოხმარდა. კერძოდ, ქვემო შუხუთში, ლელოს და ეგნატე ნინოშვილის ქუჩებზე მოეწყო წყალგაყვანილობის ქსელი, გაკეთდა სათავე ნაგებობა, გარემონტდა ძველი, კომუნისტების დროინდელი ავზი, საიდანაც წამოსული წყალი მილებით მიიყვანეს ზემოთ აღნიშნულ ქუჩებზე.
როგორც შუხუთის რწმუნებულმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, სოფელი მთლიანად არაა უზრუნველყოფილი მუდმივი წყლით და ამის გაკეთება ეტაპობრივად, მომავალი პროგრამების ფარგლებში იგეგმება: _ 2012 წლის თანხებით ანდრია პირველწოდებულის ქუჩაზე აღდგა ჩანგრეული მცირე გამტარიანობის სამანქანო ხიდი, რომლის ღირებულება 1300 ლარია. ზემო შუხუთში ლელოს ქუჩაზე გაკეთდა გარე განათება, დამონტაჟდა 5 ბოძი. სამუშაოები შეასრულა ინდმეწარმე იოსებ აფხაძემ, ღირებულებაა 1023 ლარი.
ახალგაზრდების მოთხოვნით, ზემო შუხუთის სტადიონზე აშენდა და გარემონტდა გასახდელი. პროექტზე 6845 ლარი დაიხარჯა. სამუშაოები კვლავ ინდმეწარმე იოსებ აფხაძემ შეასრულა. ეს იყო ძველი შენობა და ჩვენ აღვადგინეთ. აქაურების დიდი ნაწილი ითხოვდა გასახდელის გაკეთებას, _ ამბობს რწმუნებული.
ძველი ფანჯრები ახალი მეტალოპლასტმასის ფანჯრებით შეიცვალა, შენობა გადაიხურა კაპიტალურად. შეილესა და შეიღება კედლები. დაისხა ბეტონის იატაკი, ფანჯრებს გაუკეთდა რკინის გისოსები, გაკეთდა ტუალეტი. ხოლო შენობის გვერდით მოეწყო ღია აივანი. ამ ფულის ნაწილით, სტადიონის მოსავლელად შეიძინეს ელექტროცელი.
წლევანდელი თანხის მცირე ნაწილით ქვემო შუხუთის სასაფლაოს ქვის გალავანი გაილაქა. დაიხარჯა 2 956 ლარი. სამუშაოთა მწარმოებელია ინდმეწარმე იოსებ აფხაძე.
ზემო შუხუთში, ერთი კილომეტრის მანძილზე მოხდა საყანე ფართობებისა და საძოვრების გამიჯვნა და გაკეთდა მავთულხლართის ღობე, რომლის ღირებულებამ 8081 ლარი შეადგინა.
სულ ეს პროექტები გახორციელდა სოფელ შუხუთში 2 წლის განმავლობაში. როგორც რწმუნებული აღნიშნავს, ჩატარდა სოფლის კრება, რომელზეც მოსახლეობის მოთხოვნები გაითვალისწინეს და ისე მოხდა პროექტების შერჩევა.
2 წლის წინ, სოფლის ცენტრში, ლანჩხუთის მაჟორიტარი დეპუტატის გიორგი გოგუაძის პირადი ინიციატივით და როგორც სოფელში ამბობენ, მისივე სახსრებით გარემონტდა შენობა, სადაც ფერმერთა სახლი უნდა განთავსებულიყო. შენობა კაპიტალურადაა გარემონტებული, შეღობილია და ეტყობა, ეზოსაც უვლიან, მაგრამ აქ ჯერჯერობით არანაირი ფერმერის სახლი არ არსებობს.
შუხუთის რწმუნებულის წარმომადგენლის თქმით, შენობაც და მიწაც სოფლის საკუთრებაა, თურმე, დეპუტატმა ის პირადი სურვილით და ფულით გაარემონტა, მაგრამ რა ინტერესი ამოძრავებდა პარლამენტარს, რატომ დახარჯა დიდძალი ფული შენობის გარემონტებისთვის, რომელიც დღემდე უფუნქციოთაა დარჩენილი, გაუგებარია. ნებისმიერი შუხუთელი გეტყვით, რომ აქ რამდენიმე წლის წინ ფერმერთა მომსახურების ცენტრის ამოქმედებას გეგმავდნენ, მაგრამ მისი გახსნა უვადოდაა გადადებული.
შუხუთში კიდევ ერთი მშენებლობა ვნახეთ _ გავარკვიეთ, რომ ლანჩხუთის გამგეობის ინფრასტრუქტურული სამსახური აქ სარიტუალო დარბაზს აშენებს, მაგრამ ამას საერთო არაფერი აქვს სოფლის პროგრამების ფარგლებში გახორციელებულ პროექტებთან.